"სვანეთის მთებში შეფენილ უზარმაზარ მეტალურგიულ ქალაქს 3 დიდი კრემაციული მოედანი ემსახურებოდა ძვირფას მიცვალებულთა დასაწვავად და იმ ქვეყნად გასაცილებლად"
გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში, როცა ბობოქარი ენგური ოდნავ მიწყნარდება, ვინმე ბედნიერმა მის რიყეზე შეიძლება ოქროც კი იპოვოს...
ამჯერად არა ოქროზე, არამედ სვანეთის სხვა სიმდიდრეზე - რკინაზე გიამბობთ. ბრინჯაოს, სპილენძისა თუ ოქრო-ვერცხლის ხანის შემდეგ გამძლე რკინა იქცა კაცობრიობის მდიდრებად და ღარიბებად დაყოფის მახედ - გამდიდრდნენ ისინი, ვის ხელშიც ის აღმოჩნდა, ამიტომ შეფასდა რკინა ოქროზე მეტად. კოლხებს მაშინდელ კაცობრიობაში ძალიან გაუმართლათ, აქ რკინაც უხვად მოიპოვებოდა და ნიჭიერებაც - ხალიბები რკინის დამუშავებაში ისეთი ბრწყინვალენი აღმოჩნდნენ, რომ მათზე ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დამდეგიდან ჯერ ურარტუელები წერდნენ, მერე კი ელინები. XX საუკუნის არქეოლოგებმა კი კოლხეთში უძველესი რკინის სადნობი ქურებიც აღმოაჩინეს, თუმცა არა იმდენი, რომ ხალიბთა ოსტატობის ლეგენდა ჩვენ თვალწინ მართლაც გაცოცხლებულიყო. გამოცანად რჩებოდა, თუ სად ან როგორ ადნობდნენ იმდენ რკინას კოლხები, რომ მაშინდელი კაცობრიობა იცნობდა მას და ყიდულობდა! 5 წელიწადია, რაც ამ საიდუმლოს ფარდა სვანეთში ეხდება.წლევანდელი აღმოჩენებით აღტაცებას ვერც არქეოლოგები მალავენ - მხოლოდ ჭუბერის ხეობაში, 50-60 ჰა-ზე, მიწიდან "ამოიწვერა" ხალიბთა ოსტატობის და მსოფლიოში განფენის სიმბოლო - დაახლოებით ძვ.წ. VII-VI საუკუნის მეტალურგიული ცენტრი თავისი სიმდიდრით, სამსხვერპლოებითა და კრემაციული სამაროვნებით. სვანეთის მთებში შეფენილ უზარმაზარ მეტალურგიულ ქალაქს 3 დიდი კრემაციული მოედანი ემსახურებოდა ძვირფას მიცვალებულთა დასაწვავად და იმ ქვეყნად გასაცილებლად.
ზვიად კვიციანი, არქეოლოგი, პროფესორი, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი:
- ძვ.წ. IV-III ათასწლეულების ბრინჯაოს თუ სპილენძის ნივთებს გვიან შემოდგომაზე ენგურის ხეობაში ოქროს მაძიებელი ე.წ. "შავი არქეოლეოგები" დღესაც პოულობენ (მაგალითად, სპილენძისა და ბრინჯაოს ცულებს, შუბისპირებს, სატევრებს...), რომელიც, თუ ბედმა გაგვიღიმა და არ გაიყიდა, მუზეუმში გადაინაცვლებს. ჩვენი ვარაუდით, ეს ნივთები ენგურში იმიტომ მოხვდა, რომ მათ ადგილობრივი მოსახლეობა წყლის ღვთაებას სწირავდა! ხოლო ის, რომ აქ ხალხს მრავალღვთაებათა საკულტო ტაძრები ჰქონდა და მათ მსხვერპლს სწირავდა, არა მხოლოდ ჩვენ დავადასტურეთ საოცარი აღმოჩენებით, არამედ ის ხალხის ჩვეულებებშიც არის შემორჩენილი - გაზაფხულის დადგომისას, როცა სვანს პირუტყვი პირველად გაჰყავს საძოვარზე, შინიდან აუცილებლად რაიმე მცირე რკინის ნაჭერს გაიყოლებს, მდინარეში გადააგდებს და წყლის ღვთაებას შესთხოვს, რომ პირუტყვი შინ უვნებელი დაუბრუნოს და დიდი წველადობა მისცეს. ჩვენი აღმოჩენის მიხედვით - სვანეთში რკინის წარმოების მთელი "ქალაქი" ყოფილა. 80-იან წლებში პირველი გათხრები აქ არქეოლოგმა შოთა ჩართოლანმაც ჩაატარა და 2 კრემაციული სამარხიც აღმოაჩინა, მაგრამ ბოლო წლებში აღმოჩენილმა გაგვაოგნა.
ჭუბერის ხეობა რკინის სადნობი ქურებით არის გაძეძგილი. მხოლოდ ხაიშში 10-მდე არქეოლოგიური ძეგლი გავთხარეთ და ძვ.წ. VII-IV საუკუნეების ანტიკური საკულტო კომპლექსის ნაშთებიც აღმოვაჩინეთ ქურუმთა სამსხვერპლოთი, მსგავსი საკულტო კომპლექსები მთელ ელინურ სამყაროში იდგა და ქურუმი ქალები ღვთაებებს მსხვერპლს სწირავდნენ, ძირითადად სამკაულებს ანდა ნაყოფიერების სიმბოლოს - კვერცხის მსგავს რიყის ქვებს. შემდეგ სამსხვერპლოში ცეცხლს ანთებდნენ და ამ ნივთებს წვავდნენ ღვთაებისადმი პატივისცემის ნიშნად. კვერცხი დღესაც ითვლება გამრავლებისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ, თუმცა ამ აღმოჩენაში საოცარი ის არის, რომ მთელ მსოფლიოში სამსხვერპლოდ შეწირული ქვის კვერცხებია აღმოჩენილი. სვანეთში, ქვის კვერცხებთან" ერთად, აღმოჩნდა გამომწვარი თიხის კვერცხებიც. "სვანურმა" კვერცხმა გაგვაოგნა - გატყდა. ანუ ეს ქვა არ იყო, ეს იყო კვერცხის ფორმის თიხა, რომელშიც კიდევ თიხის კვერცხი იდო; ესე იგი, აქ საქმე იმ დონემდე მივიდა, რომ სამსხვერპლოდ უკვე გამომწვარი თიხის კვერცხებსაც კი სწირავდნენ. სხვათა შორის, მსგავსი სამსხვერპლოები ეცერსა და უშგულშიც არის აღმოჩენილი. ამაზეც ეტყობა, რა ურთიერთობები გვქონდა მაშინდელ ცივილიზებულ სამყაროსთან - რაც იყო ათენში, იგივე იყო უშგულშიც. არც არის გასაკვირი. მთელ ჭუბერის ხეობაში, 60-50 ჰა-ზე, კირქვით შებათქაშებული მეტალურგიული სახელოსნოები, რკინის სადნობი ქურებია გაშლილი, შიგ რკინის ნაღვენთიც არის დარჩენილი. სოფელ ლახამში ტყუპი ქურაც კი აღმოჩნდა.