არასათანადო კვება ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფასად უჯდება ადამიანს

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის მიმართვა ევროპის ქვეყნებს

მას შემდეგ, რაც ევროპამ რეგიონში შიმშილის მაჩვენებელი საგრძნობლად შეამცირა, ახალი გამოწვევის წინაშე დადგა: მან უნდა შეძლოს საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ადამიანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

მე, როგორც მსოფლიოში შიმშილთან მებრძოლი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, არაფერი მანიჭებს უფრო დიდ კმაყოფილებას, ვიდრე იმის დანახვა, თუ როგორ მიიღწევა ჩვენს რეგიონში სურსათის უსაფრთხოება.

53 წევრი ქვეყნითა და ერთი წევრი ორგანიზაციით, ევროპა და ცენტრალური აზია FAO-ს ყველაზე დიდი რეგიონია, რომელიც კვეთს 13 სასაათე სარტყელს ატლანტიდან წყნარ ოკეანემდე. ჩვენი მონაცემების მიხედვით, რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში სურსათის უსაფრთხოების დონემ საგრძნობლად მოიმატა. მოშიმშილე მოსახლეობის მაჩვენებელმა კი 1990 წლის შემდეგ 40 პროცენტით დაიკლო.

სამწუხაროდ, ამბავი ამით არ მთავრდება.

არასათანადო კვება რეგიონის პრობლემად რჩება. მას სხვადასხვაგვარი ფორმა აქვს, იქნება ეს მიკროელემენტების დეფიციტი, ზრდის შეჩერება, კახექსია, ჭარბი წონა და სიმსუქნე. ფაქტია, რომ რეგიონის ქვეყნების უმეტესობას სიმსუქნის შემაშფოთებელი მონაცემები აქვს - ზრდასრული მოსახლეობის 20%-ზე მეტს ეს პრობლემა აწუხებს. არასათანადო კვება ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფასად უჯდება ადამიანს.

რატომ ხდება ეს? - იმიტომ რომ, როგორც კი საზოგადოება თავს აღწევს შიმშილს, დღის წესრიგში დგება ახალი პრობლემები - არასწორი დიეტა და ცხოვრები წესი. ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციები, მათ შორის, მაღალი ხელფასები ღარიბ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ზედმეტად გადამუშავებული საკვების სიიაფე და ხელმისაწვდომობა იწვევს კვების კულტურის მოშლას და მივყავართ ჭარბი წონის პრობლემამდე. არააქტიური ცხოვრების წესი სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.

ჯანსაღი კვება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის.

ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით საჭირო მიმართულებით, როცა 2014 წლის ნოემბერში ჯანმრთელ კვებას საერთაშორისო კონფერენცია მივუძღვენით. სწორედ მაშინ მივიღეთ რომის დეკლარაცია, რომელიც წარმოადგენს ჩარჩოხელშეკრულ ებას რეგიონში არასათანადო კვების აღმოსაფხვრელად. ქვეყნებმა ამ დეკლარაციით პასუხისმგებლობა აიღეს, რომ სურსათის სფეროში შემოიღებენ შესაბამის რეგულაციებს, რათა წარმოებული საკვების მოხმარება უსაფრთხო იყოს მოსახლეობისთვის.

იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ შესაბამისი რეგულაციები და სურსათის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარონ, შეამცირონ საკვების დანაკარგი, მომხმარებელს უბიძგონ ჯანსაღი პროდუქტის მოხმარებისკენ, მისცენ მოსახლეობას შესაბამისი განათლება სწორ კვებასთან დაკავშირებით, დააწესონ პროდუქტის შეფუთვისა და მისი შემადგენლობის ზუსტი ეტიკეტირების წესები, პოპულარიზაცია გაუწიონ მარცვლოვანი კულტურების წარმოებას, განავითარონ მცირე მეურნეობები და დააკავშირონ ფერმერები ბაზართან.

ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები 4-6 მაისს თურქეთის ქალაქ ანტალიაში შეიკრიბებიან, რათა არასათანადო კვების პრობლემაზე, სურსათთან და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმსჯელონ. მინისტრები, დელეგატები და სამოქალაქო და კერძო სექტორისწარმომადგენლები პრობლემების გადაჭრის გზებს მიმოიხილავენ და FAO-ს სამუშაო პრიორიტეტებს დააწესებენ მომავალი ორი წლისთვის.

ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ ჯანმრთელი მომავალი, FAO კი მზადაა მათ ამ წამოწყებაში გვერდით დაუდგეს.

ხოსე გრაციანო და სილვა

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი