პირველი ”ტაქსები” თბილისში

1824 წელს კი რამდენიმე „ფხიანმა“ მოქალაქემ მგზავრების გადაყვანისთვის ქირა დააწესა.

ტრანსპორტით გადატვირთული დედაქალაქი და საცობები - პრობლემა, რომელიც თბილისში გადაადგილებისას მოქალაქეებს დიდ დისკომფორტს უქმნის... ეს ყველაფერი 21-ე საუკუნის რეალობა და ყველასთვის ცნობილი ფაქტია, თუცა როგორ დაიწყო საქართველოში ტრანსპორტის განვითარება, როგორი იყო პირველი ტაქსები და რით გადაადგილდებოდნენ თოვლიან ზამთარში დედაქალაქის ქუჩებში, ალბათ ცოტამ თუ იცის.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის იდეა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ევროპაში გაჩნდა და ეს ჩანაფიქრი ფრანგ მათემატიკოსსა და ფიზიკოს ბლეზ პასკალს უკავშირდება. პირველი რეგულარული რეისები სწორედ მისი თაოსნობით პარიზში დაწესდა. რვაადგილიანი ღია ეტლი ფიქსირებული მარშრუტით პარიზის ქუჩებში 1662 წლის 18 მარტს გამოჩნდა, თუმცა ეს ექსპერიმენტი 15 წელს გაგრძელდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ინტენსიურად მხოლოდ მე-19-მე-20 საუკუნებში განვითარდა.

მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნა ევროპის ისტორიაში „მშვენიერი ეპოქის“ სახელითაა ცნობილი. „მშვენიერი ეპოქა“ საქართველოზეც აისახა. ამ პერიოდში დიდი ყურადღება ექცეოდა თბილისის კეთილმოწყობას. ქალაქის თვითმმართველობა ახალი ტრანსპორტის - ჯერ კონკის, მოგვიანებით კი ელექტროძრავიანი ტრამვაის ხაზების გაყვანაზე ზრუნავდა. ამავე პერიოდში გამოჩნდა თბილისში პირველი ავტომობილები და ფუნიკულიორი. მე-20 საუკუნის 60-იანი წლები იყო დრო, როცა დედაქალაქში ერთდროულად მოქმედებდა საქალაქო ტრანსპორტის ყველა ძირითადი სახეობა: ტრამვაი, ფუნიკულიორი, ტროლეიბუსი, ავტობუსი, მეტრო საბაგირო გზები, სამარშუტო და ინდივიდუალური მსუბუქი ტაქსები. იყო მტკვარზე სამდინარო ტაქსის შექმნის მცდელობაც.

საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლების მძიმე პირობები თბილისის ტრანსპორტზეც აისახა. 1990-იანი წლების ყოველდღიურ რეალობად იქცა მგზავრებით გადაჭედილი და გარედან ხალხით დახუნძლული ტროლეიბუსები, დენის გამორთვის გამო გვირაბში გაჩერებული მატარებლები და სხვა. ავტობუსების, ტრმავაისა და ტროლეიბუსის პარკები და მათი მარშრუტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, კერძო სამარშრუტო მიკროავტობუსებისა და ტაქსების რიცხვი კი, პირიქით, უკონტროლოდ გაიზარდა.

თბილისური ტრანსპორტის უძველესი სახეობები:

საუკუნების მანძილზე გალავანში ჩაკეტილი ქალაქის ვიწრო ტერიტორიაზე, სახმელეთო ტრანსპორტის ძირითადი სახეობები იყო საჯდომი პორუტყვი ( ცხენი, ჯორი, ვირი), აქლემი, აგრეთვე ურემი, რომელშიც ხარები და კამეჩები იყვნენ შებმული. მდინარეზე გადასასვლელად კი ძველი თბილისელები ტივებს, ან ბორანს იყენებდნენ. მტკვარზე ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი დიდი ხის ძელებისგან შეკრული ტივები დაცურავდნენ. მდინარის ორ ნაპირს შორის კავშირისთვის კი ბორნები გამოიყენებოდა.

მე-19 საუკუნის დასაწყისში ქალაქში სხვადასხვა სახის ეტლები გამოჩნდა. ეს იყო პირველ რიგში ერთცხენიანი დროშკები - მსუბუქი ოთხთვალა რკინისბორბლიანი ეტლები, რომლებიც თანდათან დაიხვეწა და ტყავით და ბრეზენტით გადაიხურა. 1824 წელს კი რამდენიმე „ფხიანმა“ მოქალაქემ მგზავრების გადაყვანისთვის ქირა დააწესა და ალბათ სწორედ ეს დროშკა წარმოადგინდა პირველ ტაქსს საქართველოში. თავდაპირველად თბილისში მხოლოდ 15 ფასიანი ეტლი დადიოდა, თუმცა მალევე სტიქიურად აღმოცენდა რამდენიმე სადგური, ე.წ „ბირჟა“, საიდანაც დროშკების აყვანა ხდებოდა.

დროშკის შემდეგ უკვე ფაეტონი ჩნდება, რომელიც გადასახდელსახურავიან ეტლს წარმოადგენდა. ეტლში წყვილი ცხენი იყო შებმული. 1887 წელს თბილისში ოფიციალურად 520 მეფაეტონე იციხებოდა. ეტლის კიდევ ერთი სახეობა კარეტა იყო- ყოველი მხრიდან დახურული ოთხბორბლიანი ეკიპაჟი. არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა კალიასკა (რესორებიანი ოთხბორბლიანი თავახრილი ეკიპაჟი) და ლინეიკა (მრავალადგილიანი, გრძელი, ოთხთვლიანი რესორებიანი ერთ ან ორცხენიანი ღია ეტლი). თოვლიან ზამთარში კი დედაქალაქის ქუჩებში მარხილიც გამოიყენებოდა.

ამის შემდეგ თბილისში უკვე საქალაქო ტრანსპორტი ვითარდება, რომლის პირველ და ყველაზე პოპულარულ სახეობას კონკა წარმოადგენდა. კონკა, არსებითად, ცხენშებმული ტრამვაის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზაა. თბილისში ის პირველად 1883 წელს ამუშავდა. ის ოთხივე მხრიდან ღია, პატარა ვაგონი იყო, რკინის ბოძებზე დაყრდნობილი სახურავითა და თითო გრძელი საფეხურით ბაქნის ორივე მხარეს.

1904 წლიდან კონკას ელექტროტრამვაი ანაცვლებს. ტრამვაი ბერლინის სამრეწველო გამოფენაზე „სიმენსის“ ფირმამ წარმოადგინა და ის ტრანსპორტის აუცილებელ და ხელმისაწვდომ სახეობას წარმოადგენდა. თბილისური ტრავმაი მისი წინამორბედის, კონკის მარშრუტს იმეორებდა. 1937 წელს დედაქალაქის ქუჩებში, ტრამვაის შემდეგ, უკვე ტროლეიბუსი ჩნდება. მისი პირველი ხაზი დინამოს სტადიონიდან აღმაშენებლის გამზირის გავლით გადიოდა. 1938 წელს კი ტროლეიბუსი რუსთაველის გამზირზეც გამოჩნდა. 1990 წელს ქალაქში 204 ტროლეიბუსი დადიოდა, 1997 წელს ორჯერ ნაკლები, 2006 წელს კი თბილისში ტროლეიბუსის ხაზები საერთოდ გაუქმდა.

1934 წელს დედაქალაქში საქალაქო ტრანსპორტის კიდევ ერთი სახეობა- ავტობუსი ჩნდება, რომლის პირველი რეგულარული მარშრუტით რუსთაველის გამზირი ვაგზლის მოედანს დაუკავშირდა. მიუხედავად ავტობუსის გამოჩენისა, ჯერ კიდევ 1960- იან წლებში ქალაქში წამყვან როლს ელექტროტრანსპორტი ასრულებდა. თბილისის ტერიტორიის სწრაფმა ზრდამ კი ავტობუსების რაოდენობის ზრდა განაპირობა. თავდაპირველად ქალაქში საბჭოთა წარმოების ავტობუსები დადიოდა. 1973 წლიდან ისინი თანდათან უნგრული წარმოების ყვითელმა „იკარუსებმა“ შეცვალა. 2004 წელს კი ავტობუსების პარკი მთლიანად განახლდა. ავტობუსის გამოჩენას მალევე სამარშუტო მიკროავტობუსი მოჰყვა. ე.წ „მარშრუტკა“, როგორც კომპაქტურობით, ისე მომსახურების პრინციპით ომნიბუსისა და ლინეიკის პირდაპირი შთამომავალია. სამარშრუტო ტაქსი, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა, მაგრამ ტრანსპორტის სხვა სახეობებს რეალურ კონკურენციას ვერ უწევდა. 1990-იანი წლებიდან კი თბილისის ქუჩების ტიპურ ატრიბუტად იქცა.

მიწისქვეშა ტრანსპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება საქართველოში 1951 წელს მიიღეს. მომდევნო წელს უკვე პირველი შახტების გაყვანაც დაიწყო, თუმცა 1953 წელს სტალინის გარდაცვალების გამო მეტროპოლიტენის მშენებლობა შეჩერდა. პროექტი 1960 წელს განახლდა. თბილისის მეტრო მსოფლიოში 26-ე , ხოლო საბჭოეთში მე-4 იყო. 1965 წელს რეისზე პირველი საცდელი მატარებელი გავიდა, 1966 წლის იანვარში კი სადგური „რუსთაველი“ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და ასე დაიწყო თბილისი მეტროპოლიტენის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში მეტრო ნაკლებად გამოიყენება, ის განაპირა უბნების ცენტრთან დაკავშირების ყველაზე სწრაფი და ხელსაყრელი საშუალებაა. გარდა ამისა, თბილისის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში 1992-1994 წლებში, მეტროზე მოდიოდა ტრანსპორტით გადაყვანილ მგზავრთა 90 პროცენტზე მეტი. როგორც ამბობენ, ქალაქის ერთიანი სატრანსპორტო სივრცე დაშლისგან მაშინ სწორედ მეტრომ გადაარჩინა.

საქალაქო ტრანსპორტის სახეობებიდან ყველაზე ლამაზი ალბათ, თბილისის ფუნიკულიორია - ციცაბო ფერდობზე ბაგირის მეშვეობით მომუშავე ტრანსპორტი. თბილისში მისი გაყვანის იდეა 1896 წელს გაჩნდა. ამას კონკრეტული მიზეზიც ჰქონდა: მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გადაწყდა მთაწმინდის პლატოს ათვისება. ქვემო და ზემო თბილისის უმოკლესი გზით დაკავშირების საუკეთესო საშუალებად კი სწორედ ფუნიკულორი მიიჩნიეს. ზემო თბილისის გაშენების იდეა რომ საკმაოდ სერიოზული იყო, ამას დედაქალაქის არქიტექტურაში მთაწმინდის პლატოს დაგეგმარების დღემდე შემონახული სქემები ადასტურებს. საბოლოო ჯამში ეს გეგმები ჩაიშალა, მაგრამ ფუნიკულიორის მშენებლობის სამუშაოები 1903 წელს მაინც დაიწყო. 1905 წლის მარტში ფუნიკულიორი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

მე-20 საუკუნის შუა წლებისთვის მთაწმინდის ფუნიკულორი ქალაქის მზარდი მოსახლეობისა და ტურისტების ნაკადს ვეღარ აუდიოდა. სწორედ ამიტომ 1958 წელს თბილისის პირველი საჰაერო-საბაგირო გზის მშენებლობა დიაწყო. ის ამავე წლის ოქტომბერში გაიხსნა და ამოქმედდა. თბილისის რელიეფის თავისებურების გამო, საბაგირო გზები დედაქალაქისთვის მეტად საჭირო სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს.

მარი მელიქიშვილი