საბერძნეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

"ქართველი ბიჭები საერთოდ არ არიან დამნაშავენი. ისინი გემზე რიგითი მეზღვაურები იყვნენ და ასრულებდნენ შავ სამუშაოს. მათ არც კი ეცოდინებოდათ რა ტვირთი აიტანეს გემზე."

ქართველი მეზღვაურები ლევან ჯინჭარაძე და გიორგი კვირკველია დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთის გადატანის ბრალდებით, ეკიპაჟის სრულ შემადგენლობასთან ერთად, საბერძნეთში 20 მარტს დააკავეს. მათ საბერძნეთის ქალაქ კალამატას ციხეში უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. თუმცა, ისინი ბრალს არ აღიარებენ. გარცელებული ინფორმაციით, სენტ-ვინსენტი და გრენადინების დროშის ქვეშ მცურავი გემზე 11 ათასამდე ყუთი თამბაქო იპოვეს, რომელიც უკანონოდ გადაჰქონდათ. რა მდგომარეობაში იმყოფებიან ქართველი მეზღვაურები და რას ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან, ამაზე დაკავებული ლევან ჯინჭარაძის ძმა დავით ჯინჭარაძე გვესაუბრება:

- ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩემს ძმასთან დაკავშირებით ახალი არაფერი გაგვიგია. როგორც ცნობილია, გემი, რომელზეც სიგარეტი იპოვეს, მონტენეგროში დალუქული კონტეინერებით დაიტვირთა. როგორც ვიცით, საბუთები წესრიგში ჰქონდათ და ეს ტვირთი ლიბიაში უნდა გადაეტანათ. ცუდი ამინდის გამო შეფერხება მოუწიათ და ამიტომ, საბერძნეთის კუნძულ კალამატაზე გაჩერდნენ. დაახლოებით 2 საათის შემდეგ, კუნძულის სანაპიროს დაცვამ გემი შეამოწმა. შემოწმების შემდეგ, გემი პორტში გადაიყვანეს და აღმოჩნდა რომ, საბუთები გაყალბებული, სიგარეტი კი - უაქციზო იყო. ეს ჩაუთვალეს მათ როგორც კონტრაბანდა, საქონელი ჩამოართვეს და გემის ეკიპაჟის სრული შემადგენლობა დააკავეს. ეკიპაჟის წევრებს შორის არიან ჩემი ძმა ლევან ჯინჭარაძე და გიორგი კვირკველია. ისინი ამ გემზე სამუშაოდ ერთ-ერთი თურქული კომპანიის საშუალებით მოეწყვნენ. ამ კონპანიას ფილიალი ბათუმშიც აქვს. ეკიპაჟის წევრებს შეეფარდათ ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა. ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს კონსულს საბერძნეთში, რომელიც გვეხმარება, ასევე ვესაუბრეთ ბერძენ პროკურორს, რომელიც ამბობს, რომ აუცილებელია გამოცხადდეს თურქული კომპანიის წარმომადგენელი, რათა საბოლოოდ გაარკვიონ შექმნილი სიტუაცია. ყოველ დღე ვრეკავთ ამ კომპანიაში, რომელის სათაო ოფისი სტამბულშია, ასევე ვაკითხავთ მათ ფილიალს ბათუმშიც, მაგრამ ჯერ კონკრეტულ პასუხს არავინ გვცემს... ქართველი ბიჭები საერთოდ არ არიან დამნაშავენი. ისინი გემზე რიგითი მეზღვაურები იყვნენ და ასრულებდნენ შავ სამუშაოს. მათ არც კი ეცოდინებოდათ რა ტვირთი აიტანეს გემზე. პროკურორთან საუბრის შემდეგ ასევე გავარკვიეთ, რომ თუ კომპანიის წარმომადგენელი გამოცხადდება, შესაძლებელია ბიჭები გირაოს შეტანით გაათავისუფლონ, თითო კაცზე, სავარაუდოდ, 2 000 ევროს იდენობის გირაოს მოითხოვენ. როგორც ბიჭები ამბობენ, ციხეში ცუდი პირობებია, წყალი შეზღუდულად მიეწოდებათ... თუ დროულად არ გამოცხადდა თურქული კომპანიის წარმომადგენელი, დაკავებულებს 6-თვიან წინასწარ პატიმრობას შეუფარდებენ. ხელისუფლებას ვთხოვთ, დაგვეხმაროს... საჭიროა სწრაფად რეაგირება... მნიშვნელოვანია, რომ დაკავებული არც ჩემი ძმა და არც გიორგი კვირკველია დამნაშავენი არ არიან, ეს პროკურორმაც კი დაადასტურა, მაგრამ გვითხრა, გამოძიება კიდევ მიმდინარეობს და ვერ გავათავისუფლებთო...

ეკა გადახაბაძე

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”