„კავკასუს ონლაინის“ რუსული კომპანიისთვის გადაცემა რუსეთის წინაშე კიბერკაპიტულაციას ნიშნავს

ყველას ახსოვს საპროტესტო კამპანია „ისევ გვისმენენ“ - და მასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი.

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ეს კამპანია საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ფარულ მოსმენებს და თვალთვალს აპროტესტებდა. 21-ე საუკუნეში ფარული მოსმენების, თვალთვალის და პირადი მონაცემების უნებარვოდ ან ნებართვით მოპოვების წყარო ინტერნეტ კომუნიკაციებია. კომუნიკაციების საუკუნეში ინფორმაციის გაცვლა, შექმნა, მოგორვება და შენახვა ინტერნეტის საშუალებით ხორციელდება - ამ პროცესში საკვანძო როლს კი ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლები - ანუ უფრო პოპულარული ენით თუ ვიტყვით, ინტერნეტ-ოპერატორები ასრულებენ.

დღეს სულ უფრო აქტიურად ისმის „კავკასუს ონლაინის“ რუსულ კომპანიაზე გასხვისების შესაძლებლობაზე - თუმცა საზოგადოების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ეს. მასმედია აქცენტს ძირითადად ქვეყნის ნაციონალურ უსაფრთხოებაზე აკეთებს - რაც, რა თქმა უნდა სწორია, თუმცა არასრულყოფილად გამოხატავს პოტენციურ რისკებს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ რუსეთ-საქართველოს კიბერომი 2008 წელს ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი კიბერომი, რომელიც რეალურ საომარ მოქმედებებს უძღვოდა წინ, მანამდე მსგავსი შეტევები რუსეთმა 2007 წელს ესტონეთის წინააღმდეგ განახორციელა და ისევე როგორც ესტონეთს, საქართველოსაც ნატო-ს კიბერ ექსპერტებმა აღმოუჩინეს დახმარება შეტევების მოგერიებაში.

დღეს სამართლიანად აღნიშნავენ, რომ „კავკასუს ონლაინის“ რუსული კომპანიისთვის გადაცემა რუსეთის წინაშე კიბერკაპიტულაციას ნიშნავს - ანუ სხვანაირად თუ ვიტყვით, რუსეთს კიბერშეტევის განხორციელებაც კი აღარ დასჭირდება, ისე შეძლებს იმ საინფორმაციო თუ სამთავრობო პორტალების ბლოკირებას, რომელიც „კავკასუს ონლაინის“ გაყიდვის შემდეგ შექმნილი კომპანიის ინტერნეტ მომხმარებელი იქნება.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა კი „ისევ გვისმენენ -2“ იქნება, რადგან საპროტესტო აქციების გამართვა არა ქართველი სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ, არამედ რუსეთის წინააღმდეგ მოუწევთ არასამთავრობოებს და სხვა ადამიანებს, რადგან სწორედ „ინტერნეტ მიმწოდებლებს“ მიუწვდებათ ხელი იმ ინტერნეტ-ტრეფიკზე და მის შინაარსზე, რომელსაც ამა თუ იმ ინტერნეტ მომხმარებელი აწარმოებს და გააჩნია ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობა განახორციელოს მის აბონენტ-ინტერნეტ მომხმარებელთა მიერ საკუთარი კომპიუტერებით მიღებული და გადაცემული ინტერნეტ კომუნიკაცია (რომელშიც მოიაზრება არა მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით განხორციელებული ზარების მიყურადება, არამედ გადაცემული და მიღებული ფაილების კოპირება, გადამისამართება, წაშლა და ა.შ.) ჩაიწეროს მიმდინარე რეჟიმში.

ყველასთვის ცნობილია, რომ ზემოთ აღწერილი მოქმედებების განსახორციელებლად ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს სასამართლოს ნებართვა სჭირდებათ და მხოლოდ გამონაკლის გადაუდებელ შემთხვევაში შეუძლიათ სასამართლოს გარეშე ამ მონაცემების მოსაპოვებლად ინტერნეტ მიმწოდებლებისთვის მიმართვა (ეს მოქმედებაც შემდგომში სასამართლოს უნდა ეცნობოს). იმ პირობებში კი, თუ ერთ-ერთ მთავარ ინტერნეტ მიმწოდებელს საქართველოს ოკუპანტს გადავცემთ, იგი თავისუფლად შეძლებს საკუთარ საკომუნიკაციო ქსელში ჩაბმული ადამიანების, ორგანიზაციების (მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტების) მიერ ნაწარმოები ინტერნეტ ურთიერთობების ტოტალურ კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში მისი სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებისთვის გადაცემას და რა თქმა უნდა, მას ამისთვის სასამართლოს ნებართვა არ დასჭირდება.

ბუნებრივია, შეიძლება დაისვას კითხვა, რომ ზემოთ განხილული მოქმედებების განხორციელება დღესაც ხომ შეუძლიათ ქართულ კომპანიებს, სახელმწიფოსგან მალულად? ცხადია, რომ მსგავსი რისკი ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ საზოგადოებაში შეიძლება დადგეს და ამა თუ იმ სამამულო კომპანიამ ითანამშრომლოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, მაგრამ ეს თეორიული ალბათობა ვერ იქნება იმაზე სარისკო და საფრთხის შემცველი, როდესაც ინტერნეტ კომუნიკაციის ერთ-ერთ მთავარ წყაროს და მათ შორის მოსმენების და ფარული თვალთვალის არა ერთ და ორ, არამედ ყველა გასაღებს პირდაპირ ოკუპანტს აბარებ.

ამასთან, ამ ტოტალური კონტროლის დასამყარებლად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის საკუთრებაში დარჩება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. ამის მიუხედავად, ინტერნეტ მიმწოდებელი თავისუფლად შეძლებს ყველა იმ მოქმედების განხორციელებას, რაც ზემოთ განვიხილეთ.

აღნიშნულ შესაძლო საფრთხის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესია სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და დროული ჩართულობა ამ საკითხით დაინტერესებული პირების ანუ საზოგადოების მხრიდან, რაც გადამწყვეტი იქნება „კავკასუს ონლაინის“ რუსულ კომპანიაზე გაყიდვა-არგაყიდვის საკითხის გადასაწყვეტად.

უჩა ზაქაშვილი

სამართლის დოქტორი კიბერდანაშაულის სისხლისსამართლებრივი რეგულირების საკითხებში