რა ელის ძველ საბჭოთა კორპუსებს, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია გაუვიდათ

სახელმწიფოს მიერ ამ დრომდე შეუსრულებელი დაპირება "ხრუშჩოვკების" დემონტაჟთან დაკავშირებით და მუდმივი შიშის ქვეშ მცხოვრები თბილისის მოქალაქეების არცთუ მცირე ნაწილი - დედაქალაქის ხელისუფლებისათვის კვლავ რთულად გადასაჭრელ პრობლემად რჩება.

გაბზარული ჭერი და კედლები, უზარმაზარი ნაპრალები კედლებს შორის, სადარბაზოებში დაბზარული კიბეები - აი, ასეთი მდგომარეობაა თბილისის თითქმის ყველა ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში, რომლის მცხოვრებლებიც აცხადებენ, რომ მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული 200-300 ლარის ფარგლებში ქირით გადასვლაც და ამ სახლების მიტოვებაც პრობლემაა მათთვის.

ჯერ კიდევ გასულ წელს, ადგილობრივი არჩევნების წინ, თბილისის საკრებულო ავარიული კორპუსების, კერძოდ "ხრუშჩოვკების" დემონტაჟზე საუბრობდა. ამ მიზნით არაბ ინვესტორთან მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ინვესტორს ეს ე.წ. "ხრუშჩოვკები" უნდა დაენგრია და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსები აეშენებინა.

რატომ არ მოჰყვა არანაირი გაგრძელება ამ მემორანდუმს, რა პირობები იყო მასში გაწერილი - ამ საკითხების გარკვევას თბილისის საკრებულოში შევეცადეთ, სადაც აცხადებენ, რომ ეს იმდენად ძველი ფაქტია, რომ დეტალების გარკვევა, თუ რატომ არ მოხდა ამ მემორანდუმით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმება, ფაქტობრივად შეუძლებელია. "ეს მემორანდუმი არანაირ ვალდებულებას არ მოიცავდა. ეს მემორანდუმი გაფორმდა და ამის იქით სხვა გაგრძელება და ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია. არც არანაირი ხელშეკრულება გაფორმებულა", - აცხადებენ საკრებულოში.

როგორც არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, ძველი, კომუნისტების დროს აშენებული შენობების მდგომარეობა ყველგან ერთნაირად საგანგაშო არ არის.

"მხოლოდ ხრუშჩოვკები არ არის ცუდ დღეში. ზოგიერთი ხრუშჩოვკა უფრო მყარია, ვიდრე მაგალითად, 15 წლის წინ აშენებული სახლი. სახლის ტექნიკურ მდგომარეობას მხოლოდ პროექტი არ განსაზღვრავს. ავარიულობის მიზეზი შეიძლება მშენებლობის, მასალის ხარისხი, გეოლოგიური პრობლემები თუ სხვა მიზეზები იყოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძველ ქალაქში გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე "ხრუშჩოვკების" მიკრორაიონებში. მაგალითისთვის ახლაც სადგურის მოედანზე, რკინიგზელთა სახლი უაღრესად ავარიულ მდგომარეობაშია. კედლები გაპობილია, დაბზარულია. კონსოლური გადმოწეული ნაწილები და აივნებია იქ, რაც შეიძლება ჩამოიშალოს და მსხვერპლიც მოჰყვეს. მართალია, ტერიტორია შემოღობილია, თუმცა, ჯერჯერობით ხალხი ტროტუარზე დადის და სარისკოა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესწავლა და ამა თუ იმ სახლის ტექნიკური მდგომარეობის საკითხის გადაწყვეტაა აუცილებელი, ამიტომაც მერიამ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უნდა მიხედოს",- ამბობს ვარდოსანიძე.

არქიტექტორი, ურბანისტი გიგა ბათიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ე.წ. "ხრუშჩოვკები" ძირითადად საქარხნო წარმოების შენობებია, რომლებიც უკვე სოციალურად ვარგისები აღარ არიან. მისივე თქმით, ამ საცხოვრებელი შენობების ვადად 25-30 წელი იყო განსაზღვრული, რაც ასევე სოციალური ფაქტორებით იყო განპირობებული.

გიგა ბათიაშვილი:

"ე.წ. ხრუშჩოვკების ექსპლუატაციის ვადა - 25-30 წელი - ისევ სოციალური ფაქტორებით იყო განსაზღვრული და არა ფიზიკურით, რადგან დღემდე არავინ იცის ბეტონს რამდენ ხანს შეუძლია იარსებოს. დღეს მთავარი ისაა, რომ ისინი სოციალურად ვარგისნი აღარ არიან. და იმ კომფორტულობას აღარ იძლევიან, რაც დღეს მცხოვრებ ადამიანს სჭირდება. გავიდა ის ეპოქა. "ხურშჩოვკებმა" თავის დროზე თავისი ფუნქცია შეასრულეს - უსახლკარო, გაჭირვებული ხალხი სახელმწიფომ უფასოდ ჩაასახლა, ამ სახლებმა ამდენად თავისი ვალი მოიხადა და ახლა უკვე ამ კვარტალების დაგეგმარებაზეა ფიქრი საჭირო. ყველა შესაცვლელია, ზოგი რეკონსტრუქციით და ზოგი ხელახლა აშენებით. პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ უნდა დაგეგმოს და სისტემა შექმნას. არ არსებობს, არცერთი ბიზნესმენი არ გამოასახლებს ხალხს, რეკონსტრუქციას არ ჩაუტარებს და ისევ უფასოდ არ ჩაასახლებს. ზღაპარია ეგ ყველაფერი. ქალაქი ვალდებულია სპეციალური სამსახური ჰქონდეს, რომელიც მთელ საცხოვრებელ ფონდს რეგულირალურად ჩაუტარებს გამოკვლევებს. ხიდებს ხომ ამოწმებენ რომ არ ჩაინგრეს, ასე უნდა ამოწმონ თითოეული სახლი. მთავარია ზუსტად დადგინდეს და დიაგნოზი დაისვას, თუ სად არის დღესვე სამუშაოები ჩასატარებელი და სად არის დანგრევის და ახლის აშენების აუცილებლობა", - აცხადებს გიგა ბათიაშვილი.

ჩვენს მცდელობას, დედაქალაქის მერიაში გაგვერკვია, სახლების დაახლოებით რამდენი პროცენტია თბილისში ავარიული, რა კონკრეტული პროექტები აქვს მერიას და როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას - შედეგი არ მოჰყოლია. მერიის მხრიდან ჩვენს კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ.

თაია არდოტელი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"