ბაღში, სადაც ბომბები სკდებოდა, ახლა ნერგები ხარობს

"დღეს იმედს ჟოლოზე ვამყარებ..."

2008 წელს სოფელი ზემო ნიქოზი ფრონტის ხაზის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი იყო. აქ დღესაც ომის სუნი ტრიალებს - სოფლიდან რამდენიმე მეტრში ე.წ. მესაზღვრეები დგანან და ტერიტორიას აკონტროლებენ. თუმცა, ადგილობრივები ოკუპაციას არც დღეს ეგუებიან და სოფლის დატოვებასაც არ აპირებენ. პირიქით, ზემო ნიქოზში ე.წ. საზღვრის გასწვრივ სათბურებია გაშენებული... "კვირის პალიტრა" ზემონიქოზელ ილია მინდოშვილს ესაუბრა:

- აქ პრაქტიკულად, თვითგადარჩენისთვის ვცხოვრობთ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, იმედს მაინც არ ვკარგავთ. ჩემს სახლსა და ეზოს ვუვლი, ცოტა ხნის წინ ვაშლის ნერგები ამოვყარე. სამწუხაროდ, ხილი აღარ იყიდებოდა და ოჯახსაც ვერ ვარჩენდი. ახლა ჟოლოს გაშენება გადავწყვიტე. საბედნიეროდ, USAID-დან (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ნერგები დაგვირიგეს და მისი მოვლაც გვასწავლეს. დღეს მთელ იმედებს სწორედ ჟოლოზე ვამყარებ... ჩვენთან ერთად, მის დამწიფებას ქარხნის მფლობელებიც ელოდებიან - მზად არიან, მთლიანი მოსავალი ჩაიბარონ.

- ამერიკულ ჟოლოს ზემო ნიქოზში განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება?

- არა... ყოველ დილით გამოვდივარ, ბალახს ვაცლი, ვმარგლავ და ქვებსაც ვაშორებ. ნაყოფს ვეფერები. საბედნიეროდ, სარწყავი სისტემა უკვე დავამონტაჟეთ. რაც მთავარია, ამ საქმით ახალგაზრდებიც დაინტერესდნენ. რამდენიმე მეზობელს ნერგი გავუნაწილე კიდეც. უახლოეს მომავალში ფუტკრის შეძენასაც ვაპირებ, რადგან მცენარეების დამტვერვა აუცილებელია. ბაღი ე.წ. საზღვრის მეორე მხარესაც მაქვს, ადრე ჩუმად გადასვლას ვახერხებდი, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, კუთვნილ მიწაზე ვერ გადავდივარ. ჟოლოს მოვლაში შვილებიც ხალისით მეხმარებიან. თუ საკუთარი ტრაქტორიც მეყოლება, პლანტაციას აუცილებლად გავაფართოებ. სამწუხაროდ, სოფელში შიში დღემდე ვერ განელდა. ზოგი სახლის შეკეთებასაც კი ერიდება, - არავინ იცის, ხვალ ღამის გათენება სად მოგვიწევსო, მაგრამ სად უნდა წავიდეთ?

- თქვენი ბაღიდან ე.წ. მესაზღვრეები­ ჩანან.

- ყოველ დილით, სანამ ბაღში მოვალ, ე.წ. საზღვრისკენ ვიყურები, რომელიც აქედან დაახლოებით 100 მეტრშია. საღამოობით, ბაღში სამუშაოდ როცა გამოვდივარ, რუსების საუბარიც კი მესმის. აქ ყველგან სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, მუდმივად გვაკვირდებიან და გვითვალთვალებენ. ზოგჯერ ხელსაც ვუქნევ ხოლმე და ვანიშნებ, - ტყუილად მიყურებთ, ჩემს ბაღში ვმუშაობ-მეთქი. ჩემი ბაღის ტერიტორიაზე 2008 წელს საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ამ ყველაფრის შემდეგ სოფელს ცოცხალი თავით არ დავტოვებთ. პირიქით, მტრის ჯიბრზე აქაურობას ავაყვავებთ.

- სახელმწიფო არ გეხმარებათ?

- ჩვენი მთავარი მოთხოვნა წყალი და გაზი იყო. სოფელში ეს პრობლემა ცოტა ხნის წინ მოგვარდა. კარგი იქნება, საზღვრისპირა სოფლებში სხვა პროექტებიც თუ განხორციელდება, მოსახლეობას მეტი სტიმული სჭირდება, რომ ასეთ პირობებში აქ ცხოვრებას შეეჭიდოს.

რუსუდან შელია

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"