"საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას არაფერი ემუქრება"

აზერბაიჯანული მედია საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტს ეხმიანება და "გაზპრომსა" და აზერბაიჯანულ გაზზე გაკეთებული განცხადებების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.

რა გავლენას მოახდენს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე რუსულ "გაზპრომთან" დაწყებული მოლაპარაკებები, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტს ვახტანგ ლომჯარიას ვესაუბრეთ:

- გაზპრომთან" 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობას ყოველწლიური ხასიათი აქვს. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2003 წლიდან დღემდე 22-მდე ოფიციალური შეხვედრა შედგა. საუბარია, სომხეთის მიერ თბოელექტროსადგურების მშენებლობის პარალელურად ბუნებრივ აირზე გაზრდილ მოთხოვნაზე, საიდანაც საქართველო ტრანზიტის დამატებით საფასურს მიიღებს. ამას გარდა, ბაზრის დივერსიფიკაცია მუდმივად აუცილებელია. მისასალმებელია, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი საუბრობს ირანთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზეც.

- ფაქტია, რომ ხელისუფლების ინიციატივას აზერბაიჯანის უკმაყოფილო რეაქცია მოჰყვა - გარდა იმისა, რომ პრემიერი საკითხის გააქტიურებისთანავე თავად ჩავიდა ბაქოში, რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტიც სტუმრობდა. ეს პროცესი რა გავლენას მოახდენს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე?

- ცხადია, აზერბაიჯანული მხარისთვის, როგორც მიმწოდებლისთივს, საკთარ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება სიხარული ინფორმაცია ვერ იქნებოდა, მაგრამ საქართველოსა და აზერბაიჯანს სტრაგეტიული და მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ამ ურთიერთობას არაფერი ემუქრება და მეტიც, თუ ციფრებს ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ აზერბაიჯანიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2-ჯერ და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და 160 მილიონს შეადგენს. თუ 2014 წელს აზერბაიჯანი ამ მონაცემებით მეორე ადგილზე იყო და ნიდერლანდებს მცირედით ჩამორჩებოდა, მსოფლიოში შექმნილი არასახარბიელო ეკონომიკური მდგომაროების ფონზე, აზერბაიჯანი დამატებით ინტერესს იჩენს და საქართველოსთან თანამშრომლობის მასშტაბებს ზრდის. ჩვენი ექსპორტის 12% აზერბაიჯანში გადის. აზერბაიჯანი კი საქართველოში იმპორტიორთა სიაში - მე-4 ადგილზეა (7%)-ით.

ბაზარზე კონკურენციის ზრდა ქართველი მომხმარებლებისთვის გონივრული და დაბალი ფასის გარანტია. თუმცა ცხადია, მხოლოდ რუსეთზე ჩამოკიდება არასწორი ნაბიჯი იქნებოდა და ეს არც კი განიხილება.

- საკმაოდ კრიტიკული სტატიები ქვეყნდება აზერბაიჯანულ პრესაშიც, სადაც გაზთან დაკავშირებულ პროცესს პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოხვდა კახი კალაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები - თავდაპირველად მინისტრმა აღნიშნა, რომ "გაზპრომის" გაზი ბევრად იაფია, მოგვიანებით კი განაცხადა, აზერბაიჯანს საკმარისი გაზი არ აქვსო...

- აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელებული ნეგატიური სტატიები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმას, რაც რეალურად ხდება და პრეზიდენტ ალიევის ვიზიტისას დავინახეთ. რაც შეეხება გაზპრომიდან ბუნებრივი აირის ყიდვის გარდაუვალობას, ეს ასე რომ არ ყოფილიყო, თავად წინა ხელისუფლება ომის შემდეგ არ შეიძენდა რუსეთისგან გაზს, თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს საქართველოს მოსახლეობისა და კერძო ბიზნესის გაზით მომარაგების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ყოფილა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს არ სურდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?

- რომ არ მოესურვებინა, ალბათ არც შეხვდებოდა, მაგრამ თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე ვიცით, რომ ეს შეხვედრა შედგა. ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა მხოლოდ ღრმავდება და ძლიერდება როგორც კულტურულ, პოლიტიკურ, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, ასევე დიასპორის საკითხებში და ამას არაფერი ემუქრება.

რუსუდან შელია

წყარო: Georgian Journal