ბოსტნეულის მყნობა! - ახალი ხილი საქართველოსთვის

"თუკი ჩვენ მივიღებთ საძირის თესლს და გავამრავლებთ, სხვა ქვეყნიდან ჩამოტანა აღარ დაგვჭირდება. ამ მეთოდით მოწეული მოსავალი მაღალხარისხოვანი და გემრიელია!"

"წილკნის მსგავსი საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს. ასეთი ჩითილების დარგვას ყველგან ვაპირებთ, განსაკუთრებით, მებოსტნეობის ზონაში, რათა ხალხს დავეხმაროთ. რაც მთავარია, ასეთი მყნობის კომბინაციით მრავალი მაღალმოსავლიანი ჯიშის გამოყვანა შეიძლება, ეს მხოლოდ სელექციონერების მონდომებაზეა დამოკიდებული"

მეცნიერება სწრაფად ვითარდება, მათ შორის, სოფლის მეურნეობაშიც. შარშან სოფელ წილკანში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაში ერთწლიანი ბოსტნის კულტურების მყნობა დაიწყეს. ვინც მებოსტნეობა კარგად იცის, შესაძლოა, ეს საქმე ფანტასტიკადაც მოეჩვენოს, თუმცა ეს რეალობაა. რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ეს სიახლე ჩვენს ბაღჩა-ბაღებში, ამის შესახებ გვესაუბრება ნატა კაკაბაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსი და ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი. მან ჩითილები საკუთარი ხელით დაამყნო, შემდეგ დარგო და ისიც ნახა, როგორი უხვი იყო მოსავალი იმ ბოსტნეულისგან განსხვავებით, რომელთაც, ჩვენი თავგადადებული მოვლის მიუხედავად, დაავადება მაინც ანადგურებს.

ნატო კაკაბაძე: - ჩვენში ძალიან მომრავლდა ბოსტნეულის დაავადებები, ზოგიერთმა უკვე ხელიც კი ჩაიქნია, რატომღა უნდა დავთესო და მოვუარო რაიმეს, როცა მაინც დამიჭკნებაო!

ამ პრობლემაზე თუ მებოსტნეობის სხვა საკითხებზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში აქტიურად მუშაობენ. წელიწადში ერთხელ იმართება ბოსტნეული კულტურების ნაციონალურ კოორდინატორთა სამეცნიერო ფორუმი ტაშკენტში. მოგეხსენებათ, ეს ცხელი რეგიონია და შესაბამისად, მებოსტნეობაში პრობლემები მათაც აქვთ. სწორედ შუა აზიის ქვეყნებში დაიწყეს ერთწლიანი ბოსტნის კულტურების მყნობა მოსავლის გადასარჩენად. გამოცდილება გადაიღეს უცხოეთიდან, სადაც ერთწლიან ბოსტნეულ კულტურებს ამყნობენ იმ ველურ საძირეებზე, რომელთაც ნიადაგში გავრცელებული დაავადებები ვერ მოერევა. რადგან ამ გამოცდილების გადმოტანა ჩვენთვის აუცილებელი გახდა, ჩვენი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან კონსულტაციების შემდეგ შუააზიელი სპეციალისტების ჩამოყვანა გადავწყვიტეთ, მაგრამ ამ საკითხში დახმარება ამერიკულმა ორგანიზაცია USAID-მა შემოგვთავაზა და სიამოვნებით დავთანხმდით. ასე ჩავატარეთ პირველი საპილოტე სამუშაოები წილკნის საცდელ ბაზაში, სადაც ცენტრი მდებარეობს. ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო - ჩვენმა დამყნობილმა ჩითილებმა კარგად გაიხარა.

- დაწვრილებით გვიამბეთ, რა როგორ გააკეთეთ.

- ჩვენში ბოსტნეულის ჭკნობას, ძირითადად, ფუზარიოზული, ბაქტერიული და ვერტიცილიოზური დაავადებები იწვევს. მათ ვერც პესტიციდები უხერხებს ვერაფერს და ვერც ჰერბიციდები. ეს დაავადებები წლობით ინახება ნიადაგში. ისინი ემტერებიან ძაღლყურძენისებრთა ოჯახისა (პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი) და გოგრისებრთა ოჯახის კულტურების წარმომადგენლებს (გოგრას, ნესვს, საზამთროს).

ჭკნობას იმდენი მიზეზი აქვს (დაინფიცირებული სათესლე მასალა, ჩითილები, სასოფლო იარაღები, სხვ.), რომ მასთან ბრძოლა შეუძლებელი ხდება. დაავადებული მცენარე წვერიდან იწყებს ჭკნობას და მთლიანად ჭკნება. ლპება ფესვები, ნაყოფი და ღერო, დაავადება კი დიდ ფართობ-ზე­ ვრცელდება... ერთადერთი საშველი ბოსტნეული კულტურის მყნობაა, ანუ ერთი ოჯახის შიგნით დაავადებისადმი გამძლე საძირისა და სასურველი ჯიშის ან ჰიბრიდის სანამყენეს დაკავშირება. ერთი ოჯახის წარმომადგენლები თავსებადია საძირე და სანამყენედ გამოსაყენებლად. მაგალითად, გოგრისებრნი, ძაღლყურძენასებრნი.

- როცა ვაზს ან ბალს მისივე ველურ საძირეზე, როგორც ჩვენში უწოდებენ, მწარეზე ვამყნობთ და ძლიერ ჯიშს ვიღებთ, ეს გასაგებია. საძირის მერქანი სანამყენეს მერქანს უპრობლემოდ უხორცდება, მაგრამ ერთწლიან კულტურებში, მაგალითად, პომიდორში, საძირეს სანამყენე ღერო როგორ უნდა შეუხორცდეს? ან სად უნდა ვიშოვოთ ბოსტნეული კულტურების ისეთი საძირე, რომელსაც დაავადება­ ვერ მოერევა?

- სწორედ ეს არის საინტერესო, რომ ასეთი საძირეები არსებობს და არსებობს - იმ ქვეყნებში, სადაც თავის დროზე შეინახეს პომიდვრის, ბადრიჯნის, წიწაკის, საზამთროს, ნესვის ველური ჯიშების თესლი, რომელთა კულტურული ვარიანტები მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ჩვენი ჩათვლით. საძირის ველური თესლი ჩვენ ამერიკიდან მივიღეთ და სანამყენეზე 4-5 დღით ადრე დავთესეთ სათბურში. შემდეგ დავთესეთ სანამყენეც.

ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეები - პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი დავამყნეთ თავისივე სახეობების საძირეზე, რაც შეეხება გოგრისებრებს, - საზამთროს, ნესვს თუ ყაბაყს, ყველანი ყაბაყის ველურ საძირეზე. ნამყენი ჩითილები სათბურში - მარტივად დაცულ გრუნტში მოსაყვანად არის გამოყვანილი; თუმცაღა ჩვენ ღია გრუნტშიც დავრგეთ და კარგი შედეგი მოგვცა.

- მაგრამ სათბური ყველას არა აქვს, ჯანსაღი ბოსტნეულის მოყვანა კი რიგით გლეხსაც უნდა.

- ასეთ შემთხვევაში ძალიან კარგად მოქმედებს სანახევროდ დაცული სათბურები - ბოსტნის ნათესებს ზემოდან აქვს გადაფარებული სპეციალური საფარი, რაც იცავს მათ ძლიერი სიცხისგან, კოკისპირული წვიმისგან, სეტყვისგან. თუ არადა, არც ღია გრუნტში ამ ჩითილების დარგვის მსურველებს ეშლებათ ხელი, ოღონდა უფრო მეტი რისკია, რომ ჩითილები სტიქიამ გააფუჭოს.

- ნათელია, რომ ასეთი ჩითილების გამოყვანას დიდი დრო და ენერგია სჭირდება.

- ამ შრომას ბევრი გლეხი დათანხმდება, თუკი მოსავლის გარანტია ექნება, მით უფრო, ფერმერი, რომლის ოჯახის ბიუჯეტი ბოსტნეულის შემოსავალზეა დამყარებული. როცა წილკანში ამ პროექტს ვაკეთებდით, მასში სიამოვნებით მონაწილეობდნენ კახელი და მცხეთელი მებოსტნე-ფერმერები. ამ რეგიონებში ჰექტრობით პომიდვრის ნათესები გახმა. იმდენად შეღონებული არიან ამ უბედურებით, რომ ზოგი მზად არის, ჩითილები თურქეთიდანაც კი შემოიტანოს დაახლოებით 3 ლარად, ოღონდ მოსავალი მოიყვანოს. წილკნის მსგავსი საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს. ასეთი ჩითილების დარგვას ყველგან ვაპირებთ,­ განსაკუთრებით, მებოსტნეობის ზონაში, რათა ხალხს დავეხმაროთ. რაც მთავარია, ასეთი მყნობის კომბინაციით მრავალი მაღალმოსავლიანი ჯიშის გამოყვანა შეიძლება, ეს მხოლოდ სელექციონერების მონდომებაზეა დამოკიდებული.

გვინდა მყნობისთვის საჭირო ველური საძირის გამრავლებაც. თუკი ჩვენ მივიღებთ საძირის თესლს და გავამრავლებთ, სხვა ქვეყნიდან ჩამოტანა აღარ დაგვჭირდება. ამ მეთოდით მოწეული მოსავალი მაღალხარისხოვანი და გემრიელია!

ეთერ ერაძე

წყარო: "კვირის პალიტრა"