ლურჯი ყველის კომერციული წარმატება

როდესაც წმინდა ნინო, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წმინდანი, მცხეთაში მოდიოდა, ფარავნის ტბის პირას მდებარე პატარა სოფელ ფოკაში შეჩერდა, რათა ვაზის ჯვარი აღემართა. როგორც ჩანს, წმინდა ნინო ზაფხულში მოდიოდა, რადგან დღესაც კი წელიწადში 6 თვე ფოკაში მისვლა თითქმის შეუძლებელია. ცივი და გრძელი ზამთრის დადგომასთან ერთად თოვლი კეტავს სოფელში მისასვლელ ყველა მთავარ გზას.

1992 წელს, როდესაც საქართველო ყველაზე მტკივნეულ პერიოდს გადიოდა მისი არსებობის ისტორიაში, ექვსმა ახალგაზრდა ქართველმა ქალმა გადაწყვიტა ფოკაში დასახლებულიყო. პირველი ათი წელი იყო ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის: აშენებდნენ სახლს ღრმად მიწაში, რათა გაეძლოთ ძლიერი ქარისა და ყინვებისთვის (-15-25ºC, -59-77ºF), აგროვებდნენ შეშას გასათბობად, მოჰყავდათ და აბინავებდნენ კარტოფილსა და სხვა ძირითად საკვებ პროდუქტებს, ცდილობდნენ გამკლავებოდნენ სომეხ მეზობლებთან დაძაბულ ურთიერთობებს.

2000-იანი წლების დასაწყისში ფოკაში უკვე სულ სხვა ქარმა დაუბერა. პირველი ბიზნეს-იდეა გულისხმობდა ყველის ადგილობრივი ტრადიციის გაცოცხლებას, რომელიც სამცხე-ჯავახეთში კათოლიკე მისიონერებმა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ჩამოიტანეს. ე.წ. „ლურჯი ყველის“ წარმოება საქართველოში პოპულარული ვერ გახდა, მაგრამ სამცხე-ჯავახეთში მაინც შემორჩა ამ ტექნოლოგიის ცოდნა, რადგან ალპურ ზონაში მდებარე ფოკა იდეალური ადგილია ყველის ამ იშვიათი სახეობის შესანახად.

ფოკის ლურჯ ყველს, რომელიც სხვადასხვა ფორმით გვხვდება, შეიძლება წააწყდეთ თბილისის ფრანციცულ რესტორნებში (ფოტო: გურანდა დარჩიძე)

ადგილზე ექსპერიმენტების (და საფრანგეთში მოწყობილი სასწავლო ტურის) შემდეგ, ლურჯი ყველი გახდა ნამდვილი კომერციული წარმატება როგორც ჩამოსულ ტურისტებს შორის, ისე თბილისში. გრძელი ზამთრის დღეები მისწრება იყო სწავლისა და ექსპერიმენტებისთვის. კრეატიულობისა და ინოვაციის ტალღამაც არ დააყოვნა: 20-ზე მეტი სახეობის, საოცარი შეფერილობის, ფორმისა თუ გემოს ყველი, ადგილობრივი (და არამხოლოდ) კენკროვნებით, სანელებლებითა და მწვანილებით შეზავებული მურაბები, თაფლი, ტრუფელი, შოკოლადი, არაყი, არარაფინირებული ზეთები, ძმარი, მინანქარი, სამკაულები და კერამიკა.

თითოეულ პროდუქტში იგრძნობა შესანიშნავი მარკეტინგული გემოვნება და სიახლეებისადმი დაუღალავი სწრაფვა. რას იტყვით შავი მოცხარის მურაბაზე ნუშის არომატით ან ლეღვის მურაბაზე ჯინჯერის ან ბანანის არომატით? ან, იქნებ, სტაფილო გნებავთ ლიმნის არომატით? სულაც, ეგებ შოკოლადი გეამოთ? გაგისინჯავთ ოდესმე ფორთოხალის ჩირი სეზამის არომატით? რას იტყვით ქონდრით არომატიზებულ არაყზე, რომელსაც არაყში დაძველებულ ველური ალპურ ქონდარსაც ეძახიან? და ყველა ეს ყველი? სულის ცხონებაა...

პირველად ფოკას 2015 წლის ზაფხულში ვესტუმრე და გაოცებული დავრჩი აქაურობის საოცარი ესთეტიკით. სიყვარული, სიმშვიდე და ჰარმონია გამოსჭვივის ყველა წვრილმანიდან – შენობების ქვები, ხის ავეჯი, უსაყვარლესი ქაღალდის შეფუთვები – ამ ყველაფრის გაზიარება ნამდვილად ღირს. და, აი, რამდენიმე თვის შემდეგ, კვლავ ვეწვიე ფოკას, ამჯერად უკვე ISET-ის აგრარული მიმართულების სტუდენტებსა და პროფესორებთან ერთად.

ISET-ის სტუდენტები, პროფესორები და თანამშრომლები ფოკელი დედების მიერ მომზადებულ სადილზე (ფოტო: გურანდა დარჩიძე)

ეკონომიკური თვალსაზრისით თუ შევაფასებთ, ფოკელი დედების საქმიანობა სხვა არაფერია, თუ არა მცირე აგრობიზნესი. ხანმოკლე ალპური ზაფხულის განმავლობაში ისინი ხდიან თაფლს და უძღვებიან პატარა ფერმას, საიდანაც იღებენ ყველის ქარხნისთვის საჭირო რძის მარაგს. მთა ამარაგებს მათ კენკრით, ყვავილებითა და მწვანილებით, რომელთაც შემდეგ საკუთარი ნაწარმის გასამრავალფეროვნებლად იყენებენ. თუმცა ისინი არც კი ცდილობენ ინდივიდუალური მოგების გაზრდას. მათი მიზანი მხოლოდ სოფლის განვითარება და ჰარმონიაა. მთელ მოგებას ახალი იდეებისა და წამოწყებების დაფინანსებას ახმარენ.

განაგრძეთ კითხვა