შემოდგომიდან თბილისს სატრანსპორტო კოლაფსი ელოდება?

ბოლო რამდენიმე წელია, თბილისის ქუჩებში ავტოტრანსპორტის გადაადგილებით გამოწვეულმა საცობებმა იმატა.

ავტოსატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდება არა მხოლოდ პიკის საათებში, როდესაც თითქმის პარალიზებულია დედაქალაქის ყველა სტრატეგიული სატრანსპორტო კვანძი, არამედ დღის სხვა მონაკვეთშიც.

რატომ გაჩნდა თბილისის ქუჩებში საცობები? - ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. 2005 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად საქართველოს ავტოპარკს დაახლოებით 100 000 ავტომობილი ემატებოდა, 2012 წლის მონაცემებით 900 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, დღეს, რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1 000 000-ს გადააჭარბა. ეს ბუნებრივი პროცესია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ფაქტორს: 2014 წლის აპრილიდან ფაქტობრივად შეწყდა მეორადი ავტომობილების ექსპორტი აზერბაიჯანში, რამაც გამოიწვია ავტომობილების ფასის მკვეთრი ვარდნა; ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების ალტერნატიულ, შედარებით იაფფასიან საწვავზე, გაზზე გადაყვანა. შესაბამისად, ერთ დროს ფუფუნების საშუალების სტატუსის მატარებელი ავტომობილი, ხელმისაწვდომი გახადა ყველა სოციალური ფენისთვის. ესეც ბუნებრივია, პრობლემა კი შემდეგშია: წლებთან ერთად იზრდებოდა ავტომობილების რაოდენობა, მაგრამ შესაბამისად, ვითარდებოდა ინფრასტრუქტურა, შენდებოდა ახალი ხიდები, ესტაკადები, გვირაბები, ჩქაროსნული მაგისტრალები, მიწისზედა გადასასვლელები, ხდებოდა საგზაო ნიშნების მოდერნიზება და პარკირების სისტემის მეტნაკლებად მოწესრიგებაც.

თუმცა, 2012 წლის შემდეგ ეს პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა, რამაც გამოიწვია ბალანსის დარღვევა და ავტომობილების რაოდენობის ზრდის კოეფიციენტი ბევრად აღემატება ქალაქის ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების კოეფიციენტს. პრევენციული ღონისძიებები საქართველოს ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის დასაგეგმია და სამწუხაროდ, დღემდე არ იგეგმება. თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში არ არის გამოყოფილი თანხები ახალი ესტაკადების, ხიდების, გვირაბების, შემოვლითი მაგისტრალების, პარკირების სისტემის, მიწისზედა გადასასვლელების და სხვა პროექტებისთვის, რაც საგაზო მოძრაობის გაუმჯობესებას უნდა მოემსახუროს. 2015 წლის თბილისის ბიუჯეტში საუბარია მხოლოდ რაიონების ტერიტორიაზე დაზიანებული ქუჩების, შიდა კვარტალური გზების და შიდა ეზოების მოვლა-შეკეთებაზე, რამაც საბოლოოდ კატასტროფულ მდგომარეობამდე მიგვიყვანა.

მოგეხსენებათ, ნაცვლად იმისა, რომ თბილისში გაუმჯობესებულიყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც განტვირთავდა მოძრაობას და მოგვცემდა საშუალებას თავიდან აგვეცილებინა ინტენსიური საავტომობილო საცობები, გვაქვს დანაკლისები საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც 35%-ით ახდენდა მოძრაობის განტვირთვას ცენტრალურ უბნებში. სამწუხაროდ, სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის ამ მონაკვეთზე თითქმის არ მიმდინარეობს და გზის სავალი ნაწილის აღდგენა მიმდინარე წლის განმავლობაში არ იგეგმება. ასევე აღსანიშანავია, რომ თბილისის მასშტაბით რამდენიმე მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძზე შეფერხებით მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასეთია მარშალ გელოვანის გამზირი და ავჭალის ხიდი, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უწევთ შემოვლითი გზებით სარგებლობა, რაც გამტარუნარიანობის კოეფიციენტს სამჯერ ამცირებს.

თბილისში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურაც კი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ინტენსიური საცობების საშიშროება, მაგრამ დღევანდელი არსებული მონაცემებით ვითარება ბევრად უფრო მძიმეა. შემოდგომიდან, როგორც კი დაიწყება აქტიური სასწავლო და სამუშაო წელი და მოძრავი ავტომობილების რაოდენობა გაიზრდება, მოძრაობის პარალიზება გარდაუვალია. მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება ნალექის მოსვლის შემთხვევაში. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამტარუნარიანობის კოიფიციანტი ბევრად უფრო მცირდება, როცა ნალექი თოვლის ან ინტენსიური წვიმის სახით მოდის და ამას ემატება ტემპერატურის ვარდნა და ყინვები.

თბილისის მოსახლეობასთან ერთად, განსაკუთრებული პრობლემები შეექმნება საგანგებო სიტუაციების სამსახურის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო და სხვა სამაშველო) ავტომობილების გადაადგილებას, რაც, შესაძლოა, გახდეს უბედური შემთხვევების ტრაგიკულად დასრულების სტატისტიკის ზრდის მიზეზიც. საფრთხის წინაშე დგება ადამიანის ჯანმრთეკლობა და მათი სიცოცხლე. საცობების პრობლემა გასცდება ქუჩებს და გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, ეკოლოგიაზე და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე, გამომდინარე იქედან, რომ პრობლემა ექმნება სადისტრიბუციო ავტომობილების ექსპლუატაციას, და ადამიანების გადაადგილებას, რაც პირდაპირ კავშირშია თითოეული ადამიანის და ორგანიზაციის ეფექტურ საქმიანობასთან.

თუმცა, საცობების მიზეზი მხოლოდ ავტომობილების სიმრავლე არ არის და ამ პრობლემას ცოტა კომპლექსურად უნდა შევხედოთ. პრობლემას ქმნის საგზაო მოძრაობის ნიშნები და წესები, მუნიციპალური ტრანსპორტი, კომერციული-სადისტრიბუციო ტრანსპორტი და მათი პარკირების და ექსპლუატაციის სისტემა, ქალაქის ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარება, სატაქსო გადაყვანები და მათი რეგულირება, ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობა, პარკირების სისტემა და ახალი პარკირების მიწისქვეშა და მიწისზედა სადგომები, მიწისზედა გადასასვლელები ფეხით მოსიარულეთათვის და სხვა.

აუცილებელია სწრაფი ზომების მიღება, ახალი ავტოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისთვის. ამ ყველაფრისთვის კი აუცილებელია ეფექტური, პროგრესული და მობილური ხელისუფლება ქმედითუნარიანი და გადაწყვეტილების მიმღები მაღალჩინოსნები, რომლებიც სფეროს ექსპერტთა მოსაზრებებს მოისმენენ და ადეკვატურად იმოქმედებენ ქალაქის საკეთილდღეოდ.

ჩვენი ორგანიზაცია, სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ 2014 წლის შემოდგომიდან საუბრობდა მოსალოდნელ სატრანსპორტო კრიზისთან დაკავშირებით. არაერთხელ მივმართეთ რეკომენდაციებითა და რჩევებით თბილისის მერიას, ექსპერტებთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებტან ერთად შევიმუშავეთ დოკუმენტი, სტრატეგია "სმარტ სითი" , სადაც დეტალურად გაწერილია რეკომენდაციები თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ თბილისის ქუჩებში მოძრაობა განიტვირთოს.

ვასო ურუშაძე

"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი