ნათია თურნავა - ”სტარტაპ საქართველო” - არცერთი ღირებული და საინტერესო ბიზნესიდეა არ დაიკარგება

საპარტნიორო ფონდის ახალი პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ რეალიზაციის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ნათია თურნავას ესაუბრა.

- გასულ კვირას, საქართველოს მთავრობის დავალებით, თქვენ „სტარტაპ საქართველო“ დაიწყეთ. რა არის პროგრამის მიზანი?

- „სტარტაპ საქართველო“ არის სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. მისი შექმნის ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან წამოვიდა, იგი ასახულია ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის სამთავრობო 4-პუნქტიან რეფორმების გეგმაში, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და საბოლოო ჯამში, გამიზნულია ქვეყანაში სტარტაპ გარემოს შესაქმნელად.

ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის სრულიად ახალი, ინოვაციური პროგრამა, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიებს, ზოგად ცოდნას და ბიზნეს პრაქტიკას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

- რა ფინანსურ დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეების მქონე ადამიანებს?

- პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს. ხოლო პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით დავგეგმავთ სამომავლო სტრატეგიას, მზად ვართ შემდგომში უფრო მეტი სტარტაპი დავაფინანსოთ და პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა, 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ პროგრამაში განაცხადების მიღების დაწყებიდან სულ ათიოდე დღე გავიდა, ხოლო უკვე 40-მდე განაცხადია შემოსული, ვფიქრობ, ასეთი მაღალი ინტერესის ფონზე ბიუჯეტის ათვისება სწრაფად მოხდება. გეტყვით ასევე, რომ ამ პროგრამას ვახორციელებთ ჩვენ - სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

- რითია გამორჩეული ”სტარტაპ საქართველოს”- ახალი ინოვაციური პროგრამა? დაახლოებით მსგავსი პროგრამები ხომ ისედაც ხორციელდება მთავრობის ხელშეწყობით? თუნდაც ავიღოთ „აწარმოე საქართველო“...

- ეს პროგრამა ეხება ახალ, ინოვაციურ ბიზნესს, რომელიც ვინაიდან ახალია, შედარებით მაღალრისკიანად ითვლება. აქედან გამომდინარე, ასეთი ბიზნესი, როგორც წესი, არ ჯდება კომერციული ბანკების მიერ დაფინანსებადი პროექტების რიგში.

ჩვენი პროგრამა სწორედ ამ ხვრელს ავსებს, რადგან სტარტაპ საქართველოს ფარგლებში შემოთავაზებულია დაფინანსების ახლებური მექანიზმი. აქ არის ბიზნესის კაპიტალის ფორმით დაფინანსებაზე საუბარი, რომლის მოსაზიდად არ მოითხოვება პირადი ქონებით უზრუნველყოფა. სახელმწიფო ხდება ინოვაციური ბიზნესიდეის ავტორის პარტნიორი სტარტაპ კომპანიაში და იზიარებს როგორც მის რისკს, ასე წარმატებას.

მეორე მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ სტარტაპ საქართველოს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არა უბრალოდ რიგითი ბიზნესიდეები, არამედ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესპროექტები. ასეთი პროექტების შეფასებისას აქცენტი გაკეთდება არა კომპანიის განვლილ ბიზნესისტორიაზე და ფინანსურ მდგრადობაზე. სტარტაპ კომპანიას ეს მახასიათებლები უბრალოდ არ გააჩნია, ვინაიდან ახლად შექმნილია, არამედ იდეის ინოვაციურობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე.

როგორც უკვე მოგახსენეთ, „სტარტაპ საქართველოს“ დაწყების მიზანია ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს, ვისაც უნდათ რეალობად აქციონ თავიანთი იდეები, მაგრამ არ აქვთ ამისთვის საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა, მივცეთ შანსი დაიწყონ საკუთარი ბიზნესი და ამით სტიმული მისცენ სხვებსაც. ფაქტიურად, ჩვენ მათ ოცნებების ახდენის საშუალებას ვაძლევთ.

- რა ტიპის იდეები დაფინანსდება, ვინ და როგორ შეძლებს დაფინანსების მოპოვებას? და ასევე, რამდენად მარტივი პროცედურაა განაცხადის შემოსატანად? არსებობს რამე ბარიერი?

- საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ დააფინანსებს ინოვაციურ იდეებს - ნებისმიერ ინდუსტრიას, სადაც შეიძლება შეიქმნეს ინოვაციური პროექტი.

პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს: ინოვაციურ სტარტაპებს და მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებს. დავიწყოთ ინოვაციური სტარტაპებით: სიტყვა „ინოვაციურმა“ არ უნდა შეგვაშინოს, ეს არ ნიშნავს აუცილებლად ე.წ. გლობალურ ინოვაციას, ანუ მსოფლიო მასშტაბით უნიკალურ გამოგონებას. თუმცა ასეთი, უნიკალური იდეის შემთხვევაშიც კი განსაკუთრებული მხადაჭერის მექანიზმი გვაქვს გათვალისწინებული.

- სტარტაპ საქართველოს მიზნებისთვის „ინოვაციური პროექტი“ ნიშნავს ისეთ პროექტს, როდესაც საქართველოს ბაზრისთვის როგორც ახალი, ისე უკვე არსებული, მაგრამ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, მომსახურების ან ტექნოლოგიის შეთავაზება ხდება.

ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პროდუქტი, დაწყებული ახალი მობილური აპლიკაციით ან კორპორატიული მართვის საინფორმაციო სისტემით, დამთავრებული სამშენებლო მასალების ენერგოეფექტურობის ამაღლების ახალი ხერხით. რაც მთავარია, ეს იდეა უნდა იყოს ეკონომიკურად დასაბუთებული. მის ავტორებს უნდა ჰქონდეთ ნათელი წარმოდგენა თუ ვინ იქნება ამ სიახლის მომავალი მომხმარებელი და რა დასჭირდებათ მისი განხორციელების პირველ და შემდგომ ეტაპებზე, ფინანსური რესურსის ჩათვლით.

გასათვალისწინებელია, რომ სტარტაპ საქართვველო საუკეთესო ინოვაციურ ბიზნეს პროექტებს დააფინანსებს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე თანხით, რაც შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს განახორციელონ თავიანთი ჩანაფიქრის პირველი ეტაპი, დახვეწონ იდეა, შექმნან გაყიდვადი პროდუქტი, მოახდინონ მისი მარკეტინგი და დაიწყონ პირველი გაყიდვები სამიზნე ბაზრებზე. ხოლო როდესაც ეს საწყისი ეტაპი წარმატებით ჩაივლის, ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ერთობლივ სტარტაპებს მოიპოვონ მეორე ეტაპის, როგორც წესი, უფრო მსხვილი დაფინანსება კერძო ინვესტორებისგან.

ჩვენი ფონდი ვერ დარჩება სტარტაპ კომპანიებში სამუდამოდ, ისევე როგორც სხვა ჩვენს პროექტებში ჩვენ შევთანხმდებით ბიზნესიდან ფონდის გასვლის პარტნიორისთვის ხელსაყრელ ვადებსა და პირობებზე.

ახლა რაც შეეხება პროგრამის მეორე კომპონენტს - მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებს. აქ ძირითადი როლი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეკუთვნის. სააგენტო დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს, რაც მოიცავს ავიაკოსმოსურ წარმოებას, ავტომობილებს, ხელოვნურ ინტელექტს, ბიოტექნოლოგიებს, ბიოინფორმატიკას, კომპიუტერულ ინჟინერიას, კომპიუტერულ მეცნიერებას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ნანოტექნოლოგიებს, ბირთვულ ფიზიკას, ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რობოტიკასა და ტელეკომუნიკაციას.

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ნათლად იცის, რომ მისი იდეა სწორედ ასეთ, მაღალტექნოლოგიურ სფეროს შეეხება, მას შეუძლია პირდაპირ შეავსოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული განაცხადის ფორმა და თავიდანვე გახდეს მაღალტექნოლოგიური კომპონენტის მონაწილე. თუმცა, თუ ადამიანი არ არის დარწმუნებული თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება მისი ბიზნესიდეა, მაღალტექნოლოგიურს თუ მხოლოდ ინოვაციურს, მან უნდა შეავსოს ”სტარტაპ საქართველოს” ვებგვერდზე მოცემული განაცხადი, ხოლო შემდგომი განხილვის პროცესში თუკი გამოიკვეთა, რომ ეს იდეა შეიცავს მაღალტექნოლოგიურობის ნიშნებს, ჩვენ თავად გადავცემთ ასეთ განაცხადს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს განსახილველად. ანუ არც ერთი ღირებული და საინტერესო ბიზნესიდეა არ დაიკარგება.

- იქნებ დააზუსტოთ პროგრამაში მონაწილეობის წესისა და იდეების შეფასების პროცესის დეტალები?

- პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნესწინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება.

საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო“ თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციართან მონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ბიუჯეტის 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება სულ მცირე 50%-იანი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით, ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.

უნიკალური მაღალტექნოლოგიური იდეის შემთხვევაში პროექტის დაფინანსების თანხა იგივეა, მაქსიმუმ 100 000 ლარი. თუმცა, ასეთ დროს ბენეფიციარს საერთოდ აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება. რაც, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ხელს შეუწყობს ასეთი მაღალტექნოლოგიური პროექტების მსოფლიო ბაზარზე ეგატანას, ამასთან, დაეხმარება წარმატებულ კომპანიებს შემდგომი დაფინანსების მოსაპოვებლად და გასავითარებლად აწარმოონ აქტიური კომუნიკაცია ინვესტორებთან და დაინტერესებულ პირებთან.

განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. შემდეგ მოხდება პროექტების შეფასება სპეციალური კომიტეტის მიერ, რომელშიც საპარტნიორო ფონდის სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. პროექტების საბოლოო შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. ეს პროცესი სექტემბრის დასაწყისამდე გასტანს და შემდეგ სტარტაპების დაფინანსება დაიწყება. ზოგადად, ასეთი კონკურსები სულ მცირე წელიწადში ორჯერ ჩატარდება.

განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სპეციალურად შექმნილ ინტერნეტგვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე შეუძლიათ მოგვმართონ ტექნოლოგიური პარკის შენობაში განთავსებულ პროგრამის ფრონტ-ოფისში, სადაც ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ პროგრამის შესახებ. მსურველების უკეთ ინფორმირებისთვის ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი.

- ბრძანეთ, რომ პროექტები შეირჩევა კონკურსის წესით. როგორ მოხდება ამა თუ იმ პროექტის არჩევა და ვინ იქნება ჟიურიში?

- ფონდი პროექტების შერჩევის პროცესს წარმართავს კონკურსის წესით, წინასწარ გაცხადებულ პერიოდში შესული განაცხადებიდან საუკეთესო პროექტების შერჩევის გზით. პროექტებს შეისწავლიან ფონდის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კვალიფიციური ანალიტიკოსები და მოწვეული ექსპერტები. შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია იდეის ინოვაციურობა, გასაღების პოტენციური ბაზრის არსებობა, ბიზნესის მდგრადობა, პროექტში ჩართული გუნდის უნარები, პროექტის სამომავლო საინვესტიციო მიმზიდველობა.

- მთავრობა და თქვენი ფონდი დიდ აქცენტს აკეთებს ”სტარტაპ საქართველოს” პროგრამის განხორციელებაზე. თვლით თუ არა, რომ სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამა მართლაც მოიტანს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას? რამდენად მასშტაბურ შედეგებს უნდა ველოდოთ ამ წამოწყებიდან?

- უნდა გვესმოდეს, რომ ”სტარტაპ საქართველო” განკუთვნილია სპეციფიური ტიპის პროექტების - ინოვაციური ბიზნესიდეების წასახალისებლად. ანუ, აქ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ არა მასობრიობაზე, არამედ პროექტების ხარისხზე. თუმცა, ეს პროგრამა უნდა განვიხილოთ ბიზნესის ხელშეწყობის სამთავრობო სტრატეგიის ერთ-ერთ კომპონენტად.

დღეის მდგომარეობით წარმატებით ხორციელდება მრავალი ბიზნესის წამახალისებელი სამთავრობო პროგრამა: „აწარმოე საქართველოში“, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი, სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი პროექტები, ტურიზმის ხელშეწყობის პროექტები და სხვა. ასევე წარმატებით ხორციელდება საპარტნიორო ფონდის მრავალი პროექტი.

თუმცა, ამ დრომდე არ გვქონდა სპეციალური მექანიზმი, რომელიც ისეთი კატეგორიისთვის იქნებოდა განკუთვნილი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ახალი კრეატიული ბიზნესიდეა, მაგრამ არ გააჩნია მოქმედი ბიზნესი, რომელშიც იგი სესხს ან კერძო ინვესტიციას მოიზიდავს და არ აქვს საკმარისი პირადი ქონება, ბანკში კრედიტის უზრუნველსაყოფად რომ გამოდგეს. დღეიდან, ეს კატეგორიაც დაფარულია სახელმწიფოს მხარდაჭერით. მთლიანობაში, ღონისძიებათა მთელი ეს კომპლექსი და არა რომელიმე ცალკე აღებული პროგრამა, ნამდვილად გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და სიახლეზე და ცოდნაზე დაფუძნებული დარგების სწრაფ განვითარებას.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”