გაუმჯობესდა თუ არა საქართველოს რიგითი მოქალაქის მდგომარეობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში

არსებობს კი ქვეყანაში მიმართულება, რითიც ქვეყნის რიგითი მოქალაქე კმაყოფილია? შეძლებს რიგითი ქართველი, დაასახელოს ათი რამ, რამაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა?

Ambebi.ge-ს რედაქციამ მცირე სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვა თბილისში, ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მიმდინარეობდა. ჩვენ ასევე ვისარგებლეთ ინტერნეტ-სერვისებით და რესპონდენტებმა ინტერნეტში განთავსებული სპეციალური აპლიკაცია შეავსეს. ჯამში, დაახლოებით 600-მა რესპონდენტმა დააფიქსირა თავისი აზრი. გამოკითხვის მიზანი იყო დაგვედგინა, თუ რა შეიცვალა რიგითი მოქალაქის ცხოვრებაში, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. კითხვარი 10 შეკითხვას მოიცავდა.

ზოგადი ტენდენციები, რომლებიც გამოკითხვის შედეგების განხილვისას გამოიკვეთა, ასეთია:

კითხვა 1: პირველადი მოხმარების საგნებისა და კვების პროდუქტების შეძენა. გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი მსყიდველობითი უნარი?

მოქალაქეების მსყიდველობითი უნარი არ შეცვლილა. ისინი, მხოლოდ აუცილებელი პროდუქტების შეძენას ახერხებენ. გარკვეულ ნაწილს მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე 10 წლის წინ ჰქონდა, მაგრამ ფასების მატების ფონზე, მსყიდველობითი უნარი ან იგივე რჩება, ან მცირდება კიდეც.

კითხვა 2: მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა, საავადმყოფოებში მომსახურების მიღება, დაზღვევა - შეიცვალა თუ არა ამ კუთხით რამე უკეთესობისკენ თქვენთვის?

მოქალაქეებს უჭირდათ და უჭირთ მედიკამენტების შეძენა. მაშინაც კი, როდესაც მათი პირადი ან ოჯახის შემოსავალი გაზრდილია, მედიკამენტების შეძენა რთულია. თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა, დაზღვევასთან დაკავშირებით, იქნება ეს საყოველთაო თუ იმ სამსახურის შეთავაზებული, პოზიტიურ დამოკიდებულებას აფიქსირებს. მედიკამენტების შეძენის ხელისშემშლელ ფაქტორებად ბევრი რესპონდენტი მათ გაძვირებას და რეცეპტების შემოღებას ასახელებს.

3. გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი პირადი ან ოჯახის შემოსავალი? თუ გაიზარდა, რატომ?

გამოკითხული მოქალაქეების ის ნაწილი, ვინც უკვე პენსიონერია, ასახელებს, რომ ოჯახის შემოსავალი შემცირდა, მაგრამ შრომისუნარიანი მოსახლეობა, ძირითადად, აღნიშნავს, რომ შემოსავალი გაეზარდა.

4. შრომითი უფლებები - რამდენად გაუარესდა ან გაუმჯობესდა თქვენი სამუშაო გარემო და პირობები?

შრომით უფლებებთან დაკავშირებით უმეტესობა ამბობს, რომ ან საერთოდ არ შეცვლილა სამუშაო გარემო და პირობები, ან მცირედით გაუმჯობესდა.

5. იძლევა თუ არა, ჩვენს ქვეყანაში მიღებული განათლება დასაქმებისა და რეალიზების საშუალებას? როგორია ამ კუთხით თქვენი პირადი გამოცდილება?

ჩვენს ქვეყანაში მიღებულ განათლებას მოქალაქეთა უმრავლესობა არაპერსპექტიულად აღიქვამს. პირად საუბრებში რესპონდენტები საქართველოში არსებული ნეპოტიზმის მაღალ მაჩვენებელზე მსჯელობენ. მათი აზრით, დასაქმება იმ შემთხვევაშია ადვილი, თუ კარგი ნაცნობი, ე.წ. ”კრიშა” გყავს, თუმცა რესპონდენტების მცირე რაოდენობამ მიღებული განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პირადი გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით დადებითი აქვს - მათ პროფესიით დასაქმება შეძლეს.

6. გაქვთ თუ არა, მცირე ბიზნესის დაწყების სურვილი/ შესაძლებლობა და რატომ? მცირე ბიზნესის დაწყების სურვილს გამოკითხულთა უმრავლესობა არ აფისქირებს.

7. გაიზარდა თუ შემცირდა უსაფრთხოების შეგრძნება - რამდენად უსაფრთხოა თქვენთვის თქვენი გარემო? ქვეყანა?

უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. რესპონდენტები ან ამბობენ, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, ან ისინი, ვინც აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების შეგრძნება შემცირდა, უკანასკნელ პერიოდს ასახელებენ. ერთ-ერთმა რესპონდენტმა ქუჩაში გამოკითხვის დროს რამდენიმე დღის წინ საკუთარი მაღაზიიდან გამქრალ საფულეზე მოგვითხრო, რომელშიც ვერცხლის საყურე, 230 ლარი და 120 ამერიკული დოლარი იდო. მოქალაქეების აზრით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კრიმინალის შემთხვევები გახშირდა.

8. გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ცხოვრების პირობები: 1. საკუთარ სახლში 2. საკუთარ ქუჩაზე 3. საკუთარ ქალაქში ( გაუმჯობესდა თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურება)

აღსანიშნავია ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ერთი ტენდენცია: რესპონდენტთა უმრავლესობა ამბობს, რომ ქუჩები და გზები მოწესრიგდა. თუმცა უარყოფითი დამოკიდებულებაა მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართ.

9. რამდენად ხშირად მიმართავთ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ლომბარდებს და რატომ?

გამოკითხულთა უმრავლესობა ხშირად მიმართავს ბანკებს და ლომბარდებს, ან უკვე აქვს ბანკში სესხი და მას იხდის. მოქალაქეები ამის ძირითად მიზეზად მცირე შემოსავალს ასახელებენ. მათი თქმით, შემოსავალი ხარჯებს ვერ წვდება და იძულებულები არიან, სესხი აიღონ ან ნივთები დაალომბარდონ. რესპონდენტთა შედარებით მცირე რაოდენობა კი აღნიშნავს, რომ ისინი მსგავს ორგანიზაციებთან ურთიერთობისგან თავს შორს იჭერენ, მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო.

10. გაქვთ თუ არა თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მომავლის უზრუნველყოფის საშუალება: 1. თანხის დაბანდება 2. გარკვეული დანაზოგის შექმნა 3. განათლებაში ინვესტირება.

სასიამოვნო ფაქტია, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა განათლებაში ფულის ინვესტირებას ცდილობს. გამოკითხული რესპონდენტების უდიდესი ნაწილი ვერც მცირე დანაზოგის გაკეთებას, ვერც ფულის დაბანდებას ვერ ახერხებს, მაგრამ განათლებაში მცირე თანხებს მაინც ხარჯავს. ”განათლებისთვის ყველაფერს გავიღებ. მაგრამ საქართველოში ანაზღაურების პირობები განათლებაში ინვესტირების შესაძლებლობას ართულებს. თუმცა ოჯახი რაღაცნაირად ვუმკლავდებით შვილის განათლებას”, - მიუთითა კითხვარში 43 წლის ქალბატონმა განათლებაში ინვესტირებასთან დაკავშირებით.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი მხოლოდ პირველადი საჭიროების საგნებისა და პროდუქტების შეძენას ახერხებს. მცირე დანაზოგის გაკეთება, ბიზნესის დაწყების მიზნით მცირე კაპიტალის დაგროვება უმრავლესობისთვის ფუფუნებას წარმოადგენს. "უბრალოდ, ვარსებობთ" - ხშირად იყო ასეთი პასუხები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოქალაქეებს შემოსავალი გაეზარდათ, ფულის გადადებას ვერ ახერხებენ, რადგან პროდუქტებზე და მედიკამენტებზე ფასებმა მოიმატა: შემოსავალი გაიზარდა, მაგრამ ხარჯიც გაიზარდა. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მოქალაქეები ცდილობენ, განათლებაში მაინც ჩადონ მცირე თანხები, რათა საკუთარი შვილების მომავალი შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE