400 ათასი სოციალურად დაუცველიდან, სამუშაოს მხოლოდ 4 700 ეძებს - საგანგაშო სტატისტიკა და სამუშაოზე უარის თქმის მოტივი

გადაჭარბებული ნათქვამი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა გაორმაგდა. ფაქტობრივად, დღე არ გავა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სტატუსისა და შემწეობის მისაღებად მოქალაქეებმა არ მიმართონ. ზუსტი მონაცემი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველთა რაოდენობის შესახებ არ არსებობს. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, ეს რიცხვი ყოველდღიურად მერყეობს, რადგან სოციალურად დაუცველების ხელახალი რეგისტრაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, სრული სურათი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 400 ათასამდე სოციალურად დაუცველია. სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად და საზოგადოების ამ ნაწილის გასააქტიურებლად, ჯანდაცვის სამინისტრომ წელიწად-ნახევრის წინ ახალი სოციალური პროექტი წამოიწყო - worknet.ge და ის ნებისმიერ მოქალაქეს სამუშაოს ძებნის საშუალებას აძლევს. ძირითადი სამიზნე ჯგუფი კი, სოციალურად დაუცველები არიან. თუმცა, bpn-თან საუბარისას დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეა სტურუა იმედგაცრუებას არ მალავს და ამბობს, რომ სოციალურად დაუცველები არათუ შეთავაზებულ სამუშაოზე, არამედ სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირებაზეც კი უარს ამბობენ. ძირითადი მიზეზი დაბალანაზღაურებადი სამუშაო და შემწეობის დაკარგვის შიშია. ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან სწორი გათვლებია საჭირო, რაც მოქალაქეებს დაცულობის გარანტიას მისცემს. სხვა შემთხვევაში, ამ ჯგუფის დასაქმება პრობლემად დარჩება. გასული კვირის მონაცემებით, რომელიც bpn.ge-ს დასაქმების ფონდმა მიაწოდა, სახელმწიფო დასაქმების საიტზე 45 283 სამუშაოს მაძიებელია დარეგისტრირებული. აქედან, სოციალურად დაუცველია 4 700. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვი 400 ათასს აჭარბებს, ეს რიცხვი მართლაც ზღვაში წვეთია.

თეა სტურუა, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ცხადია, აქ წარმოდგენილი სამუშაოები მაღალანაზღაურებადი არ არის. ამიტომ, სოციალურად დაუცველების უმრავლესობა სამუშაოზე უარს ამბობს. საერთოდ არ მოდიან, ვურეკავთ და ვეხვეწებით რომ მოვიდნენ, მაგრამ უშედეგოდ. საიტზე დარეგისტრირებაზეც კი უარს ამბობენ. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირებაზე 7 000-მა სოციალურად დაუცველმა თქვა უარი. მათ იციან, თუ შეთავაზებულ სამუშაოზე უარს იტყვიან, ოდესღაც შეიძლება შესაბამისი ზომები მივიღოთ. საიტზე გვაქვს ვაკანსიები, რომელთა ანაზღაურება 250-500 ლარია. პრობლემაა ისიც, რომ ზოგს მუშაობა ეზარება. ნებისმიერი სამსახური გარკვეულ რეჟიმსა და წესრიგს მოითხოვს. ამიტომ, ბევრი შინ ჯდომას და უსაქმოდ ყოფნას ამჯობინებს. სამწუხაროდ, მათზე ზემოქმედების მექანიზმი არ გვაქვს, ჩვენ მხოლოდ ვთავაზობთ, მათ უარის თქმის უფლება აქვთ. ახალ პროგრამებს ვგეგმავთ, გვინდა საზოგადოების ეს ნაწილი გავააქტიუროთ, თუნდაც დღიური სამუშაო მაინც შევთავაზოთ და ხელფასს ჩვენ გადავუხდით.“

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც თეა სტურუა საუბრობს, აღურიცხავი დასაქმებაა.

სოციალურად დაუცველთა ნაწილი დასაქმებულია, თუმცა მათი ხელფასი ოფიციალურად არსად ფიქსრიდება. სამუშაოს პარალელურად ისინი შემწეობასაც იღებენ. „ფაქტობრივად, ქვეყნის შიგნით არალეგალური დასაქმება გვაქვს. არის შემთხვევები, როცა დამსაქმებლებიც უხდიან ხელფასს დასაქმებულს და ის ამავე დროს შესაძლოა სოციალურ შემწეობასაც იღებდეს. გადასახადების გადამხდელები, ვინც ბიუჯეტს ავსებს, ასეთ ადამიანებს ინახავს. ჩვენ დამსაქმებლებთან ვთანამშრომლობთ და მათგან ვიცით, რომ ბევრი სოციალურად დაუცველი, რომელიც მათთან მუშაობს, ხელფასის ჩარიცხვას ახლობლის ბარათზე ითხოვს, რომ თანხის ჩარიცხვა მის სახელზე არ დაფიქსირდეს და შემწეობა არ დაკარგოს. ცხადია ბევრი კეთილსინდისიერი დამსაქმებელი ამაზე უარს ამბობს. თუმცა, ჩვენმა მოსახლეობამ ერთი რამ ვერ შეიგნო, რომ ეს არ არის უმუშევრობის შემწეობა, რომ მუშაობის დაწყებისთანავე შეუწყვიტონ. დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი მუშაობს, ვინც პარალელურად შემწეობასაც იღებს, რადგან ოჯახის ერთი ან ორი წევრის შემოსავალი ოჯახის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც დასაქმდება, შემწეობა ავტომატურად არ მოეხსნება,“ - ამბობს სტურუა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყაროს“ თავმჯდომარის, ზურაბ ფუტკარაძის თქმით, დასაქმებაზე უარის თქმა დაბალი ანაზღაურებითა და არასტაბილური სამუშაოთია განპირობებული.

„როცა ხელფასი მინიმალურია, გზისა და კვების ხარჯების გამოკლების შემდეგ ხელზე დაახლოებით იმდენი რჩებათ, რასაც შემწეობიდან იღებენ. შესაბამისად, ურჩევნიათ შინ დასხდნენ და შემოსავალი ისე მიიღონ. თანაც, ამ სამსახურების უმრავლესობა არასტაბილურია და შეიძლება რამდენიმე თვეში ადამიანი ისევ უმუშევარი დარჩეს. ხელახალი რეგისტრაცია კი, გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. სახელმწიფომ ამ ადამიანებს გარკვეული გარანტია უნდა მისცეს, რომ დაუცველობის განცდა არ გაჩნდეს. სამუშაოს დაწყებიდან მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, სოციალური შემწეობა არ უნდა შეუწყვიტონ, ან ამ პერიოდში სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში, სოციალური შემწეობა ავტომატურად უნდა მიიღონ. რადგან ამაზე სახელმწიფო არ ზრუნავს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებიც რისკზე ვერ მიდიან. სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხში მეტი ჩარევაა საჭირო. ეს პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბევრი სოციალურად დაუცველი აღურიცხავად მუშაობს, ეს ცალკე საკითხია, რომელიც უნდა გამოვიკვლიოთ. ჯერ ერთი, ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და შესაბამისად, ბიუჯეტში თანხა არ შედის. მთელი რიგი საკითხებია მოსაწესრიგებელი. მართალია, რაღაც გამოსწორდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის,“ -ამბობს ფუტკარაძე.

სალომე გოგოხია