მოსახლეობის 47% ფიქრობს, რომ მედიკამენტების ფასი ძალიან გაიზარდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2016 წლის 16-28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.

ორგანიზაციის დაკვეთით გამოკითხვა  „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) ჩაატარა და მასში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2032-მა ადამიანმა მიიღო.

გამოკითხვაში მონაწილე მოსახლეობის 47% ფიქრობს, რომ იმ მედიკამენტების ფასები, რისი ყიდვაც ყველაზე ხშირად უწევთ ბოლო 12 თვის განმავლობაში, ძალიან გაიზარდა, 35%-ის აზრით - ცოტათი გაიზარდა, 9%-ის აზრით - არ შეცვლილა, ხოლო 2%-ის აზრით - ცოტათი შემცირდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" ინფორმაციით, 2014 წლის 1 სექტემბრიდან რეცეპტით შესაძენი წამლების არეალის გაფართოებას მოსახლეობის 51% უარყოფითად აფასებს, რაც 2015 წელთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით მცირდება, 9% - დადებითად, რაც 2015 წელთან შედარებით ასე 2 პროცენტული პუნქტით მცირდება. 39%-ის აზრით, მათზე და მათ ოჯახზე რეცეპტით შესაძენი წამლების არეალის გაფართოებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია, რაც 2015 წელთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით იზრდება.

"საინტერესოა, რომ იმ ადამიანების 30%, ვინც კონკრეტულ აფთიაქში ყიდულობს მედიკამენტს, ამ აფთიაქს უპირატესობას ანიჭებს დაბალი ფასის გამო, 24% - ტერიტორიული სიახლოვის გამო, 14% - გათამაშებებში მონაწილეობის ან ბონუს ქულების დაგროვების შესაძლებლობის გამო, 11% - მედიკამენტების ხარისხის გამო, 11% - მომსახურების ხარისხის გამო, ხოლო 4%-ის აზრით, მიზეზი ის არის, რომ მედიკამენტები, რისი შეძენაც სურს, მხოლოდ ამ კონკრეტულ აფთიაქშია", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე