ზურაბ გვასალია: კომერციული ბანკების რეპუტაციული რისკის ზრდა მთლიანად აისახება ქვეყნის საფინანსო სექტორზე

არაერთი ექსპერტი გამოთქვამს ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან დაახლოებით 280 მილიონი დოლარი გამოიტანა. ამავე დროს, კომერციულ ბანკებს აძლევდა რეფინანსირების სესხებს. საუბრობენ, რომ ამ რეზერვების დიდი ნაწილი მხოლოდ ორმა ბანკმა შეიძინა და იმის მაგივრად, რომ მიმოქცევაში გაეშვა, დაარეზერვა, რამაც სერიოზული ზეგავლენა მოახდინა ლარის კურსზე. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე bpn.ge საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს, ზურაბ გვასალიას ესაუბრა.

ზურაბ გვასალია: სავალუტო ბაზარზე კომერციული ბანკების ოპერაციებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კომერციული ბანკები უსასრულოდ ვერ იყიდიან უცხოურ ვალუტას, ვინაიდან ბანკებს ეს შეზღუდული აქვთ ღია სავალუტო პოზიციაზე დადგენილი ლიმიტის გამო. და ასეთიც რომ ხდებოდეს, ეს ნათლად გამოჩნდებოდა სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ბანკების მიერ აშშ დოლარით განხორციელებული ოპერაციების შესახებ. ეს ღია ინფორმაციაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი ნახვა და გაცნობა. ბუნებრივია, აქ არ ჩანს, თუ ვისი დავალებით ხდება ყიდვა ან გაყიდვა და კომერციული საიდუმლოების პრინციპიდან გამომდინარე, ეს ასეც უნდა იყოს. ბოლო პერიოდში მთავრობის წევრებმაც აღნიშნეს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვინ რამდენ უცხოურ ვალუტას ყიდულობს სავალუტო ბაზარზე, და ეს სწორია, საბანკო საიდუმლოებიდან გამომდინარე, ასეთი ინფორმაცია არც უნდა ჰქონდეთ სხვა პირებს.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის პირველ კვარტალში კომერციულმა ბანკებმა იყიდეს 3.13 მლრდ აშშ დოლარი და გაყიდეს 237 მლნ აშშ დოლარით მეტი - 3.37 მლრდ აშშ დოლარი. ბანკებს რომ ნაყიდი ვალუტა "თავისთვის" დაეტოვებინათ, მაშინ საპირისპირო მონაცემები უნდა ყოფილიყო. ამავე დროს გაუგებარია, თუ რა შუაშია ნაყიდი უცხოური ვალუტის დატოვება "რეზერვში", თანამედროვე ბიზნესში მეტი ბრუნვით მიღებული შემოსავალი უფრო სტაბილურია, ვიდრე გაჩერებით და ე.წ. რეზერვში დატოვებით. რაც შეეხება დიდ ბანკებს, თავისთავად მათ თავისი კაპიტალიდან გამომდინარე, ჰყავთ მსხვილი კლიენტები და აქვთ დიდ მოცულობის ტრანზაქციები, შესაბამისად მათი გავლენა ბაზარზე უფრო დიდია, უფრო მეტად ხვდება ხალხს თვალში და ესეც ლოგიკურია. არალოგიკური იქნებოდა, თუ პატარა ბანკებს უცებ გამოუჩნდებოდათ დიდი ტრანზაქციები. მთლიანობაში, ეს მონაცემები იმის დადასტურებაა, რომ ბანკები სავალუტო ბაზარზე ასრულებენ ფინანსური შუამავლის ფუნქციას და თუ ბაზრის მონაწილეებისგან ყიდულობენ უცხოურ ვალუტას, ამავე ბაზრის სხვა მონაწილეებს აწვდიან მას, რაც საბანკო საქმიანობის ერთ-ერთი ოპერაციაა.

- მაგრამ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2015 წლის პირველ კვარტალში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა არარეზიდენტ ბანკებზე გაყიდეს 226 მლნ დოლარით მეტი, ვიდრე იყიდეს, ხოლო წლის განმავლობაში უცხოურ ბანკებზე 500 მლნ აშშ დოლარით მეტს ყიდიან, ვიდრე ყიდულობენ.

- მინდა დავაზუსტო, რომ ქართული კომერციული ბანკები ამ ტრანსაქციებს თავისი კლიენტების მომსახურების მიზნით ახორციელებენ, არარეზიდენტ ბანკებში არსებული "ნოსტრო" ანგარიშებიდან. სამაგიეროდ, იმავე პერიოდში, მიმდინარე წელს უცხოური ბანკებიდან წამოსულმა ტრანსაქციებმა 204 მილიონი ევროთი მეტი შეადგინა, ვიდრე ქვეყნიდან გადაირიცხა. ხოლო საშუალოდ, წელიწადში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 500 მლნ ევროს უტოლდება. მართალია, ჩვენთან ლარის კურსი ევროსთან ე.წ. კროს კურსით დგინდება ანუ აშშ დოლარი - ევროს გაცვლითი კურსის მიხედვით, მაგრამ ეს არ არის მაინც რაიმეს მანიშნებელი. საჭიროების შემთხვევებში, თავისი ან კლიენტების დავალებით, ქართული ბანკები უცხოური ბანკებისაგან ევროს ყიდულობენ ან ყიდიან არამარტო სპოტ გარიგებით აშშ დოლარის და სხვა უხოური ვალუტის სანაცვლოდ, ასევე საკმაოდ აქტიურად იყენებენ სვოპ ოპერაციებს, რაც ჩვეულებრივი ფართოდ გამოყენებადი ოპერაციაა საერთაშორისო ბაზრებზე. აქვე განვმარტავ, რომ სავალუტო სვოპი არის - ორი ვალუტის ერთდროულად ყიდვა და გაყიდვა მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით, სხვადასხვა ანგარიშსწორების თარიღებზე.

მაგალითისთვის, კომპანია, რომელსაც მოცემული მომენტისთვის ანგარიშზე აქვს ევრო და მისი შემოსავლები ექსპორტიდან დომინირებულია აშშ დოლარში. თუ კომპანიას ამჟამად დასაფარი აქვს ვალდებულებები აშშ დოლარით, მაგრამ მომავალში კვლავ დასჭირდება უცხოური ვალუტა, მას შეუძლია გააფორმოს სვოპ კონტრაქტი, რომელიც მისცემს საშუალებას არსებული უცხოური ვალუტით შეიძინოს აშშ დოლარი, მომავალში კი წინასწარ განსაზღვრული კურსით დაიბრუნოს გაყიდული უცხოური ვალუტა. ფაქტობრივად, სავალუტო ბაზრის მონაწილე არის ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი, ვინც სხვადასხვა მიზეზით ახორციელებს უცხოური ვალუტის ყიდვას ან გაყიდვას. კომერციული ბანკები კი არიან მათი ფინანსური შუამავლები, რომელთა მეშვეობით ხდება დროში და სივრცეში დაშორებული მყიდველისა და გამყიდველის მოთხოვნა-მიწოდების დაკმაყოფილება უცხოურ ვალუტაზე. ზევით მოყვანილი მონაცემები კი ამის ნათელი დადასტურებაა.

პრეტენზიები ბანკების მიმართ, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში გაისმის და ის განსაკუთრებით აქტიურდება ხოლმე სავალუტო რყევების დროს, პოლიტიკური თუ წმინდა სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე, მაგრამ ის რაც ჩვენთან ხდება, არც თუ იშვიათად უაპელაციო ბრალდებები და ხელის გაშვერა კომერციული ბანკებისკენ, ყოველგვარი მყარი არგუმენტების და ფაქტების გარეშე, არის პრინციპულად მიუღებელი და ასევე მეტად სახიფათო ქვეყნის საფინანსო ბაზრისა და ეკონომიკის განვითარებისათვის.

საქართველოში სავალუტო ბაზარზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენ მოვისმინეთ ეკონომიკის სფეროში ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი პირების შეფასებები, რომლის მიხედვითაც ქართული საბანკო სექტორი აღიარებულია არა თუ ქვეყნის, არამედ რეგიონის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტად. მაგრამ სამწუხაროდ, ემოციები არა თუ დაცხრა, არამედ კიდევ უფრო მძაფრ ტონალობაში გრძელდება.

ისეთი შთაბეჭდილებაც კი მრჩება, რომ გაჭირვებულ ხალხზე და ლარის კურსზე "ზრუნვის"გამო, კომერციულმა ბანკებმა თავადვე უნდა დაარღვიონ ან მათ "ვინმემ" უნდა "დაარღვევინოს" საბანკო საიდუმლოება და საჯაროდ გამოაცხადონ, თუ რომელმა კლიენტმა რამდენი აშშ დოლარი იყიდა ან გაყიდა. ზოგადად ასეთი როტორიკის გაგონებაზე ადამიანს შენდა უნებურად გიჩნდება კითხვა, თუ საით მივდივართ: ევროპული ღირებულებებისკენ თუ ვბრუნდებით უკან, წარსულში. ნუთუ კითხვა არ გვიჩნდება, საბანკო საიდუმლოების უგულვებელყოფის შემთხვევაში, რომელი უცხოელი ინვესტორი მოინდომებს ქვეყნის ეკონომიკაში ფულის დაბანდებას. კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ბანკის ოპერაციები არის საბანკო საიდუმლოება, რომელიც დაცულია მოქმედი კანონმდებლობით და ეს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული საერთაშორისო პრაქტიკაა.

- ექსპერტების ნაწილი, დახურული სავაჭრო სისტემის გამო, ბანკებს ბრალს სდებს ლარის კურსზე "სპეკულაციურ თამაშში"...

-  აღნიშნულ შეფასებას ბუნებრივია, არ ვეთანხმები, რადგან საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სავალუტო კურსზე ზეგავლენას ფუნდამენტური ფაქტორები ახდენს, და როგორც კი მოხდა ამ ფაქტორების დაბალანსება, ლარის კურსმა უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო გამყარება, რაც საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის გასწორებამ გამოიწვია და არა ვინმეს სურვილმა. ნაცვლად იმისა, რომ გავაანალიზოთ ის ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანი და მთლიანად ქვეყანა ვხარჯავთ უფრო მეტ უცხოურ ვალუტას, ვიდრე გამოვიმუშავებთ, და აქედან გამომდინარე ლარი ეძებს გაცვლითი კურსის ახალი წონასწორობის ნიშნულს, ზოგი "კეთილისმსურველი" სამწუხაროდ კვლავ აგრძელებს "ლარის კურსის" ცვლილებაში დანმაშავის ძიებას. სხვას რას უნდა მივაწეროთ ლარის გამყარების ტენდენციის კვლავ საბანკო სპეკულაციებზე დაბრალება და ეს იმ დროს, როდესაც ჩვენნაირი მაღალი დოლარიზაციის მქონე ქვეყანაში ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაზე "სპეცულაციური თამაში" ნიშნავს იმ ტოტის მოჭრას, რომელზეც თვითონ ბანკები ზიან. ხოლო ეს ტოტი - ანუ ყველაზე კარგი გრძელვადიანი შემოსავლიანი აქტივი არის გადახდისუნარიანი მსესხებელი, ხოლო ეროვნულ ვალუტაზე "სპეკულაციური თამაშით" ბანკი ჩაიდენდა თვითმკვლელობას, ვინაიდან ამით გააუარესებდა თავისი მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობას, რომელიც თავის მხრივ, შეფერხებებით ან ვეღარ დაუბრუნებდა სესხს, შედეგად კი ბანკი "ჯილდოდ" მიიღებდა ზარალს. ჩემთვის ცოტა გაუგებარია რატომ უნდა ფიქრობდეს ვინმე, რომ ბანკები თვითმკვლელობის მაგვარ ქცევას ჩადიან.

- რამდენად უზრუნველყოფს ბლუმბერგის სისტემა სამართლიან ფასწარმოქმნას, რაზეც ხშირად კეთდება აქცენტები?

- საქართველოში ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარის პლატფორმა არის ბლუმბერგის სავაჭრო სისტემა, რომელიც არის საერთაშორისო მასშტაბის არარეგულირებადი, ღია სავაჭრო სისტემა და მისი დახურულად წარმოჩენა შეუძლებელია. ამ სავაჭრო სისტემაში გარანტირებულად დაცულია კომერციული საიდუმლოება, რითაც იმსახურებს მონაწილეების დიდ ნდობას. ამ სისტემაში რამდენადაც ღია და შეუზღუდავია მონაწილეობა, იმდენად დახურულია სისტემის მონაწილეებს შორის კონკრეტული ტრანზაქციები, ვინაიდან ეს კომერციული საიდუმლოებაა და სხვა მონაწილეებმაც კი არ უნდა იცოდნენ სხვა გარიგების დეტალები, თუ თავად გარიგების მონაწილეები არ იქნებიან თანახმა მის სხვისთვის გაზიარებაზე. განვმარტავ, რომ მასში ჩართვა თავისუფალია და არ საჭიროებს ვინმეს ნებართვას, მათ შორის ეროვნული ბანკის. ნებისმიერ იურიდიულ პირს შეუძლია დააყენოს ეს ტერმინალი თუ თანახმაა, გადაიხადოს ტერმინალის წლიური საფასური. ტერმინალი რა თქმა უნდა, ფასიანია, ვინაიდან საფინანსო ბაზარზე კომერციული ინფორმაციის დროის რეალურ რეჟიმში მიღება ფული ღირს და რამდენადაც ოპერატიულია ინფორმაცია, იმდენად ფასობს იგი. თანამედროვე მსოფლიოში ბლუმბერგის, ასევე როიტერსის სავაჭრო სისტემის მიმზიდველობას განაპირობებს ფინანსური ინფორმაციის ნაკადების მრავალმხრივობა, ოპერატიულობა, ვაჭრობის შესაძლებლობა და სარგებლობის მობილურობა. ისინი არიან მსოფლიოში უპირობო ლიდერები საფინანსო ბაზრების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და ბაზრის მონაწილეებისათვის. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან ერთი კომპიუტერის და ინტერნეტის დაცული ხაზის მეშვეობით, ამ სავაჭრო სისტემებით შეიძლება ერთდროულად ივაჭროთ სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით სხვადასხვა ბაზრებზე.

დღეს, როდესაც არასწორად კეთდება აქცენტები სავალუტო ბირჟებზე, უნდა აღვნიშნო, რომ სავალუტო ბირჟებმა ვეღარ გაუწიეს კონკურენცია ამ ღია, მაღალტექნოლოგიურ ელექტრონულ სავაჭრო სისტემებს. შესაბამისად, მოუწიათ პოზიციების დათმობა და ფაქტობრივად, აღარ პოზიციონირებენ არც ერთ განვითარებულ ფინანსურ ბაზარზე. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ საბანკო საიდუმლოებაზე ასეთ გაუაზრებელ მოსაზრებებს, შეუძლია სერიოზული ზიანი მოუტანოს ქვეყანაში ყველაზე წარმატებულ საბანკო სექტორს.

უნდა გვახსოვდეს, რომ საბანკო სექტორის, მით უმეტეს, წამყვანი კომერციული ბანკების რეპუტაციული რისკის ზრდა მთლიანად აისახება ქვეყნის საფინანსო სექტორზე, საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციებზე. აქედან გამომდინარე, მე არა მგონია ეს ვინმეს ინტერესებში შედიოდეს, რადგან საბოლოო ჯამში წაგებული დავრჩებით ყველა. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ყველა ჟურნალისტთან, ექსპერტთან და ამ საკითხებით დაინტერესებულ პირებთან, გაითვალისწინეთ, რომ ბანკების და კლიენტების სავალუტო ოპერაციებზე ცნობისმოყვარეობა უნდა მთავრდებოდეს იქ, სადაც იწყება საბანკო საიდუმლოება. ეს არის ყველა მეტ-ნაკლებად განვითარებული ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკა, წესი და ჩვევა.