ტაინძინის აფეთქება ჩინეთს მილიარდები დაუჯდება

ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საპორტო ქალაქ ტიანძინში მომხდარმა აფეთქებამ ამ დროისთვის 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ უფრო მეტი დაშავდა და გააჩინა სერიოზული კითხვები ჩინეთის ინდუსტრიაში არსებულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ინციდენტმა სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ კომპანიებს.

გთავაზობთ 19 აგვისტოსთვის არსებულ მონაცემებს:

სადაზღვევო პრემიების ღირებულება შესაძლოა, მილიარდ-ნახევარ დოლარს გაცდეს - ჩინური სადაზღვევო კომპანიები ყველაზე დიდი მსხვერპლი აღმოჩნდა ამ აფეთქებაში. Fitch Ratings-ის მონაცემებით, სადაზღვევოების ასანაზღაურებელმა თანხამ შესაძლოა 1,5 მლრდ დოლარს გადააჭარბოს. ძირითადი ხარჯი მოდის ავტო და სასაქონლო ანაზღაურებაზე. მცირე, თუმცა რამდენიმე ათასს შესაძლოა მიაღწიოს ადამიანების სიცოცხლის დაზღვევისთვის გასაწევმა ხარჯმა, თითოეული დაშავებული 3,100-დან 5,500 დოლარამდე კომპენსაციას მიიღებს, გარდაცვალების შემთხვევაში კი ეს თანხა 7,800 დოლარამდე იზრდება..

განადგურებული ავტომობილების ღირებულება სულ ცოტა 700 მილიონს აღწევს - ტიანძინის პორტზე, ჩინეთში იმპორტირებული ავტომობილების 40% მოდის. გამოცემა China Daily-ს ცნობით, საერთაშორისო ავტომწარმოებლებმა 312,5 მილიონი დოლარის ზარალი ნახეს. მათ შორის არიან Volkswagen, Renault, Toyota და BMW. ასევე იზარალა სოფლის მეურნეობის ავტომობილების მწარმოებელმა ადგილობრივმა Sinomach Automobile-მ, რომლის ფინანსურმა ზარალმა 479 მილიონი დოლარი შეადგინა. ცნობისთვის,  ყველა განადგურებული ავტომობილი დაზღვეული იყო და შესაბამისად კომპანიებს კომპენსაციას სადაზღვევო კომპანიები აუნაზღაურებენ.

დაკარგული შემოსავლები - გარდა აფეთქების შედეგად უშუალოდ მიყენებული ზარალისა, ასევე აღსანიშნავია იმ კომპანიების შემოსავლების შემცირება, რომლებიც ინციდენტის ადგილის არეალში ოპერირებდნენ. მათ შორის არის იაპონური Toyota, რომელმაც სამი საწარმოო ხაზი დროებით შეაჩერა. ამასთან, წარმოების სხვაგან გადატანაზე დაიწყეს მუშაობა ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა Panasonic-ი, ლოჯისტიკური კომპანია Singamas Container Holdings-ი და ამერიკული სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე კომპანია Deere & Co. ამასთან,  აფეთქებიდან მომდევნო დღეს უკვე განახევრდა სათევზაო რეწვა,  ხოლო ნავთობპროდუქტების საზღვაო მიმართულებებს ცვლილება არ შეხებია.

საერთო ზარალის მაჩვენებლებში აუცილებლად მოხვდება მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები ადამიანების ახალი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გასაწევი დანახარჯები, რომელიც რამდენიმე ასეულ ათას დოლარს მიაღწევს. ასევე, დაღუპული მეხანძრეების ოჯახებისთვის კომპენსაციის თანხა, რომელიც დათვლილია და 366 ათას დოლარს შეადგენს.

კოკა კვირკველია