რატომ არ არის საქართველო სამხრეთ კორეა ან ისრაელი?

2014 წლის ოქტომბერში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ვიზის ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან ცოტა ხანში, სეულში, სამხრეთ კორეის დედაქალაქში მომიწია ჩასვლა.

უკანა გზაზე, სეულის აეროპორტში უსიამოვნო სიურპრიზი მელოდა. ახალგაზრდა ბორტ-გამცილებელმა შეამოწმა ჩემი (ისრაელის) პასპორტი და განმიცხადა, რომ არსებული სისტემის მიხედვით, სტამბოლის რეისზე დავიშვებოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წარმოვადგენდი საქართველოს ბინადრობის მოწმობას ან შევიძენდი კორეაში უკან დასაბრუნებელ ბილეთს.

– მაგრამ მე დიდი ხანია საქართველოში ვცხოვრობ და უკან დაბრუნება აქამდე არასდროს ყოფილა პრობლემა, – შევეპასუხე მე.

ბორტ-გამცილებელმა ბოდიში მომიხადა შექმნილი დისკომფორტისათვის და ავტომოპასუხის ხმით გამიმეორა: „სისტემის მიხედვით, მგზავრს უნდა ჰქონდეს კორეაში დასაბრუნებელი ბილეთი ან საქართველოს ბინადრობის მოწმობა.“

სახლში დაბრუნების გაათკეცებული სურვილით შეპყრობილმა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წამოწყება გადავწყვიტე.

- კი მაგრამ, არ შეიძლება ეგ სისტემა ცდებოდეს? - გავიბრძოლე მე.

- ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებით სისტემას! – ისეთი მტკიცე, ავტომოპასუხის ხმით მითხრა, მივხვდი, რომ საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.

ჩემდა საბედნიეროდ, საფულეში აღმომაჩნდა ბინადრობის (სრულიად ახალი) მოწმობა და შევძელი გამოფრენა, მაგრამ მისი ნათქვამი „ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებით სისტემას!“ გონებაში ჩამრჩა. ჩამრჩა, რადგან აღნიშნული ფრაზა ჭეშმარიტებას ღაღადებს კორეელი (როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ) ხალხის წესრიგისა და მორჩილებისადმი მიდრეკილების ღრმად ფესვგადგმული ტრადიციის შესახებ. იგივე ლოგიკით, ფრაზა – „ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებით სისტემას!“ -  თავის თავში გულისხმობს ყველაფერს, რაც საქართველოში პირიქითაა.

სისტემისადმი მორჩილება: უპირატესობები

მორჩილებასა და წესრიგს უდავოდ აქვს თავისი უპირატესობები. ამის დასადასტურებლად შეგვიძლია შევხედოთ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის დინამიკას სამხრეთ კორეასა და საქართველოში.

1965 წელს, საქართველო და კორეა ერთნაირად ღარიბი ქვეყნები იყო. მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში 1,266, ხოლო კორეაში 1,285 აშშ დოლარი იყო (დათვლილია 2005 წლის აშშ დოლარში). "ფორბსის" მიხედვით, „2004 წელს სამხრეთ კორეა შეუერთდა ტრილიონიანი მსოფლიო ეკონომიკების კლუბს და დღესდღეობით მე-12 ადგილს იკავებს უდიდეს ეკონომიკებს შორის“. ამჟამად, სამხრეთ კორეის რეალური მშპ, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, შეადგენს 24,000 აშშ დოლარს (2005 წლის აშშ დოლარში), რაც, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, 7-ჯერ აღემატება საქართველოს მაჩვენებელს.

სამხრეთ კორეის „სასწაულებრივ“ მოდერნიზაციას, ინდუსტრიალიზაციასა და ექსპორტზე ორიენტირებულ ზრდას ხშირად ადარებენ დასავლეთ გერმანიის ეკონომიკურ „სასწაულს“ (Wirtschaftswunder), თუმცა პრეზიდენტ პაკ ჩონ ხის (1961-1979) ავტორიტარული რეჟიმი და ინდუსტრიული პოლიტიკა, ალბათ, ფაშისტური გერმანიის რეჟიმს უფრო მოგვაგონებს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და მიმდინარეობისას. ორივე შემთხვევაში სახელმწიფო აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკის ამბიციურ დაგეგმვაში, თანამშრომლობდა ძლიერ ბიზნეს-ელიტებთან (ოჯახების მიერ კონტროლირებულ ინდუსტრიულ კონგლომერატებთან, კორეის შემთხვევაში, ე.წ. „ჩებოლებთან“), ავიწროვებდა და ანადგურებდა პროფკავშირებს[1], ახორციელებდა საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველჰყოფდა საკრედიტო გარანტიებს, სანაცვლოდ კი მკაცრად მოითხოვდა, რომ ყველა ეკონომიკური აქტივობა შესაბამისობაში ყოფილიყო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან.

როგორც ვიკიპედიაშია აღწერილი:

„მთავრობისა და ჩებოლების თანამშრომლობა იყო 1960-იან წლებში დაწყებული ზრდისა და შთამბეჭდავი წარმატების საფუძველი. იმისათვის, რომ ქვეყნის ორიენტაცია სამომხმარებლო საქონელი და მსუბუქი მრეწველობა მძიმე, ქიმიური და იმპორტის ჩამნაცვლებელი წარმოებით შეეცვალათ, პოლიტიკური ლიდერები და ორგანიზატორები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ჩებოლების ლიდერებთან. მთავრობა სთავაზობდა ინდუსტრიული გაფართოების გეგმებს, ჩებოლები კი ახორცილებდა მათ... ჩებოლებით მართულმა ინდუსტრიალიზაციამ დააჩქარა კაპიტალისა და ეკონომიკურად მომგებიანი აქტივობების შეზღუდული რაოდენობის კონგლომერატების ხელში თავმოყრის პროცესი“.

ამ რაკურსიდან კარგად ჩანს, რომ სამხრეთ კორეის სასწაული სხვა არაფერია, თუ არა „სისტემისადმი მორჩილება“ – პარტიის ინდუსტრიული პრიორიტეტებისათვის ფეხის აწყობა, უცხოური ტექნოლოგიის უწყვეტი დანერგვა, უზარმაზარი ზეწოლის პირობებში ფუნქციონირებისათვის მზაობა, და ბოლო (მაგრამ არა უკანასკნელი) დღევანდელი მოხმარებისა და „კარგი ცხოვრების“ მსხვერპლად გაღება დაპირებული უკეთესი მომავლისათვის.

სისტემისადმი მორჩილება: უარყოფითი მხარეები

განაგრძეთ კითხვა