ქართული ცხვრით არაბები აღარ ინტერესდებიან - ფერმერები გამოსავალს ეძებენ

მეცხვარეებს კლიენტები შემოაკლდათ. რეალიზაციის სეზონი სულ ერთი თვეა რაც დაიწყო, თუმცა, ქართული ცხვრის ყველაზე დიდი გურმანები - არაბები ჰორიზონტზეც არ ჩანან.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წელს საქონლის ექსპორტი შარშანდელთან შედარებით 300 ათასი დოლარით შემცირდა და მილიონ-ნახევარი დოლარი შეადგინა. დაბალი მოთხოვნის გამო ცხვარზე ფასებიც დაეცა - 170-დან 150 ლარამდე. მეცხვარეთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დარგი კრიზისშია და მთავრობისგან კომპლექსური სტრატეგიის შემუშავებას მოითხოვენ. არცთუ ტყუილად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ემბარგოს პირობებშიც კი, მეცხვარეობა სოფლის მეურნეობის იმ იშვიათ მიმართულებას წარმოადგენდა, რომელიც ექსპორტზე იყო ორიენტირებული.

ბექა გონაშვილი, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი: ყოველდღე 10-15 ფერმერი მაინც მირეკავს და მეხვეწება, ცხვრის რეალიზაციაში დავეხმარო. 15-20 ლარით დასწიეს ფასები, მალე თვითთღირებულებამდე ჩამოვლენ და, შეიძლება, ბევრმა ამ საქმიანობას თავიც დაანებოს. არაბები რუმინეთსა და მოლდავეთზე გადაერთვნენ. ამ ქვეყნებში ერთ კილოგრამ ცოცხალ საქონელს, გემზე დატვირთულს 2,5-3 დოლარად სთავაზობენ, ანუ, თითო ცხვარი მაქსიმუმ 90 დოლარი ჯდება, ამ თანხად ფერმერებისგანაც ვერ იყიდი, ტრანსპორტირებასა და ვეტერინალური საბუთების მომზადებას ვინ ჩივის. ყველა ხარჯი ოპტიმალურად რომ შეიკვეცოს, გლეხებს ერთი ცხვრის თვითღირებულება 115 ლარი უჯდებათ. მოგება ხომ თავადაც უნდა დარჩეთ, მთელ წელიწადს რომ ზრდიან და ელოლიავებიან. უკვე ფულს იმდენად ზოგავენ, რომ აცრებზე, რომლებიც 4-5 ლარი ჯდება, უარს ამბობენ. თუმცა, არის ხარჯები, რომელსაც ვერაფრით შეამცირებ, მაგალითად, გადასახადები საძოვრებზე.

- მაღალ გადასახადებს თქვენ ჯერ კიდევ ძველი მთავრობის დროს აპროტესტებდით, თუმცა, ვერაფერს მიაღწიეთ, როგორც ჩანს საკითხის მოგვარება არც მოქმედი ხელისუფლების პირობებშია ადვილი?

- ეს პრობლემა ვერ მოვაგვარეთ. 2010 წლამდე ერთ ჰექტარზე გადასახადი 3 ლარი იყო. 2010 წელს ყველასგან უკითხავად მთავრობის დადგენილება მიიღეს, რომლის მიხედვით, მოსაკრებლის მოცულობას უკვე საგადასახადო კოდექსი აღარ არეგულირებს და რაიონების მიხედვით სხვადასხვა თანხა დააწესეს. მაგალითად, დედოფლისწყაროში ერთ ჰექტარზე 7 ლარია, ახმეტაში- 5 ლარი, საგარეჯოში-18 ლარი, კალკულაცია რის საფუძველზე ჩაატარეს, არავინ იცის. ალბათ, იფიქრეს, რომ ცხვარში დიდი ფული რჩებოდა. საშუალოდ, რომ დავიანგაროშოთ, ცხვრის თვითღირებულებიდან 15 ლარი ზამთრის საძოვრის ხარჯია, 15 ლარი – ბარის, ისიც თუ მიწა შენს საკუთრებაშია, ქირა – 25 ლარამდე ჯდება. საძოვრებით სარგებლობა ძალიან ძვირია, რაც საერთაშორისო ბაზრებზე არაკონკურენტუნარიანს გვხდის. ისედაც, საქართველოში ზამთრის საძოვრების სიმწირეა. ოთხი-ხუთი წლის წინ ძველმა მთავრობამ სოფელ იორმუღანლოსთან 6 ათასამდე ჰექტარი მიწა ირანელ ინვეტორს მიჰყიდა. ამ ტერიტორიაზე 43 ფერმა იყო განთავსებული, სადაც მწყემსები ცხვარს აბინავებდნენ. უცხოელმა ბიზნესმენმა ისინი გამოყარა და ახალი საძოვრები საძებნელი გაუხდათ. საერთო ჯამში, საქართველოში 250 ათასი ჰექტარი საძოვარია და 800 ათასი სული ცხვარი, ანუ გამოდის, რომ ერთ ჰექტარზე სამი-ოთხი ცხვარი ძოვს, რაც დაუშვებელია. ერთ ჰექტარზე ერთი ცხვარი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწის ეროზია გარდაუვალია. კახეთს ისედაც გაუდაბნოება ემუქრება. უნდა ნახოთ, გაზაფხულზე, სადაც ფარა დადის, როგორი მტვერი და ბოლი დგება, ბალახოვანი საფარი საერთოდ აღარ არის.

- თუ საძოვარი საკმარისი არ არის, ლოგიკურად, ცხვრის სულადობა უნდა შემცირდეს, ანუ დარგის განვითარებასაც აქვს თავისი ლიმიტი?

- გამოსავალი საძოვრების მორწყვასა და კულტივაციაშია, ან ცხვრის ბაგურ, ანუ სტაციონარულ კევბაზე გადაყვანაში. ეს საკმაოდ ძვირი დაჯდება, თუმცა, რენტაბელურია, თუ ახალ, მეხორცულ ჯიშებს შემოვიყვანთ. სელექციაზე წლებია, უკვე არავის უზრუნია. რამდენიც არ უნდა ვაქოთ ჩვენი ცხვარი, ფაქტია, რომ ძალიან დაკნინებულია. საამაყო თუშური ცხვარი სულ 30% თუ იქნება დარჩენილი, ისიც დაბალპროდუქტიულია, გამოსავლიანობა მხოლოდ 43%-ია, დიდი წილი ცხიმზე მოდის, რაც უცხოელი კლიენტებისთვის ნაკლებად მიმზიდველია.

- როგორც ჩანს, ხორცის ექსპორტი ცოცხალი პირუტყვის ექსპორტთან შედარებით გაცილებით რენტაბელურია, რადგან ახლახანს ერთ-ერთი ირანული კომპანია ”ფენიქსმა” რუსთავთან სასაკლაო გახსნა და თავის ქვეყანაში გააქვს ხორცი.

- ისინი დღეში მხოლოდ 600 სულ ცხვარს იბარებენ, რაც თვეში დაახლოებით 10 ათასია, ისიც ყველაზე აქტიურ სეზონზე. მაშინ, როდესაც ცოცხალი საქონლის ექსპორტის პოტენციალი საქართველოში 180 ათასი სულია.

- ამ რაოდენობის ცხვრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს?

- ცხვრის გადასარეკი ტრასების მშენებლობას საშველი არ დაადგა, არადა, ტექნიკურ დასაბუთებაზე კონკურსი ჯერ კიდევ 2010 წელს, ძველი მთავრობის დროს გამოცხადდა. მონაწილეებმა საკითხის შესწავლისთვის ძალიან დიდი თანხები მოითხოვეს, საბოლოო ჯამში ერთ-ერთმა გაიმარჯვა, რომლის პროექტი, მართალია, შედარებით იაფი დაჯდა, მაგრამ არაპროფესიონალურად იყო შესრულებული. ამირომ, შესწორებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიას უკან დაუბრუნა. განახლებული ვერსია ორი კვირის წინ წარადგინეს, მაგრამ მაინც არაფრად ვარგა.

- კონკრეტულად, რა არ მოგწონთ?

- იცით, რას წარმოადგენს ეს ტრასა? როდესაც ცხვარი ზაფხულში მთის საძოვრებზე მიდის, კახეთიდან სამხრეთ საქართველოში, პრაქტიკულად ქვეყნის ნახევარ ტერიტორიას, 90-მდე სოფელს გადის. გარდა იმისა, რომ მეცხვარეებს თავისი გადასარეკი ტერიტორია სჭირდებათ, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებთან დაუსრულებელ დავას იწვევდა (როგორც იქნა, ეს მარშრუტი “წითელი ხაზებით” მოვნიშნეთ), დაავადებების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, გარკვეული დასასვენებელი პუნქტებისა და იქ გასაბანებლებისა და დეზობარიერების მოწყობა. მაგალითად, დედოფლისწყაროდან წამოსული ცხვარი და საქონელი შეიძლება, თეთრიწყაროს ადგილობრივ ნახირში აირიოს და დაავადება გადასდოს, ან პირიქით, თეთრიწყაროდან წალკაში გადაიტანოს. გადარეკვამდე ტრასის მიმდებარე სოფლების ვეტერინალური დამუშავებაც საჭიროა. დოკუმენტში აღნიშნულია გასაბანი პუნქტები, მაგრამ ზოგიერთი ისეთ ადგილზეა მითითებული, წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ: კიკმატაჟის უღელტეხილზე, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მეტრზეა, იქ გაბანვა კი არა, ცხვარმა წყალში ფეხიც რომ ჩაყოს, გაიყინება და მოკვდება. ამ წუთს, მაგალითად, იქ თოვლია. ასეთივე დაუსაბუთებელია ე,წ. მოძრავი კრემატორიუმების შემოტანის საკითხიც. ცხვარი თუ გზაში დაეცა, სპეციალურ ტრაილერს უნდა გამოუძახოთ, რომელიც კრემაციას გაუკეთებს. თუმცა, ისეთი რელიეფია მთაში, იქ ტრაილერი საერთოდ ვერ ავა. არსებობს მოძველებული, მაგრამ აპრობირებული საქონლის უტილიზაციის მეთოდი, თანაც ნაკლებად ხარჯიანი.

- თანხა, რომელიც ამ პროექტის სავარაუდო ღირებულებად დასახელდა, 5 მილიონი დოლარი, რამდენად გონივრულია?

- ვფიქრობ, უფრო იაფიც შეიძლება დამჯდარიყო, თუმცა, არ ვიცი, საერთოდ, ვინ დააფინანსებს პროექტს, რომელშიც უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი: მაგალითად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტი მომგებიანი იქნება, თან აცხადებენ, რომ ხუთ წელს სახელმწიფო დოტაციაზე უნდა იყოს. დავუშვათ, ამ პერიოდში ფერმერების მაგივრად ტრასის მომსახურების საფასური სახელმწიფომ იხადა, შემდეგ რა იქნება, ან საერთოდ, რა ეღირება? ტარიფი დათვლილიც კი არ არის. ჩემი გათვლებით, 50 თეთრიდან ერთ ლარამდე იქნება. გაუაზრებელია ორგანიზაციის მენეჯმენტის საკითხიც: მას კონტროლი უნდა გაუწიოს სამმა უწყებამ - სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სამსახურმა და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა. უნდა იყოს ერთი ორგანიზაცია თავისი მუდმივი და სეზონური თანამშრომლებით; სხვათა შორის, საშტატო ერთეულებიც არ არის განსაზღვრული, არც ტექნიკური ბაზა, რის საფუძველზეც ცხვრების გადარეკის გრაფიკი შემუშავდება. 26-გვერდიან დოკუმენტში მითითებულია მხოლოდ ის, თუ სად არის ტაბაწყურის აღკვეთილი, სად –ვაშლოვანის ნაკრძალი, პრაქტიკულად ვიკიპედიაა, ეგ ხომ ისედაც ყველამ იცის.