რა უნდა იცოდნენ დამწყებმა მეფუტკრეებმა

ვისაც ფუტკარსა და სკასთან შეხება ჰქონია, გაოცებულია ფუტკრების ოჯახის წესრიგით. მუშა-ფუტკრების მთავარი საზრუნავი დედა-ფუტკრის მოვლაა. ერთი გუნდი კვების საკითხს აგვარებს, მეორე - სკას ქურდებისგან იცავს. ეს მეტად სერიოზული მოვალეობაა, რადგან ფუტკარს უამრავი მტერი ჰყავს: თაგვები, ფრინველები, მწერები და სხვ. სკაში ე.წ. ხურო - მშენებელი ფუტკრებიც ცხოვრობენ. უკვე მოწიფული და გამოცდილი ფუტკრების გუნდი კი, საშოვარზე მიდის ნექტრისა და ყვავილის მტვრის შესაგროვებლად, ზოგიერთი მზვერავია... გაზაფხულზე ფუტკრები ყველაზე მეტ თაფლს აგროვებენ. რა პრობლემები აქვს ფუტკრის ოჯახს ამ სეზონზე და რა უნდა გააკეთოს გამოცდილმა მეფუტკრემ, რომ თაფლი უხვად მიიღოს? - ვკითხეთ ბიოლოგიური ასოციაციის კონსულტანტს, ფერმერ ჯაბა ჭეიშვილს.

- ოცი წელია, ფუტკარს ვუვლი, ამჟამად ასი ძირი სკა მაქვს და ვეცდები, დამწყებ მეფუტკრეებს გამოცდილება გავუზიარო. ყველაზე დიდი პრობლემა გაზაფხულზე ფუტკრის ბუნებრივი ნაყრიანობაა: როცა ამინდები გამოდის, ოჯახი სკაში აღარ ეტევა და ფუტკარი ნაყრიანობას იწყებს - ოჯახის ნახევარი ცალკე გამოიყოფა და მეორე ოჯახად ყალიბდება. მცოდნე და გამოცდილმა მეფუტკრემ ეს პროცესი უნდა შეაჩეროს, რადგან ნაყრიანობა თაფლის მიღებაში ხელს შეუშლის. ხანდახან ფუტკარი 2-3 ნაყარსაც აკეთებს. ნაყრიანობა იმით არის ცუდი, რომ შეიძლება მეფუტკრეს ფუტკარი გაექცეს, ან სხვა ფუტკრებმაც მას მიჰბაძონ და მეფუტკრემ ნაკლები თაფლი მიიღოს.

- როგორ შეიძლება ამ პროცესის შეჩერება?

- ადრე გაზაფხულიდანვე ფუტკარს სამუშაო ბლომად უნდა მივცეთ, სრულად უნდა დავტვირთოთ, რათა ნაყარი­ არ გააკეთოს. უპირველესად, ახალი ფიჭები­ უნდა ავაშენებინოთ. როცა ფუტკარს ბევრი სამუშაო აქვს, აღარ ფიქრობს ნაყრიანობის დაწყებაზე. არსებობს ნაყრიანობისკენ მიდრეკილი ფუტკრის ჯიშები,­ თუმცა გამოცდილი მეფუტკრე სელექ­ციის გზით ამ ნაკლსაც აღმოფხვრის - ასეთ ჯიშებს სხვა, უკეთესი ჯიშებით ჩაანაცვლებს. ნაყრიანობისკენ მიდრეკილი ფუტკარი მეტ მოვლას საჭიროებს.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 16 მაისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ხათუნა ჩიგოგიძე