ვის გააქვს ძველი იარაღი საქართველოს მთიანეთიდან

"რამდენიმე ჯგუფი პირდაპირ დაძრწის საქართველოს მთიანეთში... ჩვენ­ი ანტიკვარული იარაღიც საქართველოდან გაიტანეს და თურქეთში გაყიდეს!"

ქართული იარაღის ოსტატი ზურაბ ბიჩინაშვილი თბილისის ძველ უბანში­ ცხოვრობს. მის ოჯახში სტუმრობისას­ თვალში­ გეცემათ ძველ ქართულ ტალავარში გამოწყობილი "მეომარი" მანეკენი,­ რომელიც თითქოს შუა საუ­კუნეებიდან გადმოსულა ჩვენს დროში. ეზოში­ ჯაჭვის პერანგი კიდია, რომელსაც­ მასპინძელი დიდი რუდუნებით ქსოვს. მეგონა, ბატონ ზურაბს ეს ხელობა წინაპრებისგან ჰქონდა ნასწავლი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

- თვითნასწავლი ვარ, ცოდნა­ დიდი ხნის დაკვირვების, შრომისა და გამოცდ­ილების შედეგად შევიძინე. ძველად მემკვი­დრეობით გადადიოდა ამა თუ იმ ხელ­ო­ბის საიდუმლო, მაგრამ შემდეგ ეს ტრადიცია დაიკარგა. სხვათა შორის, მეც გვიან დავინტერესდი ამ საქმით... რასაც ვაკეთებ, ჩემი სულის გამოძახილია და თუ ჩემს შვილს გაუჩნდება სურვილი, ქართული იარაღის ოსტატი გახდეს, წინააღმდეგი­ არ ვიქნები. ყველა სახეობის იარაღი მიყვარს, მაგრამ უფრო ახლოს ჩემს ბუნებასთან ხევსურული იარაღია.

- იარაღის ოსტატები, ალბათ, კარგი მეომრებიც იყვნენ.

- არა, ისინი კარგი მჭედლები იყვნენ. შეიძლება იარაღის ოსტატს გულიც ერჩ­ოდა საომრად, მაგრამ კარგ მჭედელს ომში არავინ უშვებდა, რადგან ის რომ მომ­კვდარიყო, მთელი მისი თემი და კუთხე­ იარაღის ოსტატის გარეშე რჩებოდა. ამიტომაც უფრთხილდებოდნენ. მესაჭურვლე­ მჭედელი ნაკლები იყო, ვიდრე საყოფაც­ხოვრებო და შრომის იარაღების დამამზა­დებლები. იარაღის მჭედლები ყოფნა-არყ­ოფნის საკითხს წყვეტდნენ, სხვები კი ყოფით პრობლემებს.

- ქართულ იარაღს ახლა, ალბათ, უფრო კოლექციონერები ყიდულობენ.

- ძირითადად, კოლექციონერები ყიდულობენ, მაგრამ ხშირად საჩუქრადაც უნდათ. ქართულ ფარ-ხმალს პოსტსაბჭ­ოთა ქვეყნებიდან გასული ემიგრანტებიც­ ხშირად ყიდულობენ, იშვიათად - უცხ­ოელები.

- რა მასალისგან ამზადებთ ხმალს?

- ხმლის პირი მზადდება ფოლადისგან,­ რომელშიც ნახშირბადის შემცველობა მაღალია. ხმლის პირი აუცილებლად ფოლადისა უნდა იყოს, რადგან მასალა, რომელიც არ იწრთობა, ხმლისთვის არ გამოდგება. რაც უფრო მეტია ფოლადში­ ნახშირბადის შემცველობა, მით უკეთესია. ხმლის დასამზადებლად, ფოლადს ვაძლევთ ფორმას, მერე კი ვამუშავებთ. პირის მეტისმეტად გათხელება დაუშვებელია, რადგან წრთობისას შეიძლება დაიგრიხოს ან ბზარები გაუჩნდეს. გამოწრთობის შემდეგ­ საჭიროა ხმლის გამოწვა, ანუ მოლბობა, რადგან გამოწრთობილი ხმალი მაგარია და მყიფე, ანუ მსხვრევადი,­ ეს რომ გამო­ვრიცხოთ, უნდა "მოვუშვათ", ანუ გამოვალბოთ 300 გრადუს ტემპერატურაზე. საინტერესოა ხმლის ვადის დამზადების პროცესიც: ხმლის პირსა და ტარს შორის თავსდება მოწინააღმდეგის ხმლისგან დამცავი ჯვრის ფორმის დეტალი, რომელსაც ვადაჯვარს უწოდებენ. ვადაჯვარი რკინისა უნდა იყოს, თუმცა მისი დამზადება თითბრისგანაც შეიძლება, იშვიათად, ვერცხლისგანაც მზადდება. ტარად დაგებული ხის მასალა ტყავით იფარება, რის შემდეგაც მოირთვება ვერცხლის ან ნაკლებად ძვირფასი ლითონის სტილიზებული სალტეებითა და დაბოლოებით - ე.წ. ვაშლით.

- ხმლის პირის დამზადება უფრო რთულია­ თუ ქარქაშისა?

- ორივეს თავისებური ტექნოლოგია აქვს. ქარქაშს ხის მასალისგან ვამზადებ, უმეტესად, ცაცხვისგან. ის კარგად იტანს სინესტეს, არ ლპება და ფიჭვის ან ნაძვის­ მსგავსად, ზეთოვანიც­ არ არის. მასზე შემოიკვრება ტყავი, ხოლო ტყავზე - საცვეთები, სალტეები და სხვა დეტალები, რომლებიც ქარქაშს ახლავს. ქარქაშის ძირითადი დეტალებია: ორი ჩამოსა­კიდი და სათიხარი, რომელიც ხშირად ძირს ეთრევა. ეს ყველაფერი საიმედოდ იცავს ხმალს დაზიანებისგან. მთავარი მაინც ხმლის პირია, ვადა და ქარქაში შემდეგ კეთდება. ხმლის სატარებლად აუცილებელი ატრიბუტი იყო სამხ­არიღლიო, რომელიც წელზე ჰქონდათ შემორტყმული და მხარზე გადაკიდებული. სამხარიღლიოს ყაწიმებით ამშვენებდნენ.

- ფარი, ალბათ, ხმალზე ადვილი დასამ­ზადებელია?

- რა თქმა უნდა. ხევსურული ფარი მრგვალია და რამდენიმე დეტალისგან შედგება: ეს არის წრეები, რომლებსაც გირგოლებს ეძახდნენ და შუაში გამობერილი მრგვალი ადგილი. მას ბრძოლაში თავდაცვის მიზნით იყენებდნენ. ფარს ხელში საბღუჯით იჭერდნენ. საბღუჯი ტყავის თასმებისგან კეთდება ფარის შიდა მხარეს. არსებობს ხელის ფარი, რომელსაც ხელში იჭერდნენ და თავს ასე იცავდნენ, მეორე კი უბის ფარია, რომელსაც ტალავარში იდებდნენ. ეს იყო გულმკერდის ფორმის ფარული დამცავი საშუალება, რომელიც თვალით არ ჩანდა. ხელის ფარი ორნაირად მზადდება: ერთი არის ტყავის ფუძეზე აწყობილი - მისი დამზადებისას დეტალები ტყავის ფუძეზე კეთდება, მერე კი ტყავი ნახშირითა და ფერფლით იღებება. არსე­ბობს რკინის ფუძეზე აწყობილი ფარიც, ისიც შავად შეიმჭვარტლება და შეიღებება. ფარი შეიძლება რკინისა იყოს, ხმალი და სხვა ნებისმიერი ცივი იარაღი კი აუცილებლად ფოლადისგან უნდა დამზადდეს. რკინის გამოყენება იარაღის დასამზადებლად გამორიცხულია.

- საქართველოს რომელ კუთხეში აკეთებდნენ გამორჩეულ იარაღს?

- ყველა კუთხეს ჰყავდა ცნობილი ოსტატები, თუმცა ძველი ქართული იარაღის დიდი ნაწილი ხევსურეთში შემორჩა­, უფრო სწორად, ფხოვში. ხევსურეთი და ფშავი რამ გაყო ერთმანეთისგან? ეს დაყოფა გვიანდელია, თორემ ფხოვი ისტორიულად ერთ კუთხედ იყო მიჩნეული. თუშეთში, ფშავსა და ხევსურეთში მსგავსი­ შეიარაღება ჰქონდათ, ოღონდ თუშები ომის დროს ფარს არ იყენებდნენ. ისინი­ შედარებით მოკლე ხმლებს ირჩევდნენ და ორი ხმლით იბრძოდნენ: თითო ხელში თითო ხმალი ეჭირათ და ასე იბრძოდნენ. მეორე ხმალი თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა, შეტევისთვისაც კარგი იყო და მტრისთვის ორმაგად რთულდებოდა ასეთ მებრძოლთან გამკლავება. კარგ იარაღს ამზადებდნენ კახეთში. კახელები მარჯვედ ხმარობდნენ ფარ-ხმალს, შუბს, მახვილს, ჰოროლსა და სხვა იარაღებს. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ამზადებდნენ იარაღს, რადგან ეს არ იყო ფუფუნების საგანი, არამედ ყოველდღიური, ფართო­ მოხმარებისა. იარაღი ჩვენთან ჩრდილოეთ კავკასიიდანაც შემოჰქონდათ, იტალიიდანაც, საქართველოდან უცხოეთშიც გაჰქონდათ ძალიან კარგი იარაღი. ეს კავშირები ადრეული შუა საუკუნეებიდან მოდის. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ჩერქეზული­ სტილის იარაღი იყო გავრცელებული, რომელსაც ჭოლაურს უწოდებდნენ.

იხილეთ გაგრძელება