ქართული ჩაი: ძალა ერთობაშია

მრავალწლიანი ქაოსისა და სრული კოლაფსის შემდეგ, საქართველოს ერთ დროს სახელოვან ჩაის მრეწველობას ისევ დაეტყო სიცოცხლის ნიშან-წყალი. სულ უფრო მეტ ადამიანსა თუ ბიზნესს (ძირითადად ძალიან მცირეს, თუმცა ზოგიერთ საკმაოდ ამბიციურს. მაგალითად, „გურიელის“ ბრენდით ცნობილ ჯეოპლანტს) მოჰყავს, ამუშავებს და აფასოებს ჩაის. მთავარ მწარმოებელ ქვეყნებსა და საერთაშორისო ბრენდებთან კონკურენციის მიუხედავად, ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით არსებული სახელის გამო ქართულ ჩაის აქვს ექსპორტის დიდი პოტენციალი. მართალია, პოტენციალი არსებობს, მაგრამ გაურკვეველია, სექტორის განვითარების რა სტრატეგია უნდა აირჩიოს ქვეყანამ. წარმოების ძველი, საბჭოთა სოვხოზური მოდელი უკვე მკვდარია. დღეს სახეზე გვაქვს უამრავი, დაქუცმაცებული პლანტაცია, რომელიც საჭიროებს რეკულტივაციასა და ტექნოლოგიურ განახლებას. მილიონდოლარიანი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პლანტაციები ჩავრთოთ თანამედროვე და საერთაშორისო დონეზე კონკურენტულ ღირებულებათა ჯაჭვში?

სწორი ორგანიზაციული მოდელის ძიებაში

ერთი ალტერნატივა შეიძლება იყოს მცირე მიწის მფლობელთა ეტაპობრივად ჩანაცვლება მსხვილი ინდუსტრიული ფერმებით. ვიწრო ტექნიკური გაგებით ეს შეიძლება ეფექტური იყოს (განსაკუთრებით დაბალხარისხიანი ჩაის შემთხვევაში, რომელსაც არ სჭირდება ხელით ბევრი დამუშავება), მაგრამ ამ სცენართან დაკავშირებულია საქართველოს სოფლის მოსახლეობის მასობრივი გადაადგილებისთვის საჭირო ძალიან დიდი სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ხარჯები. კიდევ ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ავთანდილ (ავთო) ლომთათიძისა და გიორგი ტრაპაიძის მაგალითი, რომლებიც კრიტიკულ როლს ასრულებენ გურული მცირე მიწის მფლობელების მიერ დაკრეფილი ჩაის ფოთლის შეგროვებასა და გადამუშავებაში. ავთო ქვენობანში ცხოვრობს, გიორგი – ხიდისთავში, ჩოხატაურის რაიონში. ისინი ჩაის ასამდე მცირე ფერმერისგან ყიდულობენ, რომელთა უმრავლესობა ფლობს მცირე ჩაის პლანტაციას, რომელთა ზომა ხშირ შემთხვევაში 1 ჰექტარს არ აღემატება. ამგვარად, ავთო და გიორგი არიან დამაკავშირებელი რგოლი გლეხებსა და ბაზარს შორის, ადგილობრივი იქნება ეს, ეროვნული თუ საერთაშორისო. ნაწილობრივ საკუთარი პროფესიისადმი სიყვარულისა და ნაწილობრივ საკუთარი გურული ხასიათის წყალობით, ავთო იყო პირველი ქართველი გლეხი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე დაიწყო ჩაის წარმოების კერძო ბიზნესი. მას გაუმართლა და იპოვა კარგი მეგობარი და კოლეგა მერაბ დოლიძის სახით (რომელიც, სამწუხაროდ, 2015 წელს გარდაიცვალა). მერაბის როლი ჩაის გადამუშავების ხაზის შექმნაში გადამწყვეტი იყო. ავთო განათლებით ქიმიკოსია, თუმცა კარგად იცის ჩაის ტექნოლოგია. მისი მთავარი მოვალეობა იყო ჩაის გადამუშავების ხაზის მუშაობისა და სასურველი ხარისხისა და სტანდარტის საბოლოო პროდუქტის მიღების უზრუნველყოფა. ავთოსა და მერაბის მიერ ქვენობანში აშენებული პატარა ქარხანა ამუშავებდა და ყიდიდა ჩაის ადგილობრივ ბაზარზე. მსოფლიო ბაზარზე გასვლამდე ჯერ კიდევ შორი გზა იყო, თუმცა ეს სრულიად საკმარისი იყო საკუთარი თავისა თუ მეზობლების დასახმარებლად. მათმა წარმატებამ სხვებიც შთააგონა. 2005 წელს გიორგი ტრაპაიძემ მსგავსი გადამამუშავებელი ქარხანა ააშენა მეზობელ ხიდისთავში. მანამდე ხე-ტყის გადამუშავებაში დასაქმებული გიორგისთვის ჩაის ბიზნესი ახალი იყო, ამიტომ საჭირო ცოდნის მისაღებად ავთოსა და მერაბს მიმართა. სამეული ბევრი მიმართულებით თანამშრომლობდა: იყოფდნენ ტრანსპორტირებისა და დისტრიბუციის ხარჯებს, ერთად ეძებდნენ ახალ საბაზრო შესაძლებლობებს. როგორც გიორგი ამბობს: „თუ იმაზე მეტი ჩაის ფოთოლი მქონდა, ვიდრე გადამუშავება შემეძლო, ავთოსა და მერაბს ვაძლევდი, რომ მოსავალი ტყუილად არ გადამეყარა. ჩაისაც ერთად ვყიდიდით, რომ დისტრიბუციის ხარჯები გაგვეყო და გვესარგებლა მასშტაბის ეკონომიკით“.

2007 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ აგორებული სამეწარმეო ტალღით მერაბისა და ავთოს ბიზნესისთვის ახალი ეტაპი დაიწყო. მიხო სიმონიშვილის მიერ ახალგახსნილი მარნეულის სასურსათო ქარხანა დაეხმარა მათ, მთელი ქვეყნის მასშტაბებს შეჭიდებოდნენ. „ეს კომპანიისთვის ახალი სისხლის გადასხმას ჰგავდა“, – იხსენებს ავთო ლომთათიძე. მიხო დათანხმდა, შეესყიდა მათი ჩაი და მარნეულის სასურსათო ქარხნის ბრენდის სახელით გაეყიდა. 2010 წელს ავთო და მერაბი მიხვდნენ, რომ საჭირო იყო კერძო კომპანიის დაფუძნება. სწორედ ასე შეიქმნა შპს ლოდო (აერთიანებს დამფუძნებელთა გვარების პირველ ორ ასოს). 2012 წელს, მარნეულის სასურსათო ქარხანასთან თანამშრომლობის პარალელულად, ლოდო და გიორგი ტრაპაიძე შეთანხმდნენ, დაეფასოებინათ და გაეყიდათ ჩაი შოთა ბითაძის მეშვეობით, რომელიც ჩაით ვაჭრობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე (ძირითადად უკრაინაში).

ისევ ფერმერული კოოპერატივები?

ცხადია, ჩაის გადამუშავებისა და დაფასოების ბიზნესის ლოდოს მსგავსი გაერთიანება (და უფრო ფართო მასშტაბით, გურიელი) ეხმარება მცირე ფერმერებს საკუთარი პროდუქციის ბაზარზე გატანაში. თუმცა ეს არ ხსნის ფერმების დონეზე დაბალი პროდუქტიულობისა და ხარისხის ფუნდამენტურ პრობლემებს. მაღალი ხარისხის ნედლეულის (ამ შემთხვევაში ჩაის ფოთლის) სიმწირე არის ის მთავარი დაბრკოლება, რაც ხელს უშლის ლოდოსა თუ სხვა ქართველ მწარმოებლებს საერთაშორისო ბაზარზე შესვლაში. 2014 წელს, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისა და გადამუშავების ეტაპზე კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, სამეულმა ოთხ სხვა პარტნიორთან ერთად შექმნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გურია კომპანი 14“, რომელიც ოფიციალურად სცნო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ. ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის ფარგლებში მათ მალევე მიიღეს CARE International-ის მიერ მართული არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმის ფინანსური მხარდაჭერა. ნედლეულის სიმწირის გამო „გურია კომპანი 14“ სრული დატვირთვით ვერ იყენებს გადამუშავების პოტენციალს (2 ტონა ახალი ჩაი ყოველ 24 საათში). მოსავლის აღების პერიოდში ისინი 15-მდე მუშას ასაქმებენ, რომლებიც დღისა და ღამის ცვლაში მუშაობენ. თუმცა 2015 წელს მათ მხოლოდ 10 ტონა ახალი ჩაის ფოთლის გადამუშავება მოახერხეს (მათ დამატებით შეისყიდეს 2.5 ტონა ხმელი ჩაი, რათა თავიანთი მარკეტინგის პარტნიორების წინაშე არსებული ვალდებულება შეესრულებინათ). ჭარბი მოცულობით სარგებლობის მიზნით, გარკვეულ საფასურად კოოპერატივი სხვა მწარმოებელთა ჩაის ფოთოლსაც ამუშავებდა. ეს, რა თქმა უნდა, იდეალურისგან ძალიან შორსაა. წინამორბედი შპს ლოდოს მსგავსად, ახალი კოოპერატივიც გადამუშავებაზეა ორიენტირებული. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი დანადგარებით (არომატის ღუმელი, ჩაის საშრობი და დამფასოებელი მანქანა, მწვანე ჩაის ფიქსაციის მოწყობილობა და სატვირთო) „კომპანია გურია 14-ს“ ახლა უკვე შეუძლია დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის ჩაის წარმოება. თუმცა, როდესაც საქმე ნედლეულის მიწოდებას ეხება, ავთო და გიორგი მთლიანად მეზობელ ფერმერებზე არიან დამოკიდებული. მათი პროდუქტიულობა არის ერთადერთი ფაქტორი, რაც ავთოსა და გიორგის ბიზნესს უკან ხევს. კოოპერატივი ფლობს მხოლოდ 5 ჰექტარ ჩაის პლანტაციას (რომელიც შემოიღობა და დამუშავდა ენპარდის დახმარებით). ეს არაფერია „გურია კომპანი 14-ის“ გადამუშავების პოტენციალთან შედარებით, რომელსაც ასობით ჰექტარი მიწის მომსახურება შეუძლია.

გიორგი ტრაპაიძის აზრით, „თუ ფერმერები ცოტა სასუქებს გამოიყენებენ, წელიწადში სამის ნაცვლად ექვსჯერ აიღებენ მოსავალს, რაც მათ შემოსავალს გააორმაგებს“. თუმცა კოოპერატივს მიღმა საქმიანობა, უნარ-ჩვევებისა და ფინანსური რესურსების სიმწირე (კრედიტებზე წვდომა არის უმთავრესი დაბრკოლება, რადგან ჩაის პლანტაციის გირაოს ღირებულება მხოლოდ 500 ლარია ჰექტარზე), მცირე მიწის მფლობელთა დამოკიდებულება სიახლეებისადმი ნიჰილისტურია. მოგების მაქსიმიზაციის ნაცვლად ისინი ამცირებენ საწარმოო საშუალებების გამოყენებას. მათ არ უნდათ ინვესტიციებისა თუ სხვა ხარჯების გაწევა, რითიც აზარალებენ საკუთარ თავსაც და მთელ მრეწველობასაც. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ ქართული ჩაის მრეწველობისთვის დამახასიათებელი პრობლემა. როგორც უახლესმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, სიბეცე ანუ ე. წ. “present-biased” დამოკიდებულება არის მცირე მიწის მფლობელთათვის დამახასიათებელი პრობლემა (იხ. Duflo, Kremer & Robinson, "Nudging Farmers to Use Fertilizer: Theory and Experimental Evidence from Kenya." American Economic Review, 2011).

კოოპერატივები ღარიბებისთვის

საქართველოში კოოპერატივების განვითარების არსებული მოდელი ღარიბ ფერმერებს პროცესებს მიღმა ტოვებს. სრულიად ბუნებრივია, რომ სწორედ ავთოს, მერაბისა და გიორგისნაირი მოხერხებული და სამეწარმეო ნიჭის მქონე ადამიანები მოახერხებდნენ მცირე ჯგუფებად გაერთიანებასა და ENPARD-ისა თუ სხვა სამთავრობო დაფინანსების მოპოვებისთვის კონკურენციაში უპირატესობის მოპოვებას. ბუნებრივია, ასეთ ადამიანებს უკეთესი ბიზნეს-იდეები და რესურსები ექნებოდათ ისეთი ადამიანის დასაქირავებლად, რომელიც საგრანტო განაცხადის დაწერაში დაეხმარებოდათ. ეთიკის თვალსაზრისით, სრულიად ნორმალურია, რომ სამეწარმეო ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე გლეხები იღებენ დამატებით დახმარებას. სხვა თუ არაფერი, ევოლუციაც ხომ ბუნებრივ სელექციასა და ძლიერის გადარჩენას გულისხმობს. ამ მიდგომასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის უკან ტოვებს ქართველი მცირე მიწის მფლობელების მთელ მასას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საკვების მრეწველობისთვის ნედლეულის მიწოდების თვალსაზრისით. ამიტომ ეს ეკონომიკური პოლიტიკის საკითხი უფროა, ვიდრე ეთიკის ან მორალის.

იხილეთ გაგრძელება