როდის არის პალმის ზეთი მავნებელი?

პალმის ზეთის გამოყენება დაბალი ფასის გამო აქტიურად ხდება საკვებ ინდუსტრიაში, კოსმეტიკასა და ბიოსაწვავში.

პალმის ზეთს ასევე ხშირად იყენებენ რძის პროდუქტების მწარმოებლები და კონდიტერები, რომ თავიანთი პროდუქცია გააიაფონ. ის შედის უამრავ პროდუქტში, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად მიირთმევენ: ჩიფსებში, ყველა ბავშვისთვის საყვარელ „ნუთელაში“, ზოგიერთ ნაყინში, შოკოლადის ბატონებში, მარგარინში, მაიონეზში და ხშირად ქარხნულ პურშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ პალმის ზეთს ბევრი დადებითი თვისება აქვს - კარგად ინახება, კარგად იტანს თერმულ დამუშავებას და საკვებს სასიამოვნო სირბილეს ანიჭებს, სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ მისი ხანგრძლივი მიღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სურსათის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დალი წულაიამ განაცხადა, ქართულ ბაზარზე ამ მხრივ გაურკვეველი სიტუაციაა, რადგან არ კონტროლდება რა რაოდენობის და შემადგენლობის პალმის ზეთს შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის უცხო პროდუქტია და ადამიანის ორგანიზმს უჭირს მისი გადამუშავება, გაწმენდილი და რაფინირებული პალმის ზეთი საშიში არ არის. კვების პროდუქტებში სწორედ რაფინირებული პალმის ზეთი უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ მაჩვენებელს, როგორიცაა ზეჟანგური რიცხვი. ეს მაჩვენებელი ყველა ზეთს ახასიათებს და გვაჩვენებს, თუ რამდენად საზიანოა ესა თუ ის ზეთი. ზეჟანგური რიცხვი მიუთითებს რა დონეზეა პროდუქტში თავისუფალი რადიკალების რაოდენობა. პალმის ზეთს ეს მაჩვენებელი ისედაც მაღალი აქვს და როდესაც ზეჟანგური რიცხვი მაღალია, მაშინ პროდუქციაში ადვილად წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც კარცენოგენურია და უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს მაჩვენებელი აუცილებლად უნდა შედიოდეს სტანდარტში, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. პალმის ზეთი, რომელიც რუსეთში იყიდებოდა, არ ჯდებოდა ნორმებში, სწორედ ამან გამოიწვია პროტესტის ტალღა საზოგადოებაში. სამწუხარო ის არის, რომ რუსეთიდან საქართველოში დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტი შემოდის, რომელიც არ კონტროლდება“, - აღნიშნავს დალი წულაია.

მისი თქმით, ევროპაში მიღებული დოზით ზეჟანგური რიცხვი 2-ზე მეტი არ უნდა იყოს თვით პარფიუმერულ ნაწარმშიც კი, ამის მერე პალმის ზეთს უკვე ტექნიკური მიზნებისთვის იყენებენ.

„ასეთი მაღალი ზეჟანგური რიცხვის მქონე პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია, არადა, რუსეთში იყენებდნენ ნახევრად რაფინირებულ ზეთს, რომელშიც ზეჟანგური რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო - თითქმის 10-ს აღწევდა. მთელი ეს პერიპეტიები და აკრძალვები სწორედ აქედან წამოვიდა. ამიტომ, მოხმარებელმა უნდა იცოდეს, რაში იხდის ფულს, მან არ უნდა იყიდოს ისეთი პროდუქტი, რომელიც არარაფინირებულ პალმის ზეთს შეიცავს, ამავე დროს, შეიძლება ზეთი რაფინირებულია, მაგრამ მისი ზეჟანგური რიცხვი ძალიან მაღალია. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში ამ კომპონენტს მკაცრად აკონტროლებდნენ და პალმის ზეთის ზეჟანგური რიცხვი 2-3-ს თუ აღემატებოდა, ბაზარზე საერთოდ არ უშვებდნენ. დღეს ჩვენს ქვეყანაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ საკვები პროდუქტები მკაცრად არ კონტროლდება, ამიტომ არის კითხვის ნიშნის ქვეშ მათი ხარისხი“, - ამბობს დალი წულაია.

მოწმდება თუ არა ქართულ ბაზარზე არსებულ პროდუქტებში პალმის ზეთის შემცველობა და მისი ხარისხი? - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის კახა სოხაძის თქმით, დღეს არსებული მდგომარეობით, რაიმე საკანონმდებლო საფუძველი, რომ პალმის ზეთზე დამზადებული პროდუქცია გაკონტროლდეს და მასზე შეზღუდვები დაწესდეს, საქართველოში არ არსებობს.

„არც საერთაშორისო თვალსაზრისით არის პალმის ზეთის გამოყენებაზე განსაკუთრებული აკრძალვები. რაც შეეხება პალმის ზეთის ხარისხს და შემადგენლობას, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში არის რისკის შეფასების სამსახური და ამ სამსახურში უკვე იწყებენ ამ საკითხზე მუშაობას. სწორედ ეს სამსახური გაარკვევს, რამდენად წარმოადგენს პალმის ზეთი საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნავს კახა სოხაძე.

მისი თქმით, ასეთი ნორმირება რეკომენდაციის სახითაც კი არ არსებობს და რამის მტკიცება ჯერჯერობით შეუძლებელია.

„მიმდინარეობს შესწავლა, გამოკვლეული იქნება ყველა რგოლი და შესაბამის დასკვნას ამის მიხედვით მივიღებთ. რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, მაგრამ რჩევის სახით შემიძლია მომხმარებელს ვუთხრა, რომ ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული პროდუქტები შეიძინონ. მეწარმეებმა კი უნდა იზრუნონ, რომ პროდუქციის შემადგენლობა სრულყოფილად იყოს დატანილი ეტიკეტზე. ისინი ვალდებულნი არიან გასცენ ეს ინფორმაცია. ჯერჯერობით მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ვიდრე სპეციალისტები კვალიფიციურ დასკვნას არ მიიღებენ, მე გამიჭირდება სხვა რეკომენდაციების გაცემა“, - ამბობს კახა სოხაძე.

რა უნდა ვიცოდეთ პალმის ზეთზე

1. ძალიან ხშირად, პროდუქტის ეტიკეტზე არ არის დაზუსტებული პალმის ზეთის სახელწოდება და მხოლოდ „მცენარეული ცხიმი“ აწერია. თუ მწარმოებელი არ აზუსტებს, თუ რომელ მცენარეულ ცხიმს შეიცავს პროდუქტი, დიდი შანსია, რომ ეს სწორედ პალმის ზეთი იყოს.

2. მოწინავე ქვეყნები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჯანსაღ კვებას, ამიტომ დასავლეთში სულ უფრო მეტი მწარმოებელი უბრუნდება თავის ნაწარმში სასარგებლო ცხიმების გამოყენებას. სხვათა შორის, ევროპულ პროდუქციაზე ხშირად არის წარწერა - „პალმის ზეთის გარეშე“.

3. საყურადღებოა ისიც, რომ ხშირად პალმის ზეთი ეტიკეტზე სხვადასხვა სახელით არის მოხსენიებული. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: მცენარეული ცხიმი, მცენარეული ზეთი, პალმის ცხიმი, ჰიდროგენიზებული მცენარეული ცხიმი, პალმის მჟავა და ა.შ…

ხათუნა ჩიგოგიძე