ფარავანჰესი: ემუქრება თუ არა ხერთვისს დატბორვის საფრთხე?

"ფარავნჰესის მშენებლობა მდინარე ფარავანზე უარყოფით ზეგავლენას იქონიებს", - ამ დასკვნას არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივა” აკეთებს.

პროექტი, რომელიც მდინარე ფარავანზე 87 მეგავატი სიმძლავრის ჰესის, ასევე 14 კმ-იანი დერივაციული გვირაბისა და 32 კმ სიგრძის 220-კილოვოლტიან გადამცემი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, 156,5 მილიონი დოლარი ჯდება. ფარავნჰესმა ელექტროენერგიით ქართული ბაზარი ზამთარში უნდა მოამარაგოს, დანარჩენი 9 თვის განმავლობაში კი - თურქეთი. პროექტის სპონსორია “ჯორჯია ურბან ენერჯი” – თურქული კონგლომერატის, „ანადოლუ ჯგუფის“ ქართული შვილობილი კომპანია. გარდა ამისა, ჰესი 52 მილიონი დოლარით ევრობანკმა, ხოლო 40.5 მილიონი დოლარით - საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამაც დააფინანსა. ამ უკანასკნელმა დამატებით 23 მილიონი დოლარი კომერციული ბანკებიდან მოიზიდა .

ზემოქმედება გარემოზე

როგორც ”მწვანე ალტერნატივის” კვლევაშია აღნიშნული, პროექტით დაგეგმილია მდინარე ფარავნის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 90%-ის მტკვრის კალაპოტში ”გადაგდება”; შესაბამისად, ფარავანში საშუალო მრავალწლიური ხარჯის მხოლოდ 10% რჩება, რომელმაც მდინარის ეკოსისტემის შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს. ”მწვანე ალტერნატივა” არ ეთანხმება ჰესის მშენებლების ამ გადაწყვეტილებას, არც მათ მტკიცებას, რომ წყლის მოცულობა გაზაფხულისა და ზაფხულის ნალექიან თვეებში 15-25 % -მდე გაიზრდება.

”მთელი წლის განმავლობაში ეს 15-25 % არ არის გარანტირებული და დროის გარკვეულ მონაკვეთში მდინარეში წყლის ხარჯის მხოლოდ 10% დარჩება. ეს პროგნოზი კიდევ უფრო შემაშფოთებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოყენებული ჰიდროლოგიური მონაცემები მოძველებულია (1937-1986) და დღევანდელი მდგომარეობით, წყლის რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ნაკლებია, უკანასკნელ ათწლეულებში მშრალი პერიოდების სიხშირის ზრდის გამო”, - აღნიშნულია კვლევაში.

ექსპერტები შეშფოთებას გამოხატავენ სოფელ ხერთვისის შესაძლო დატბორვის თაობაზეც, რომელიც ელექტროსადგურთან ახლოს მდებარეობს. მათ საეჭვოდ მიაჩნიათ ინვესტორის გათვლები, რომ ფარავანჰესის მშენებლობით მტკვრის დონე წელიწადში, საშუალოდ, მხოლოდ 10 სმ-ით აიწევს. ეს მაჩვენებელი კი დატბორვის რისკს გამორიცხავს.

”ეს ვერ ჩაითვლება დამარწმუნებელ არგუმენტად. წელიწადში, საშუალოდ, 10 სანტიმეტრით მდინარის დონის აწევა არ გამორიცხავს სოფლის დატბორვის შესაძლებლობას გაზაფხულის თვეებში, როდესაც მდინარის დინება მაქიმალურ დონეს აღწევს. ადგილობრივი მოსახლეობის თანახმად, მდინარე მტკვარი თითქმის ყოველ გაზაფხულზე ტბორავს სოფელს, განსაკუთრებით მდინარის გაყოლებაზე მდებარე მიწის ნაკვეთებსა და სახლებს, რადგანაც მდინარის ნაპირი არ არის დაცული. მოსახლეობა შიშობს, რომ თუ მდინარის ნაპირის დაცვის ღონისძიებები არ განხორციელდა, პროექტის დასრულების შემდეგ შეუძლებელი გახდება სოფელში ცხოვრება”, - აღნიშნავენ ”მწვანე ალტერნატივაში”.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ადგილობრივ მოსახლეობას სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ უკრძალავენ, გაიყვანონ პირუტყვი საკუთარ საძოვრებზე, რადგან გზა საძოვრებისაკენ პროექტის სპონსორმა გადაკეტა. გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ სოფელ ჩუნჩხელში, ახალაშენებული გვირაბის სიახლოვეს, დაახლოებით, 18 ჰექტარი ხეხილის ბაღები განადგურდა, რადგან ეს ტერიტორია პერიოდულად გვირაბში დაგროვებული წყლით იტბორებოდა. იმავდროულად, წყალი დაბინძურებული იყო სამშენებლო მასალებითა და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებით.

ექსპერტები აცხადებენ, რომ 220-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის მეშვეობითაც ახალი ჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია ქსელს გადაეცემა, უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს ფრინველებზეც, რადგანაც ტბა გადამფრენი ფრინველების აფრიკა-ევრაზიის სამიგრაციო გზაზე მდებარეობს და ამ ”დერეფნით” სარგებლობს ფრინველის 255 სახეობა. ”ისინი წრფივი წინაღობების, მაგალითად, მავთულების მიმართ მგრძნობიარენი არიან და არსებობს ანძებთან, ან მავთულებთან მათი შეჯახების საშიშროება”, - აღნიშნულია კვლევაში.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, შეშფოთება პროექტის დამფინანსებლებთანაც გამოთქვეს, თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

შეუსრულებელი საინვესტიციო ვალდებულებები

ადგილობრივი მცხოვრები ალეკო ციხელაშვილი 2009 წლიდან ცდილობს დაიბრუნოს საკუთარი მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია ფარავანჰესის მშენებელს უკანონოდ ჯერ კიდევ 2007 წელს დაურეგისტრირა. კომპანიის საკუთრებაში მოექცა 18 ოჯახის სამოსახლო მიწები სოფელ ძველშიც, თუმცა, ინვესტორს კომპენსაცია სრულად დღესაც არ დაურიგებია. გარდა ამისა, ამ სოფლის მოსახლეობა ”ჯორჯია ურბან ენერჯის” დატბორილი ბაღების გამო სასამართლოშიც უჩივის.

”ალტერნატივაში” აცხადებენ, რომ კომპანიამ არ შეასრულა პირობა 200 ადგილობრივი მკვიდრის დასაქმების შესახებ. ჰესის მშენებლობისას სულ 40 ადამიანია დასაქმებული, ისიც ნეპოტიზმით.

რას მოიგებს საქართველო?

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, კერძო ინვესტორების შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში ხორციელდება ე.წ. ბონუსების, დამატებითი გადასახადების, ან უფასო გამომუშავებული ელექტროენერგიის სახით, რასაც ქართულ სინამდვილეში ადგილი არ აქვს.

ექსპერტები არ ეთანხმებიან პროექტის მენეჯმენტის გათვლას, რომ ფარავანჰესი საქართველოსთვის წლიურად 36.6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს და ქვეყნის საგადასახადო ბალანსს გააუმჯობესებს.

”იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი ხორციელდება ე.წ. ”მშენებლობა- ფლობა - ოპერირების” სქემით, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის შემოსავლები საკმაოდ მწირია. ფარავანჰესის მიზანია ელექტროენერგიის ტრანსპორტირება თურქეთში. საქართველოში ექსპორტი გადასახდებისგან გათავისუფლებულია. ინვესტორები ასევე არ იხდიან წყლის რესურსებით სარგებლობის საფასურს. ამ პირობებში, სახელმწიფოს შემოსავალი მოიცავს მხოლოდ დასაქმებულთა მიერ გადახდილ 20%-იან საშემოსავლო გადასახადს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის 0.1%-იან ქონების გადასახადს. მწვანე ალტერნატივის გათვლებით, ჰესიდან მიღებული შემოსავალი სახელმწიფო ხაზინაში წლიურად 2.5 მილიონ დოლარს არ აღემატება”, - მიიჩნევენ ექსპერტები.

მათი თქმით, საეჭვოდ გამოიყურება ფარავანჰესის მიერ ზამთარში საქართველოს ენერგოსისტემისათვის ელექტროენერგიის მიყიდვის შესაძლებლობაც, მდინარე ზამთრის თვეებში, ჩვეულებისამებრ, იყინება.

”მწვანე ალტერნატივის” ექსპერტების კრიტიკის ობიექტი გახდა პროექტის მემორანდუმის ცალკეული მუხლებიც, მათ შორის, დამატებითი მხარდაჭერის ღონისძიებები სახელმწიფოს

მხრიდან, როგორიცაა, ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი კომპანიის საკუთრებაში უვადოდ გადაცემა, მიუხედავად იმისა, რომ მემორანდუმის მოქმედების ვადა 15 წელია.

გარდა ამისა, კომპანიას უფლება მიენიჭა, განუსაზღვრელი პერიოდით გამოიყენოს მდინარე ფარავნისა და ფარავნის ტბის წყლის რესურსი. კომპანიამ მთავრობისგან უფლება მიიღო, იპოთეკით დაეტვირთა მიწა (საერთო ფართობით 60 317 კვ.მ).

”აღსანიშნავია, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი არ მოიცავს მიწის დაბრუნების პირობას და მის აღდგენას საწყის მდგომარეობამდე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ. მემორანდუმი ასევე არ მოიცავს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელსაც უნდა მიმართოს კომპანიამ თუ ის ვერ ახერხებს მიწის რესტიტუციას”, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში.