გადაყავთ თუ არა თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსები ბუნებრივ აირზე?

"ბუნებრივი აირის ბალონის აფეთქების შემთხვევაში ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე მგზავრები აღმოჩნდებიან"

თბილისში მოძრავი "ფორდის" მარკის, ყვითელი, შიდაწვის ძრავიანი დიზელზე მომუშავე სამარშრუტო მიკროავტობუსები, ჩვენი დაკვირვებით, მასიურად გადაყავთ ალტერნატიულ საწვავზე, ბუნებრივ აირზე. ეს ფაქტი წარმოადგენს ძალიან დიდ საფრთხეს მიკროავტობუსის მგზავრებისთვის, შესაბამისად, არ არის დაცული მგზავრების უსაფრთხოება.

მეტიც, "ფორდის" მარკის მიკროავტობუსებში შეცვლილია ძრავი, ნაცვლად ქარხნული ორიგინალი "ფორდის" ძრავისა, მათში კუსტარულად დამონტაჟებულია "მერსედეს ML"-ის მარკის ავტომობილის ბენზინზე მომუშავე მეორადი მოხმარების შიდაწვის ძრავი, რის შემდეგაც, ასევე კუსტარულად ხორციელდება მიკროავტობუსის ალტერნატიულ საწვავზე, ბუნებრივ აირზე, გადაყვანა. ეს მთლიანობაში იწვევს მიკროავტობუსის კონსტრუქციის დარღვევას. ასევე, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ნაცვლად შედარებით უსაფრთხო მეტალოპლასტიკური ბუნებრივი აირის ბალონისა, ამ შემთხვევაში გამოყენებულია ძველი რუსული სატვირთო ავტომობილის "გაზ-53-ის" მოძველებული ჟანგბადის ბალონები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ამოწურული აქვთ ექსპლუატაციის ვადა და წარმოადგენს აფეთქების საშიშროებას.

ბუნებრივი აირის ბალონები დამონტაჟებულია ავტომობილის ძარის ქვედა ნაწილში, მიმაგრებულია იატაკზე, რაც ასევე არღვევს მიკროავტობუსის პარამეტრებს - მის კონსტრუქციას, ამცირებს მანძილს ავტომობილის იატაკსა და გზის სავალ ნაწილს შორის. ბუნებრივი აირის ბალონის აფეთქების შემთხვევაში ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე მგზავრები აღმოჩნდებიან: თუ მოხდა აფეთქება, ეს გამოიწვევს აალებას და მიკროავტობუსზე ცეცხლის წაკიდებას. მივიღებთ სავალალო მდგომარეობას, რადგან მიკროავტობუსს აქვს მგაზვრებისთვის განკუთვნილი მხოლოდ ერთი კარი და ხშირ შემთხვევაში მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა გადაჭარბებულია. საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ წელიწადში ორჯერ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების გავლას ავალდებულებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლითაც ხდება 7 ადამიანზე მეტის ტრანსპორტირება. კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს ბუნებრივ აირზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ დათვალიერებას და მათი უსაფრთხოების ხარისხის შემოწმებას. საქართველოში არც არსებობს არანაირი ტექნოლოგია და ტექნიკური სერვისი, რომელიც შეძლებს გაზზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების ნორმების შემოწმებას და ეს ყელაფერი იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის გაზზე გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. ამ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მერიას და მერიის სატრანსპორტო სამსახურს. თბილისის მერიის არასწორმა პოლტიკამ გამოიწვია ის, რომ ლარის დოლართან გაუფასურების მოტივით თბილისის მიკროავტობუსების კომპანიამ მძღოლებს ყოველდღიური მოსაკრებელი გაუზარდა, მძღოლებს კი შემოსავალი იგივე დარჩათ, რამაც ისინი აიძულა ეკონომიის მიზნით მიკროავტობუსები შედარებით ეკონომიურ, ალტერნატიულ საწვავზე - ბუნებრივ აირზე გადაეყვანათ, რითიც საფრთხე ექმნება თბილისის ათასობით მოქალაქეს ყოველდღიურად.

ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, აუცილებელია თბილისის მერია დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და დროულად აღმოიფხვრას მგზავრებისთვის საფრთხის შემცველი ეს მავნე ტენდენცია, გაითვალისწინოს და მაქსიმალურად დაიცვას მიკროავტობუსის მძღოლების პოზიცია. ცნება, რომ შიდაწვის ძრავიანი ავტომობილები, რომლებიც გადაგვყავს ალტერნატიულ საწვავზე - ბუნებრივ აირზე, სრულად უსაფრთხოა, სიმართლეს არ შეესაბამება. გაზზე გადაყვანილი ავტომობილები დროდადრო ახდენს ავტომობილის აგრეგატების და ძრავის სისტემის მწყობრიდან გამოყვანას, ასევე გარკვეული დროის შემდეგ, გაზის ბალონის დატუმბვის რაოდენობის მიხედვით, ბალონს გასდის ექსპლუატაციის ვადა და თუ დროულად არ მოხდება ბალონის გამოცვლა, შესაძლოა, ფატალური შედეგი მივიღოთ. საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. ახლა ამას დაემატა თბილისის ნახევრად მუნიციპალური ტრანსპორტი, მიკროავტობუსები. შესაძლოა ჩვენს ავტომობილებში ნაღმი იმალებოდეს, ეს საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ავტომობილის მძღოლებსა და მგზავრებს, არამედ მის გარშემო მოძრავ ობიექტებსაც, რადგან ამ ბალონების მასობრივ სკდომას ვერ გამოვრიცხავთ.

ვასო ურუშაძე

კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა