რუსუდანის ვერცხლის მონეტები იესო ქრისტეს გამოსახულებით

1223-1245 წლებში საქართველოში თამარის ქალიშვილი, რუსუდანი მეფობდა. მისი მეფობა უიღბლო გამოდგა.

ჯერ ჯალალ ედ-დინის, ხოლო შემდეგ მონღოლთა შემოსევების სახით საქართველოს თავს დაატყდა დიდი უბედურება.

რუსუდანის სამონეტო საქმიანობით ახალი ეტაპი დაიწყო ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში - შეწყდა ე.წ. „უწესოდ“ მოჭრილი სპილენძის მონეტების ემისია და კვლავ აღდგა ვერცხლის ფულის გამოშვება. რუსუდანმა საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, 1230 წელს განაახლა საქართველოში ვერცხლის ფულის ემისია, რაც „ვერცხლის კრიზისის“ დასასრულის მაუწყებელი იყო. გატარებული სამონეტო რეფორმის შედეგად მოიჭრა ვერცხლის ფული - დრამა; გაჩნდა ქართული სამონეტო ტერმინი „თეთრი“. ის საქართველოში გადახდის კანონიერ საშუალებად და ღირებულების საზომად იქცა XIII-XVI სს-ში. 1235 წ-ს ტრაპიზონის სამეფოშიც დაიწყო ვერცხლის მონეტების მოჭრა, აგრეთვე წინა აზიის ისლამურ სახელმწიფოებშიც. ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ საქართველოსა და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის დაიდო საგანგებო შეთანხმება ვერცხლის მონეტის ერთი სისტემით მოჭრის თაობაზე.

რუსუდანის ვერცხლის მონეტები (რუსუდანის ვერცხლის მონეტები იესო ქრისტეს გამოსახულებით) კომპოზიციით ახლოს დგას ბიზანტიურ ნუმიზმატიკურ ძეგლებთან, ხოლო წონით ისეთივეა, როგორც სინქრონული აღმოსავლური დირჰემები და 2,35-2,70 გრამს შორის მერყეობს.

ქრისტეს ბიუსტის ტიპი აღებულია ბიზანტიის იმპერატორის, ნიკიფორე III ბოტანიატის (1078-1081 წწ.) ნომისმიდან. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ქართულ სიგელებში რუსუდანის დრამებს „ბოტინატი“ ან „ბოტინაური“ ეწოდება. ზოგჯერ მას „ცხუმური თეთრი“ ცვლის (თეთრი აქ საანგარიშო ერთეულია). გამოთქმულია მოსაზრება, რომ რუსუდანის ვერცხლი ცხუმში მოიჭრა. მართლაც, თბილისი ამ დროს ოკუპირებულია ჯალალ ედ-დინის მიერ.

მრავალნაირ ვარიანტად წარმოდგენილი ეს მონეტები სხადასხვანაირი მახასიათებელი ნიშნებით განსხვავდება ერთმანეთისაგან.

აღწერილ ვერცხლის მონეტებს ლიტერატურაში დრამას უწოდებენ. ბევრად უფრო იშვიათია ორიოდე ცალად ცნობილი დრამის წილადი – ნახევარდრამიანი, შესაბამისად მცირე ზომითა და წონით (1,25-1,30 გრ.). გარდა ამისა, მათ შუბლსა და ზურგზე მოთავსებული არ არის გარშემოვლებული ზედწერილი.

ჯალალ ედ-დინის შემოსევებიდან მოკლე ხანში ქვეყანაში მონღოლთა ჰეგემონია დამყარდა.

პოლიტიკური კონიუნქტურის შეცვლამ წარუხოცელი კვალი დატოვა საქართველოს ნუმიზმატიკურ ძეგლებზე. მკვეთრად იცვლება მონეტის გარეგნული სახე და ზედწერილების შინაარსი. იმდროინდელი ქართული მონეტები განსაკუთრებული სიმართლით გადმოგვცემს XIII-XIV საუკუნეებში შექმნილ მძიმე ვითარებას.

რუსუდანის შემდგომ მოჭრილი მონეტები ორ ჯგუფად იყოფა: 1. ქართველ მეფეთა მონეტები XIII-XIV საუკუნეებში და 2. მონღოლური საოკუპაციო მონეტები.