"ვიმპელკომი" ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შეძენით დაინტერესებული არ არის"

კომპანია "ვიმპელკომის" მიერ "კავკასუს ონლიანით" დაინტერესების საკითხი მას შემდეგ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რაც "თავისუფალმა დემოკრატებმა" აღნიშნული გარიგება საქართველოს უსაფრთხოებას პირდაპირ დაუკავშირეს. "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლების მტკიცებით, იგეგმება იმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისება, რომლითაც საქართველო ინტერნეტს იღებს და მიბმულია ევროპასთან. პარტიის ინფორმაციით, ეს ყველაფერი შესაძლოა რუსეთის ხელში აღმოჩნდეს. აღნიშნულ დასკვნას პარტია იქედან გამომდინარე აკეთებს, რომ კომპანია "ვიმპელკომი", რომელიც საქართველოში შპს "მობიტელის ("ბილაინი") სამარკო ნიშნით ოპერირებს, რუსული კომპანიაა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რომელმაც საკომუნიკაციო სფეროში მოქმედ კომპანიებს ბიზნესგარიგების შემთხვევაში ნებართვა უნდა მისცეს, აცხადებენ, რომ მაგისტრალის გასხვისებაზე საუბარი არ არის. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისების შესაძლებლობა გამორიცხა.

როდიდან საქმიანობს "ვიმპელკომი" საქართველოში, არის თუ არა დაინტერესებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შეძენით და რისი შეძენა სურს მას "კავკასუს ონლაინისგან" - ამ საკითხზე "ინტერპრესნიუსის" შეკითხვებს კომპანია "ბილაინის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა უპასუხა.

- მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ნამდვილად საჭიროდ ვთვლი გარკვეული საკითხები განვმარტოთ. "ვიმპელკომი" არის საერთაშორისო კორპორაცია, რომლის აქციებიც ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე კვოტირებს. აქციონერთა შორის არის ძალიან ბევრი ქვეყნის ინსტიტუცია თუ ფიზიკური პირი, მათ შორის, აშშ-ის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, საქართველოს, იტალიის, იაპონიის და ა.შ. ეს არის ღია უზარმაზარი კორპორაცია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 220 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ის ოპერირებს 14 ქვეყანაში და მსოფლიო ტელეკომუნიკაციის სფეროში მოღვაწე კომპანიებს შორის სიდიდით მეშვიდეა. აღნიშნული კომპანია საქართველოს ბაზარზე არის 2006 წლიდან "ბილაინის" ბრენდის სახელით. საქართველოში 1 300 000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს, განვახორციელეთ 280 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რაც ლარში 700 მილიონზე მეტია. მთელი წლების განმავლობაში ინვესტირებული თანხა საქართველოს ეკონომიკაშია დარჩენილი და ბრუნავს, ანუ დივიდენდის, სესხის დაფარვის, პროცენტის ან რაიმე სახით სხვა თანხა არ გასულა და ეკონომიკის განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიების შემოტანას ხმარდება. "ვიმპელკომი" იყო საქართველოში პირველი, რომელმაც დაიწყო ასეთი ფართო დაფარვისა და მაღალი სისწრაფის, მე-4 თაობის ინტერნეტის დანერგვა და პირველი იქნება, ვინც მე-5 თაობის ინტერნეტს დანერგავს, როცა ამის დროს დადგება.

- როგორც ცნობილია, უკვე რამდენიმე თვეა კომუნიკაციების ეროვნული კომისია განიხილავს საკითხს, რომელიც "კავკასუს ონლაინით" კომპანია "მობიტელის" დაინტერესებას გულისხმობს. რა არის მოლაპარაკების საგანი, რისი შეძენა გსურთ?

- ლაპარაკია მხოლოდ საცალო ბაზარზე. ეს ნიშნავს სადენიან ინტერნეტმომსახურებას ოჯახებისთვის, IP ტელევიზიის მომსახურებას და სახლის სატელეფონო მომსახურებას. ბიზნესის ამ ნაწილით ვართ დაინტერესებულები. ჩვენ მხოლოდ ინტერესი გამოვხატეთ, რომ გვინდა ამ მიმართულებით შეძენა განვახორციელოთ.

- აღნიშნული მოლაპარაკების პარალელურად, პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ამტკიცებენ, რომ იგეგმება საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისება, რომლითაც საქართველო ინტერნეტს იღებს და მიბმულია ევროპასთან. მათივე მტკიცებით, შესაძლოა, ეს ყველაფერი რუსეთის ხელში აღმოჩნდეს. ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ეს საკითხი დავოსში გამართულ შეხვედრაზე იქნა განხილული. თუ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- "კავკასუს ონლაინთან" მოლაპარაკებების საგანი არ არის შავი ზღვის მაგისტრალური კაბელი. კომპანია განიხილავს მხოლოდ საცალო სეგმენტის შესყიდვას, რაც გულისხმობს "ბილაინის" მიერ მხოლოდ "კავკასუს ტვ"-ის და სადენიანი ინტერნეტის სერვისის შეძენას. პროცესი არის გამჭვირვალე და კომპანიის იმ აქტივების დეტალური ჩამონათვალი, რომლის შესაძლო შეძენაზე არის საუბარი, გაგზავნილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, კომისიისთვის გაგზავნილ ჩამონათვალში არ არის შავი ზღვის მაგისტრალური კაბელზე საუბარი, შესაბამისად, ის არ არის მოლაპარაკების ნაწილი.

- შესაძლოა, დღეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი არ გაინტერესებთ, თუმცა საცალო ბაზრის სეგმენტის შეძენა, სამომავლოდ უკვე მის შესყიდვას გაგიადვილებთ. გამორიცხავთ იმას, გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ყიდვის საკითხი დადგეს დღის წესრიგში?

- ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ამის სურვილი არ გვაქვს. თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები არ წყდება. არ გვაქვს დაინტერესება. მეტი სიცხადისთვის მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ბულგარეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი კაბელისა, რომელიც შავ ზღვაზე გადის, არის ბევრი სახმელეთო კაბელი, კერძოდ, სამი შემოდის თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან. შენდება მაგისტრალურ კაბელები რუსეთზე. საქართველოს ინტერნეტტრაფიკის მიმოცვლის თვალსაზრისით ნაკადები საკმაოდ დივერსიფიცირებული აქვს. რუსეთთანაც რომ გაკეთდება, უკვე ყველა მხრიდან აბსოლუტურად დივერსიფიცირებული იქნება. ანუ არანაირი საფრთხე ინტერნეტის ხარისხის გაუარესების ან მომსახურების შეწყვეტის არ ექნება. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან საინტერესო ბენეფიტი და პლიუსია. ასე რომ, ის განცხადება, რომ ეს ერთი კაბელია, არ არის სწორი. გასაგებია, რომ ევროპიდან ინტერნეტი მოდის შავი ზღვის ფსკერზე არსებული კაბელიდან, თურქეთის კაბელიდან და შემდეგ გადის აზერბაიჯანში, სომხეთში და ა.შ. ჩემი აზრით, საქართველოს მყარი პოზიციები უჭირავს რეგიონში ინტერნეტბაზარზე იმიტომ, რომ მას აქვს ბევრი არხი და წყარო ინტერნეტის მომარაგებისა და მიღების.

- ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით საბოლოო მოლაპარაკება უახლოეს დღეებში თურქეთში გაიმართება. თუ არის დაგეგმილი შეხვედრა თურქეთში?

- არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის დეზინფორმაცია. მსგავსი არაფერი იგეგმება.

- თუ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ნებართავა მოგცათ, მოლაპარაკება შედგა და საცალო ნაწილი შეიძინეთ, რას გეგმავთ და რას მოუტანს ეს გარიგება მომხმარებელს?

- პირველ რიგში, ორი აქტივის, ვგულისხმობ მობილური და ,,კავკასუს ონლაინის" საცალო აქტივის გაერთიანება მომხმარებელს ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს. ამ გაერთიანებულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება აბონენტებს შესთავაზოს ერთობლივად რამდენიმე სერვისი - სახლის ინტერნეტი, ტელევიზია, მობილური ინტერნეტი, მობილური კავშირგაბმულობა, სახლის ტელეფონი და ა.შ. საუბარი იქნება იმაზე, რომ გაერთიანებული კომპანია საერთო სერვისში ბევრ მომსახურებას შესთავაზებს, შესაბამისად, მომხმარებლისთვის ამის ფასი იაფი იქნება ისე, როგორც "ბილაინს" სჩვევია. მე მგონი, ამ ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება, "ბილაინის" მომსახურების გარდა. ინტერნეტის ხარისხი არის და იქნება საუკეთესო. "კავკასუს ონლაინს" აქვს მაღალი ხარისხის ინტერნეტი, "ბილაინს" აქვს ყველაზე მაღალი ხარისხის ინტერნეტი ამ ქვეყნაში მე-4 თაობის წყალობით. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა. გარდა ამისა, გაერთიანების შემთხვევაში "ვიმპელკომი" განახორციელებს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციას. ჩემი აზრით, ეს გაერთიანება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის არის ძალიან სერიოზული ბიძგი. წლების განმავლობაში ძალიან დიდი ინვესტიცია შემოვა.

- რა ეტაპზეა საკითხის განხილვა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. როდის ელოდებით კომისიის გადაწყვეტილებას?

- ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით, თუმცა კანონით გაწერილია ეტაპები და თარიღები. დღეს არის სხდომა, ეს არის საჯარო. ყველას შეუძლია ნახოს ის დოკუმენტები, აქტივების რა ჩამონათვალზეა განაცხადი შეტანილი. იქ ვერავინ ნახავს, რომ მაგისტრალურ ან შავი ზღვის ფსკერზე არსებულ კაბელზეა ლაპარაკი. საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე, რაც საცალო ბიზნესს შეეხება. თუ ორი კომპანია გაერთიანდება, ეს ქვეყნისთვის არის კარგი. უფრო მძლავრი ორგანიზმი ქვეყნისთვის მეტს შეძლებს, ვიდრე ორი დამოუკიდებელი კომპანია. ეს ეკონომიკის კანონია.

- ხომ არ შექმნის ეს გარიგება ბაზარზე გარკვეულ მონოპოლიას?

- "ბილაინისა" და "კავკასუს ონლაინის" გარდა ძალიან ძლიერი კომპანიებია ბაზარზე, კერძოდ, "მაგთიკომი", "ჯეოსელი", "სილქნეტი", "დელტაკომი" და ა.შ. ასე რომ, მონოპოლია ვერ იქნება.

- იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესგარიგება შედგა. შეიქმნება ახალი კომპანია, თუ მოხდება "ბილაინის" გაფართოება. თუ არის წინასწარი მოდელი ჩამოყალიბებული?

- პირველ ეტაპზე, ალბათ, ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. მთავარია, ეს გარიგება შედგეს. შემდგომ უკვე სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ. წინასწარ არ გვაქვს გადაწყვეტილი, როგორ უნდა გაკეთდეს. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

ნათია რუხაძე

"ინტერპრესნიუსი"