"თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ქალაქი სატრანსპორტო კოლაფსისთვის არის განწირული"

ბოლო წლებში თბილისის ქუჩებში ავტოტრანსპორტის გადაადგილებით გამოწვეულმა საცობებმა იმატა, ავტოსატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდება არა მხოლოდ პიკის საათებში, როდესაც თითქმის პარალიზებულია დედაქალაქის ყველა სტრატეგიული სატრანსპორტო კვანძი, არამედ დღის სხვა მონაკვეთებშიც.

რატომ გაჩნდა თბილისის ქუჩებში საცობები?

ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. 2005 წლიდან დღემდე ყოველწლიურად საქართველოს ავტოპარკს დაახლოებით 100 000 ავტომობილი ემატება, 2012 წლის მონაცემებით, რეგისტრირებული 900 000 ავტომობილი იყო. დღეისათვის რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1 000 000-ს გადააჭარბა. ეს ბუნებრივი პროცესია, წლებთან ერთად ავტომობილების რაოდენობა იზრდებოდა, მაგრამ პარალელურად ვითარდებოდა საგზაო ინფრასტრუქტურა, შენდებოდა ახალი ხიდები, ესტაკადები, გვირაბები, ჩქაროსნული მაგისტრალები, მიწისზედა გადასასვლელები, ხდებოდა საგზაო ნიშნების მოდერნიზება და პარკირების სისტემის მეტნაკლებად მოწესრიგებაც.  პრობლემა კი შემდეგში მდგომარეობს: 2012 წლის შემდეგ ეს პროცესი ფაქტიურად შეჩერდა, რამაც გამოიწვია ბალანსის დარღვევა, ავტომობილების რაოდენობის ზრდის კოეფიციენტი ბევრად აღემატება ქალაქის ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების კოეფიციენტს. პრევენციული ღონისძიებები ადგილობრივი თვითმმართველობის დასაგეგმია, თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში ახალი ესტაკადების, ხიდების, გვირაბების, შემოვლითი მაგისტრალების, პარკირების სისტემის, მიწისზედა გადასასვლელების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხები გამოყოფილი არ იყო. 2015 წლის თბილისის ბიუჯეტი ითვალისწინებდა მხოლოდ არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა შეკეთებას, ძირითადად რაიონების ტერიტორიაზე დაზიანებული ქუჩების, შიდა კვარტალური გზების და შიდა ეზოების მოვლა-შეკეთებას, რამაც საბოლოოდ კატასტროფულ მდგომარეობამდე მიგვიყვანა.  თბილისში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურაც კი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ინტენსიური საცობების საშიშროება, მაგრამ დღევანდელი არსებული მონაცემებით სიტუაცია ბევრად უფრო მძიმეა. შემოდგომიდან, როგორც კი დაიწყო აქტიური სასწავლო და სამუშაო წელი მოძრავი ავტომობილების რაოდენობის გაზრდამ მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.

მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება ნალექის მოსვლის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამტარუნარიანობის კოიფიციანტი ბევრად უფრო მცირდება, როცა ვღებულობთ ნალექს თოვლის ან ინტენსიური წვიმის სახით და ამას ემატება ტემპერატურის ვარდნა და ყინვები.

თბილისის მოსახლეობასთან ერთად, განსაკუთრებული პრობლემები შეექმნება საგანგებო სიტუაციების სამსახურის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო და სხვა სამაშველო) ავტომობილების გადაადგილებას, რაც შესაძლოა გახდეს უბედური შემთხვევების ტრაგიკულად დასრულების სტატისტიკის ზრდის მიზეზი. ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგება. საცობების პრობლემა გასცდება ქუჩებს და გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, ეკოლოგიაზე და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე, რადგან პრობლემა ექმნება სადისტრიბუციო ავტომობილების ექსპლუატაციასა და ადამიანების გადაადგილებას, რაც პირდაპირ კავშირშია თითოეული ადამიანის და ორგანიზაციის ეფექტურ საქმიანობასთან.

ჩვენი ორგანიზაცია, კვლევებზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ 2014 წლის შემოდგომიდან საუბრობდა მოსალოდნელ სატრანსპორტო კრიზისთან დაკავშირებით, არაერთხელ მივმართეთ რეკომენდაციებითა და რჩევებით თბილისის მერიას, ექსპერტებთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შევიმუშავეთ დოკუმენტი, სტრატეგია „სმარტ სითი“ , სადაც დეტალურად გაწერილია რეკომენდაციები თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თბილისის ქუჩებში მოძრაობა განიტვირთოს.  ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი მოთხოვნა თბილისის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში, პრიორიტეტად ახალი ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა ყოფილიყო, რაც თბილისს სატრანსპორტო კრიზისიდან გამოიყვანდა.

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ქალაქი სატრანსპორტო კოლაფსისთვისაა განწირული

. ნაცვლად იმისა, რომ პრიორიტეტი ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების და სატრანსპორტო სისტემის განვითარება ყოფილიყო და თანხების ძირითადი ნაწილის ამ მიმართულებით აკუმულირება მომხდარიყო, ყველაფერი საპირისპიროდაა. სატრანსპორტო ინფრასტრუქრურის მშენებლობა-აღდგენის ბიუჯეტი 10 მილიონ 400 ათასი ლარით არის შემცირებული, კერძოდ: 2015 წელი-115776,8 2016 წელი-105200,0.  საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მოვლა შეკეთება - ბიუჯეტი შემცირებულია 8 მილიონ 304 ათასი ლარით: 2015 წელი-85804,4 2016 წელი-77500,0. ტრანსპორტის განვითარების ბიუჯეტი 2 მილიონ 272 ათასი ლარით შემცირედა: 2015 წელი-29972,4, 2016 წელი-27700,0. მილიონ 404 ათასით შემცირდა საქალაქო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ბიუჯეტი. თანხები საერთოდ არ არის გათვალისწინებული საქალაქო სატრანსპორტო საშუალებების მოდერნიზებისათვის. ასევე ბუნდოვანად რჩება ახალი ავტობუსების შეძენის საკითხი. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტით ეს გათვალისწინებული არ არის.  საბაგირო ტრანსპორტის განვითარებისთვის გამოყოფილია 7 მილიონი ლარი, რაც მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ საბაგირო ტრანსპორტის განვითარებით შეუძლებელია თბილისის ქუჩების საცობებისგან განტვირთვა.

თბილისის ყველა მოქალაქეს შეუიარაღებელი თვალით შეუძლია შეამჩნიოს, თუ როგორი სატრანსპორტო მოძრაობაა ქალაქში, ყველას კარგად გვახსოვს თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები 2015 წლის განმავლობაში, შესაბამისად მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, შემცირებული ბიუჯეტის საფუძველზე, თუ რა შედეგი შეიძლება მივიღოთ.

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ქალაქი სატრანსპორტო კოლაფსისთვისაა განწირული.  ჩვენს ორგანიზაციას ჯერჯერობით არ აქვს დეტალური ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რა კონკრეტულ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს ამ ბიუჯეტით თბილისის მერია 2016 წელს, თუმცა თვალნათლივ ჩანს, რომ დედაქალაქის მთავრობისთვის არ არის პრიორიტეტი თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარება და საცობების აღმოფხვრა. ავტომობილების რაოდენობასთან ერთად ზრდას განაგრძობს ახალი საცხოვრებელი და კომერციული ობიექტების მშენებლობა, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში. აღნიშნული საკითხისადმი თბილისის მერიის გულგრილი დამოკიდებულება, დედაქალაქს ჩიხში შეიყვანს.

მომდევნო კვირიდან „ეკო ტრანსპორტ ცენტრი“ საკრებულოში ბიუჯეტის პროქეტის განხილვაში მიიღებს აქტიურ მონაწილეობას. ვეცდებით, ადვოკატირება გაუწიოთ ბიუჯეტის პროექტის ცვლილებას და საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდას. ვეცდებით, მასქიმალურად დავიცვათ საზოგადოების ინტერესები და თბილისს თავიდან ავარიდოთ მოსალოდნელი სატრანსპორტო კოლაფსი.

ვასო ურუშაძე

ეკო ტრანსპორტ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი