სატესტო ფრენები საბურთალოს მთებიდან და ქართველი ავიაინჟინერი, რომელმაც ამერიკის ავიაციის ისტორია შექმნა

ქართველი ავიაინჟინრის ერთ-ერთმა თვითმფრინავმა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა

საჰაერო სივრცის დაპყრობას ადამიანები უძველესი დროიდან ცდილობდნენ. ჰაერში გაფრენის მრავალრიცხოვან პიონერებს შორის დიდება მოიპოვა ორმა ფრანგმა, ძმებმა მონგოლფიეებმა, რომლებმაც 1783 წელს ააგეს ჰაერზე უფრო მსუბუქი ხომალდი - საჰაერო ბურთი. 1783 წლის 4 ივლისს კი უამრავი ხალხის თანდასწრებით ძმები მონგოლფიეების ბალონი ჰაერში აფრინდა და ათ წუთში დაახლოებით 500 მეტრის სიმაღლეზე ავიდა.

ამის შემდეგ უკვე ჩნდებიან ძმები რაიტები- ამერიკელი გამომგონებლები და ავიაციის პიონერები, რომელბმაც სამყაროს ფრენა ასწავლეს და მსოფლიო სულ სხვა თვალით დაგვანახეს. 1903 წელს 17 დეკემბერს, ქალაქ კიტი ჰოუკში, ორვილი აფრინდა 120 ფუტ სიმაღლეზე. ამ 12 წამიანმა ფრენამ შეცვალა მსოფლიო და მისცა ადამიანებს შესაძლებლობა, ემოგზაურათ ისეთ ადგილებში, რაზეც მანამდე ვერც კი იოცნებებდნენ.

ქართული ავიაციის ისტორია კი მალევე, 1908 წლიდან იწყება და პირველი ქართველი ავიატორის, ბესარიონ ქებურიას სახელს უკავშირდება, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ამიერკავკასიის ავიაციის ფუძემდებელი. ქებურიას სახელთანაა დაკავშირებული ასევე პირველ ქართველ მფრინავთა თაობების აღზრდა, აეროდრომების მშენებლობა და ზოგადად, ამ სფეროს განვითარება რეგიონში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი 1870 წლის 15 თებერვალს, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში დაიბადა. 1908 წელს ქებურიამ საკუთარი ხელით ააწყო მონოპლანი და საბურთალოს მთებიდან პირველი სატესტო ფრენები განახორციელა, თუმცა სრულფასოვანი აფრენა ვერ შეძლო.

1909 წელს ქართველი ავიატორი პროფესიული საავიაციო განათლების მისაღებად პარიზში წავიდა. 1910 წლის აგვისტოში კი სკოლა 16 კაცთან ერთად დაამთავრა და მსოფლიოში რიგით 209-ე პილოტი გახდა. საფრანგეთში ქებურიამ საკუთარი სახსრებით შეიძინა ბლერიოს X-ტიპის მონოპლანი 25 ცხენის ძალიანი ძრავით, რითაც პარიზის თავზე სადემონსტრაციო ფრენები უნაკლოდ ჩაატარა. 1910 წლის ბოლოსთვის ქებურია უკვე საქართველოში ბრუნდება და თბილისის თავზე, დიდუბის იპოდრომიდან სრულფასოვან ფრენას ასრულებს. რაც შეეხება ბოლო ფრენას, პირველმა ქართველმა ავიატორმა ის 1913 წელს ბათუმის თავზე შეასრულა. ფრენა ცუდად დასრულდა და თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა, თუმცა პილოტი მეზღვაურებმა გადაარჩინეს.

bpnკიდევ ერთი ქართველი, რომელიც მსოფლიო ავიაციის ისტორიაში დარჩა ალექსანდრე ქართველიშვილია. მართალია, მისი სახელი ქართული ავიაციის განვითარებასთან არ არის გაიგივებული, თუმცა, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს სიამაყის საბაბს აძლევს ის ფაქტი, რომ ქართველმა ავიაინჟინერმა ამერიკის ავიაციის ისტორია დაწერა. ალექსანდრე ქართველიშვილი ამერიკული ავიაციის ერთ-ერთი ფუძემდებელია. როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, მეცნიერს აშშ-ის პრეზიდენტ რუზველტზე დიდი დაცვა ჰყოლია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ქართველიშვილმა ისეთი ცნობილი თვითმფრინავები შექმნა, როგორებიცაა: F-84, F-105, F-84 და ბევრი სხვა.

ქართველიშვილმა, ქებუარიას მსგავსად, საავიაციო განათლება პარიზში მიიღო. 1922-1927 წლებში კი მუშაობდა გამოჩენილი ფრანგი ავიატორის ლუი ბლერიოს კომპანიაში, სადაც მონაწილეობდა თვითმფრინავების Bernard და Ferbois შექმნაში. 1924 წელს ქართველიშვილის ერთ-ერთმა თვითმფრინავმა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 1927 წელს ცნობილმა ამერიკელმა მულტიმილიონერმა ჩარლზ ლევინმა, ალექსანდრე ქართველიშვილი ნიუ-იორკში სამუშაოდ მიიწვია. 1928 წელს ქართველმა ავიაინჟინერმა მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში Fokker American Company. 1931 წელს შეხვდა საავიაციო საქმის მეორე ცნობილ ინჟინერს ალექსანდრე სევერსკის, რომელიც წარმოშობით ასევე ქართველი იყო და იმხანად უკვე ფართოდ ცნობილი კორპორაციის Seversky Aircraft Corporation პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი გახლდათ. 1939 წელს კომპანიას სახელი შეეცვალა და ეწოდა Republic Aviation Company, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც ალექსანდრე ქართველიშვილი გახდა.

ქართველიშვილმა და სევერსკიმ ერთად შექმნეს რამდენიმე თვითმფრინავი, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა.

ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ალექსანდრე ქართველიშვილს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრადაც.

სამოქალაქო ავიაციის მსგავსად, არანაკლებ საინტერესოა ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია, რომელიც 1918 წლიდან იწყება. პირველი სამხედრო სააავიაციო დანაყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ 1918 წლის 20 აგვისტოს მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა. საავიაციო გუნდი ერთი პარკითა და 2 საავიაციო რაზმით სატექნიკო ბატალიონში შევიდა. ავიაციის დისლოკაციის ადგილად თბილისი შეირჩა.bpn

1918 წლის ზაფხულში პილოტების მოსამზადებელი საავიაციო სკოლაც ამოქმედდა. საავიაციო გუნდი 189 ადამიანზე იყო გათვლილი და უფროსად გამოცდილი მფრინავი, შტაბს-კაპიტანი მიხეილ მაჭავარიანი დაინიშნა.

იმ პერიოდის სამხედრო- საავიაციო ტექნიკა მძიმე მდგომარეობაში იყო. სხვადასხვა აეროდრომებზე მიტოვებული თვითმფრინავებიდან ბევრი დალეწილი, დაშლილი და გამოუსადეგარი იყო. არ იყო სათადარიგო ნაწილები. ტექნიკური პერსონალის 80% და მფრინავთა დაახლოებით 50% სახლში ისხდნენ. საავიაციო დანაყოფის პირველი მეთაურის, მიხეილ მაჭავარიანისა და ავიაციაზე შეყვარებული სხვა ადამიანების მონდომებით, თანდათან მოხერხდა გაფანტული და მიტოვებული საავიაციო ტექნიკის მოგროვება, თბილისის საავიაციო სკოლის ყოფილი შენობის მოწესრიგება, პედაგოგთა შერჩევა, კურსანტთა მიღება, აეროდრომის ფართობის ორჯერ გაზრდა და სამსახურისათვის საჭირო პირობების შექმნა.

1918 წლის 10 ოქტომბერს ქართული არმიის პირველი აღლუმი ჩატარდა, რომელშიც ქვეითები, კავალერისტები, არტილერისტები, მესანგრეები, ქართულ-გერმანული ლეგიონი და მფრინავთა გუნდიც მონაწილეობდა.

1920 წლის ზაფხულიდან ავიაციის რეორგანიზაციისა და ახალი ტექნიკის შესყიდვის საკითხი დადგა. იმ დროს ერთ-ერთ მოწინავე საავიაციო ქვეყნად იტალია მიიჩნეოდა და თვითმფრინავების შესაძენად იქ პოლკოვნიკი მაჭავარიანი გაიგზავნა. ტურინში, ,,ანსალდოს” ფირმაში, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და არჩევანი მზვერავ ,,ანსალდო” SVA-10-ზე შეჩერდა. არსებული მონაცემებით იტალიაში - 10, რუსეთში კი 20-25 თვითმფრინავი შეიძინეს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში, ქართული სამხედრო ავიაცია პირველად 1918 წელს გამოიყენეს, როდესაც 28-29 დეკემბერს შულავერთან, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყანაში შემოჭრილი დაშნაკური სომხეთის შეიარაღებული ძალები სასტიკად დაამარცხეს. შემდეგ იყო 1921 წელი. ქართული სამხედრო ავიაციის თვითმფრინავები ქვეყანაში შემოჭრილი მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში 1921 წლის 23 თებერვალს ჩაერთვნენ.

სამწუხაროდ, ქართულ სამხედრო ავიაციას 1918 და 1921 წლების შემდეგაც, არაერთხელ მოუხდა შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობის მიღება. მათ შორის ჩვენს უახლეს ისტორიაში, 1992-1993 წლებში აფხაზეთსა და 2008 წელს სამაჩაბლოში.

როგორც ჩანს, ქართული ავიაციის ისტორიაში სულ მალე ახალი ეტაპი დაიწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, სამ თვეში საქართველოში მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე საავიაციო ქარხნის მშენებლობას დაიწყებენ. საავიაციო ქარხნის მშენებლობა თბილისში, აეროპორტთან ახლოს იგეგმება. საუბარია 85 მილიონიან პროექტზე, რომელსაც საპარტნიორო ფონდი ებრაულ კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს მაღალტექნოლოგიური საწარმოს შექმნას. საწარმოში კომპოზიტური მასალებისაგან დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები. ქარხანა აწარმოებს ბოინგის, ბომბარდირის, სუხოის და თითქმის ყველა ტიპის თვითმფრინავის დეტალებს.

მარი მელიქიშვილი