რა პროფესიებს ირჩევენ აბიტურიენტები და რატომ

ეკონომიკა, ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და ჟურნალისტიკა - ეს ის პროფესიებია, რომლებსაც ქართველი აბიტურიენტები ყველაზე ხშირად ირჩევენ, რისი მიზეზიც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დასაქმების შემთხვევაში მაღალი ანაზღაურების ხიბლია.

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, წელს გამოცდებისათვის 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი ემზადება. ერთიან ეროვნულ გამოცდამდე თვეზე ნაკლები დარჩა, თუმცა რომელი პროფესია ან უნივერსიტეტი ლიდერობს, ჯერ ცნობილი არ არის. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ”რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, 5-7 წლის განმავლობაში მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი უცვლელი რჩება.

”ბოლო რამდენიმე წელია, ალბათ 5-7 წელია, რაც ეკონომიკური მიმართულებებია პოპულარული. წელს საბოლოო არჩევანი აბიტურიენტებს ჯერ არ გაუკეთებიათ, ყოველდღიურად იცვლება, თუმცა ბოლო წლებია, პროფესიების რეიტინგი კვლავ იგივე რჩება. პირველ ადგილს ეკონომიკური მიმართულებები იკავებს. როგორც წესი, პირველს ეკონომიკურს წერენ ხოლმე. გარდა ეკონომიკისა, მოთხოვნადი პროფესიებია - იურისპრუდენცია, ფსიქოლოგია და ჟურნალისტიკა. როგორც წესი, ამ მიმართულებებზე კონკურსიც მაღალია. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე წელია საინჟინრო და აგრარულ სპეციალობებზე, ასევე საბუნებისმეტყველო პროფესიებზე - ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია - მოთხოვნა გაიზარდა. ამ მიმართულებების მიმართ ინტერესის გაზრდა უფასო ფაკულტეტების შემოღებამ გამოიწვია. ფაკულტეტების პრესტიჟულობა, როგორც წესი, ყოველწლიურად არ იცვლება და ბოლო 5-7 წელია, ერთი და იგივე მიმართულებებზეა მოთხოვნა. მაგალითად, 10 წლის წინ ძალიან პოპულარული იყო იურიდიული ფაკულტეტი, მართალია ახლაც ძალიან მოთხოვნადია, თუმცა ეკონომიკური უფრო პოპულარული გახდა. ასევე მოთხოვნა გაიზარდა საინფორმაციო ტექნოლოგიური სპეციალობების მიმართაც.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, რამდენიმეს დავასახელებდი: თსუ-ს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე თავისუფალ და ტექნიკურ უნივერსიტეტებს. უმაღლესის არჩევის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია ადგილების რაოდენობა და ფასი. როგორც წესი, სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფრო მეტად ირჩევენ, რადგან გადასახადი უფრო დაბალია. თუმცა, რამდენიმე კერძო უნივერსიტეტსაც გამოვყოფდი, ესენია - თავისუფალი, კავკასიის უნივერსიტეტები და კავკასიის ბიზნეს-სკოლა”,- განაცხადა მინდაძემ.

ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია ”რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ შრომის ბაზარი და უნივერსიტეტების მოთხოვნა ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა.

”აბიტურიენტების მხრიდან მოთხოვნა შეიძლება იყოს არა იმიტომ, რომ ბევრი ადგილია, არამედ იმიტომ, რომ დასაქმების შემთხვევაში ანაზღაურებაა მაღალი. პროფესიების არჩევისას ორი ფაქტორი მოქმედებს: ერთი, დასაქმების შემთხვევაში მაღალი ანაზღაურება და მეორე, დასაქმების მაღალი შანსი. თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა ინტერესებიც არსებობს და მხოლოდ ამ მიზეზებით არ ირჩევენ. დღეს საქართველოში ეკონომიკურ მიმართულებებზე მაღალანაზღაურებადი სამსახურებია და ამიტომაც ირჩევენ. იმის გამო, რომ ამ განხრით ჩაბარების მსურველთა რაოდენობა მაღალია, დამსაქმებელი უფრო მაღალკვალიფიციურ კადრს ეძებს. ბაკალავრიატის დიპლომი დასაქმებისთვის საკმარისი აღარ არის, ამიტომ იმისათვის, რომ დასაქმდნენ, სწავლას მაგისტრატურაში აგრძელებენ. თუმცა აქაც იყოფიან კატეგორიებად - ერთი ნაწილი მაგისტრატურაში აბარებს, მეორე კი თავისი პროფესიით არ მუშაობს და თუნდაც სუპერმარკეტში გამყიდველად იწყებს მუშაობას”, - განაცხადა ჯანაშიამ.

როგორც პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი ჯემალ მებონია ”რეზონანსთან” ამბობს, სახელმწიფო უნივერსიტეტს თავად უნდა უკვეთავდეს იმ პროფესიას, რაც 20 წლის მერე დასჭირდება.

”სახელმწიფომ უნდა დაგეგმოს 10-20 წლის შემდეგ, რა პროფესიის ხალხი დასჭირდება. მაგალითად, გამოითვალო და ნახო, რომ 10 წლის შემდეგ გჭირდება 50 ფიზიკოსი, 200 იურისტი და ა.შ. მან ფული უნივერსიტეტს ამ მიმართულებით უნდა გამოუყოს. უნივერსიტეტი მხოლოდ იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, თუ რამდენი ჩააბარებს და მერე იმის შიში არ ჰქონდეს, ეს ბავშვები არ გადავიდნენ და არ დაკარგონ სტუდენტების რაოდენობა. ასე სწავლის ხარისხიც უფრო მაღალი იქნება. როგორ გგონიათ, ქვეყანას აგრონომები და ზოოვეტერინარები არ სჭირდება? როგორ შეიძლება პროფესია მხოლოდ მოდას აყოლილებმა ავირჩიოთ?! აბიტურიენტებიც პროფესიებს პრაქტიკული მოსაზრებიდან ირჩევენ, ფიქრობენ, რომ ამა თუ იმ პროფესიის დაუფლების შემთხვევაში სამსახურს ადვილად იშოვიან. სტუდენტები სხვა ინტერესებიდან უნდა ირჩევდნენ, ამა თუ იმ პროფესიის მიმართ მოწოდებულები უნდა იყვნენ. საქართველოში ასეთი ბავშვები არსებობენ და მათი მოძებნაა საჭირო. შეიძლება მოსწავლე ძალიან ნიჭიერი და მოწოდებულიც იყოს, მაგრამ სახელმწიფომაც უნდა დააინტერესოს, რომ წარმატებული იქნება, უნდა დაანახონ, რომ მომავალში შეუძლიათ გახდნენ მცენიერები, პროფესორი და ა.შ. ამ  საკითხთან დაკავშირებით სკოლებში უნდა მიდიოდეს აქტიურად მუშაობა. თავად უნივერსიტეტებში სკოლა-ლიცეუმები უნდა იყოს, იქ უნდა ხდებოდეს აბიტურიენტის პროფესიით დაინტერესება”, - განაცხადა მებონიამ.

ლიკა ამირაშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”