როგორ გამოვიყენოთ გაუფასურებული ლარი სასიკეთოდ

”ვალუტის გაუფასურებამ შესაძლოა, ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებისთვის გარკვეული მასტიმულირებელი ფაქტორები გააჩინოს”

2015 წელი ლარისთვის რყევებით დაიწყო და პირველი კვარტლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა. საქართველოში შექმნილ სიტუაციას ქვეყნის პირველმა ფინანსისტმა არა ეკონომიკური, არამედ სავალუტო კრიზისი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ კრიზისი მალე დაბალანსდება. ოპტიმიზმის საფუძველს ნოდარ ხადურს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიებები აძლევს. მართალია, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა დაპირების მიუხედავად, სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა საქართველოს პრეზიდენტს არ წარუდგინეს, თუმცა მის შესახებ პარლამენტში საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს. როგორც გაირკვა, ხელისუფლებას სავალუტო კრიზისიდან გამოსვლის 3-ნაწილიანი გეგმა აქვს, რომელიც მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებს მოიცავს და ე.წ. "ქამრების შემოჭერის", ანუ  ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის პოლიტიკას, გარკვეული ობიექტების პრივატიზაციას, ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ბიზნესის მასტიმულირებელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ტურიზმის, ინვესტიციების ხელშეწყობასა და ექსპორტის წახალისების მიმართულებით სპეციალური ინსტიტუტის შექმნას გულისხმობს.

ექსპერტთა განმარტებით, სავალუტო კრიზისი არის ვითარება, როდესაც ქვეყანაში ეროვნული ვალუტის დევალვაცია დიდ მასშტაბებს აღწევს. საექსპერტო წრეებში სავალუტო კრიზისის უარყოფით შედეგებზე ბევრს საუბრობენ, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ვალუტის გაუფასურებამ შესაძლოა, ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებისთვის გარკვეული მასტიმულირებელი ფაქტორები გააჩინოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანას გამართული და მყარი ეკონომიკა აქვს.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე ლარის დევალვაციის რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს:

"ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა ვალუტის არასტაბილურობით, კურსთა შორის ცვლილებებით და დევალვაციით იზომება. ლარის კურსი დამოკიდებულია იმაზე, რა რაოდენობის ვალუტა შემოვა და გავა. როცა უფრო მეტი ვალუტა გადის, ვიდრე შემოდის, ამ შემთხვევაში ეროვნული ვალუტის დევალვაცია, ანუ გაუფასურება, მისი მსყიდველობითი უნარის დაცემა ხდება და პირიქით, როდესაც მეტი ვალუტა შემოდის, ვიდრე გადის, მაშინ ხდება გამყარება. სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია სწორედ ამ ფულის მასის კონტროლი და ბალანსია, რათა მეტ-ნაკლებად მიღწეული იქნას წონასწორობის პირობა. საქართველოში 2014 წლის ბოლოს სწორედ ეს ნეგატიური პროცესები განვითარდა - ქვეყნიდან გაედინებოდა გაცილებით მეტი ვალუტა, ვიდრე შემოდიოდა. 2013 წლისგან განსხვავებით, 2014 წელს ეს ყველაფერი განპირობებული იყო ე.წ. ეგზოგენური ფაქტორებით, რომელიც შეგვიძლია, საგარეო ფაქტორებად მოვიხსენიოთ. გართულებულმა ეკონომიკურმა ურთიერთობამ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე, ამ ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა. ამ თვალსაზრისით ფულადი ნაკადების, ვალუტის შემოდინების კუთხით, გარკვეული პრობლემა შეგვექმნა. მეორე საკითხი დაკავშირებული იყო ფულადი გზავნილების შემცირებასთან, ძირითადად, ესეც რუსულ-უკრაინული არხებიდან ფულის მასის შემცირებას უკავშირდება. მოგეხსენებათ, ფულადი გზავნილების კუთხით რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორია და მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს გერმანიიდან, იტალიიდან ფულადი გზავნილები გაგვეზარდა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთიდან ფულის მასის შემოდინებით გამოწვეული დეფიციტი დაბალანსებულიყო, რადგან ევროპული ქვეყნების ხვედრითი წილი აღნიშნულ გზავნილებში ცოტაა. მესამე ფაქტორი კი დაკავშირებულია ტურისტული ნაკადებიდან შემოსავლების დანაკლისზე, ანუ საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ჩამოყალიბდა სიტუაცია, როცა საქართველოდან გაცილებით მეტი ვალუტა გაედინება, ვიდრე შემოედინება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის გაუფასურებას უკავშირდება, არის ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების, კერძოდ, მხედველობაში მაქვს - რუსული რუბლის, უკრაინული გრივნისა და თურქული ლირის გაუფასურება. საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანა, ანუ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენი სამომხმარებლო კალათის 70%-ზე მეტი იმპორტირებული პროდუქტია. როცა ადგილობრივი ვალუტები უფასურდება, ეს ასტიმულირებს ექსპორტზე ორიენტირებულ წარმოებას იმ ქვეყნებში. ამ შემთხვევაში უკრაინაში, რუსეთში გაიაფებული პროდუქტი არის იმის პირობა, რომ იმპორტის მაჩვენებელი გაიზრდება და ჩვენ ამ თვალსაზრისით რეალურად ვიზარალებთ და ეს სავალუტო კრიზისის ფონზე, ერთ-ერთი დამატებითი ფაქტორად მოგვევლინა".

როგორც "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, არ არსებობს იმის გამოწერილი მეთოდი, თუ როდის დგება სიტუაცია, რომელსაც სავალუტო კრიზისი ჰქვია: "თუმცა როდესაც 20%-ზე მეტად ხდება ქვეყნის ვალუტის გაუფასურება, ეს უკვე სავალუტო კრიზისია. ჩემი აზრით, 15%-იც საკმაოდ სერიოზული გაუფასურებაა. როდესაც ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი მერყეობა შეინიშნება, ასეთ ვითარებას, შეგვიძლია, რომ სავალუტო კრიზისი დავარქვათ".

რაც შეეხება სავალუტო კრიზისის უარყოფით მხარეს, ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვნადაა იმპორტზე დამოკიდებული, ეს იმპორტირებული პროდუქციის ფასზე აისახება ზრდის მიმართულებით. ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მწვავეა პრობლემაა - ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალი დონე, რის გამოც ადამიანებს სესხის მომსახურების ხარჯები ეზრდებათ.

თუმცა, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე სავალუტო კრიზისის დადებით ეფექტზეც საუბრობს. მისი თქმით, ამის კარგი მაგალითია თურქეთი, სადაც ეროვნული ლირის გაუფასურების მიზანმიმართული პოლიტიკა მიმდინარეობს.

"იგივე პოლიტიკა დაიწყო ევროკავშირმა. პრაქტიკულად, ევროკავშირში ხდება ფულის ემისია, ევროპა გადადის იაფი ევროს პოლიტიკაზე, ხდება მიზანმიმართულად გაუფასურება და როგორც თურქეთში, ასევე ევროკავშირში, ეს ერთ მიზანს ესახურება - ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ხელშეწყობას და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას. ამით სახელმწიფოები ცდილობენ, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებისთვის გარკვეული მასტიმულირებელი ფაქტორები გააჩინონ, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ქვეყანაში ვალუტის შემოდინებას და გარკვეული მონეტარული სტაბილურობის უზრუნველყოფას. ოპონენტებმა შეიძლება იკითხონ - თუ უფასურდება ლირა და ეს გარკვეულწილად ახსნადი და პოზიტიური შედეგის მომცემია, საქართველოშიც ხომ გაუფასურდა ლარი, ეს რატომ აღიქმება ცუდად?! - იმიტომ, რომ თურქეთსაც და ევროკავშირსაც აქვს ეკონომიკა. ჩვენ კი რეალურად ეკონომიკა არ გვაქვს. ჩვენ ეკონომიკის ფორმირების, მისი ჩამოყალიბების პროცესში ვართ. სხვათა შორის, ექსპორტის წახალისების მიზნით იაპონია პერიოდულად იენის ხელოვნურად გაუფასურების პრაქტიკას მიმართავს ხოლმე. საქართველოსთვის ლარის გაუფასურებას გარკვეული დადებითი შედეგები შესაძლოა იმ შემთხვევაში მოეტანა, თუ ჩვენს ქვეყანაში გამართული და ფეხზედამდგარი ეკონომიკა იქნებოდა. აქედან გამოდინარე, ლარის დევალვაცია პოზიტიურად ვერანაირად ვერ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და პირიქით, იწვევს ცხოვრების გაძვირებას, სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე დამოკიდებულების და მათი წახალისების ფაქტორი ხდება", - აღნიშნავს ლევან კალანდაძე.

სავალუტო კრიზისის დადებით მხარეზე საუბრისას, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე კი აღნიშნავს, რომ თავის მხრივ საქართველოს წაადგა რეგიონსა და ჩვენი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებში ადგილობრივი ვალუტების ლარზე მეტად გაუფასურება.

"ამ შემთხვევაში, მართლაც, შესაძლოა, ვისაუბროთ დადებით მხარეზე. კერძოდ, რომ არა ლარის გაუფასურება, ჩვენი საექსპორტო პროდუქცია გაძვირდებოდა, ხოლო მათი იმპორტი გაიაფდებოდა და ამის შედეგად ქვეყნის სავაჭრო ბალანსი კიდევ უფრო გაუარესდებოდა, რომელიც ისედაც არ არის კარგ მდგომარეობაში. ჩემი აზრით, მხოლოდ ამ კონტექსტით შეიძლება, ვისაუბროთ რაიმე დადებით შედეგზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სავალუტო კრიზისს. ადგილობრივი წარმოებისთვის მსგავსი სცენარი კარგია, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმ დონის წარმოება და ექსპორტი, რომ ვალუტის კურსის ცვლილების ეფექტი საბოლოო ჯამში, პოზიტიური იყოს", - აღნიშნავს ნოდარ ჭიჭინაძე.

ნათია რუხაძე