ალექსანდრე მაკედონელის ფული საქართველოში

ისევე როგორც ანტიკურ სახელმწიფოთა ცხოვრების ყველა სფეროში, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებმა გადატრიალება მოახდინა სამონეტო საქმეშიც.

მაკედონელის ფულადმა სისტემამ გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა თითქმის მთელ იმდროინდელ მსოფლიოში. მისი გარდაცვალების შემდეგ მხედართმთავრებიდან (დიადოხოსები) ერთ-ერთმა გამორჩეულმა, თრაკია-მაკედონიის მეფე ლისიმაქემ ალექსანდრეს გამოსახულებით მოჭრა მონეტები, რომლებმაც ასევე დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ალექსანდრეს და ლისიმაქეს მონეტები იმდენად პოპულარული იყო ძველ მსოფლიოში, რომ ამ მონარქების გარდაცვალების შემდეგ ორი-სამი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა ორივე სამონეტო ტიპის მოჭრა მათივე სახელით, სხვადასხვა ტერიტორიაზე და სხვადასხვა იურიდიული ორგანოს (თუ პირის) მიერ.

კოლხური თეთრის ემისიის შეწყვეტაც სწორედ ალექსანდრე მაკედონელის სტატერების მასობრივ შემოსვლასთანაა დაკავშირებული. უფრო მეტიც, მოგვიანებით, ძველი კოლხეთისა და იბერიის ტერიტორიაზე მოჭრილი მონეტები ტიპოლოგიურად სწორედ ალექსანდრეს და ლისიმაქეს სახელით მოჭრილ სტატერებს უკავშირდება, მათი იმიტაციაა.

აკის სტატერი ზუსტი ასლია ლისიმაქეს სახელით მოჭრილი ოქროს იმ მონეტებისა, რომელთა ემისიას აწარმოებდა ქალაქი ბიზანტიონი ძვ. წ. 195 წლის შემდგომ ხანებში. მონეტის წონა შეადგენს 8,45 გრ. ბაჯაღლო ოქროს. აკის სტატერის მარაგი 2 ცალით განისაზღვრება. მონეტა თავისი მხატვრული, სტილისტური და ტექნიკური თვისებებით არაფრით ჩამოუვარდება პროტოტიპს.

მონეტების აღმოჩენათა ტოპოგრაფია ამტკიცებს მათ ადგილობრივ, კოლხურ წარმოშობას - აღმოჩენილია ქალაქ ტრაპეზუნტში (1865 წ.), რომელიც ძველად კოლხეთის საზღვრებში შედიოდა და ხონის რაიონის სოფ. კინჩხაში (1946 წ.).

სტატერი. ოქრო. კოლხეთის მეფე აკა (ძვ.წ. II ს-ის დასაწყისი)

AV. ალექსანდრე მაკედონელის პროფილი ამონის რქით.

REV. მარცხნივ მიმართული ტახტზე მჯდომი ათენა პალადა, რომელსაც მარჯვენა გაშლილ ხელში გამარჯვების ქალღმერთი ნიკე უჭირავს, ხოლო მარცხენათი ტახტის სახელურს ეყრდნობა. ტახტის უკან მოთავსებულია ფარი. ათენა პალადას ქვემოთ სამთითა, რომლის ორსავე მხარეს პატარა დელფინებია გამოსახული. ამ კომპოზიციის უკან ბერძნული ზედწერილი - ΒΑΣΙΛΕΩΣ, წინ - ΑΚΟΥ ("მეფე აკასი")

ალექსანდრე მაკედონელის ფულმა - ოქროს სტატერებმა და ვერცხლის ტეტრადრაქმებმა მსოფლიოს სამონეტო ბაზარი დაიპყრო. ცოტა მოგვიანებით შავიზღვისპირეთის

Advertisement

ქვეყნებში ასეთივე პოპულარობა მოიპოვა ალექსანდრეს ერთ-ერთი მემკვიდრის, თრაკიის მეფე ლისიმაქეს (ძვ.წ. 306-282 წწ.) სტატერებმა. ეს საფასები წარმოადგენდა ფულადი მიმოქცევის საფუძველს მთელ ელინიზებულ სამყაროში. ყველა ეს ცვლილება, რომელსაც საყოველთაო ხასიათი ჰქონდა, შეეხო საქართველოსაც. კოლხური თეთრის ემისია შეწყდა, იგი თანდათანობით გაქრა მიმოქცევიდან. მისი ადგილი დაიკავა ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სახელით მოჭრილმა ოქროს ფულმა. მოგვიანებით კი სამონეტო ბაზარზე ორიგინალური სტატერების დეფიციტმა მათი ადგილობრივი მინაბაძების გაჩენა გამოიწვია.

ადგილობრივ, კოლხეთის ტერიტორიაზე მოჭრილ მინაბაძთა შორის ყველაზე ადრეულია სხვა წყაროებიდან კოლხეთის უცნობი მმართველის - ბასილევს აკის სახელით მოჭრილი ოქროს მონეტა, რომელიც დამზადების ხარისხით არ ჩამოუვარდება პროტოტიპს - ლისიმაქეს სტატერს. ასეთი მონეტა სულ ორი ცალია ცნობილი და ორივე ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ისინი ძვ.წ. II საუკუნის დასაწყისით თარიღდება.

კოლხური ფულის მიმოქცევა გაგრძელდა აქემენიდთა იმპერიის დაცემამდე და ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შედეგად ახალი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების დამკვიდრებამდე.

გაიგეთი მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი