საქართველოში სადენიანი ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება, ხელმისაწვდომობა - არა

ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობის მზარდი ტენდენციის მიუხედავად, ბოლო წლებში არ შეიმჩნევა სადენიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის ზრდა.

ამ დასკვნას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აკეთებს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს შესაძლებელია ერთი მხრივ, ბაზრის მოთხოვნებით იყოს განპირობებული, ხოლო მეორე მხრივ, მიანიშნებდეს იმაზე, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს ამ მიმართულების მდგრად განვითარებაზე.

გაეროს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგების სპეციალიზებული სააგენტოს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) გამოთვლებით, ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 45%-სთვის არის ხელმისაწვდომი.

მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ 2010 წლიდან სადენიანი ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. თუ 2010 წელს ინტერნეტს ამ გზით 252 131 აბონენტი იღებდა, 2013 წლის ოქტომბრისთვის მათი ოდენობა 434 969-ს უტოლდება.

GNCC-ს მონაცემები

თუმცა, IDFI წერს, რომ მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, ბოლო ორ წელიწადში სადენიანი ინტერნეტის ბაზარი კარდინალურ ცვლილებებს არ განიცდის.

სადენიანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობით თბილისის შემდგომ (273 396) მეორე ადგილს იკავებს იმერეთის რეგიონი – 42 198 აბონენტი. თუმცა, მონაცემები ცხადად ასახავს საქართველოში სადენიანი ინტერნეტის არათანაბარ ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით რეგიონებში.

რეგიონებიდან სადენიანი ინტერნეტი ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომია რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში, გურიასა და მცხეთა მთიანეთში – საერთო ჯამში, 2013 წლის ოქტომბრისთვის, ამ სამ რეგიონში სულ 4 928 სადენიანი ინტერნეტ აბონენტია აღრიცხული.

IDFI-ს ანალიზის თანახმად, სადენიანი ინტერნეტის ბაზარზე "სილქნეტი" ლიდერობს 212 ათასზე მეტი აბონენტით. მას მოჰყვება "კავკასუს ონლაინი" 139 936 აბონენტით. სხვა დანარჩენი 24 კომპანია მხოლოდ 82 392 აბონენტს აწვდის სადენიან ინტერნეტს.

თბილისში სულ ოცამდე ოპერატორი ფუნქციონირებს. აქედან ორი – "კავკასუს ონლაინი" და "სილქნეტი" – მომხმარებელთა უმეტესობას - 41%-ს და 40%-ს – აწვდიან ინტერნეტს. სხვა კომპანიების მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: ახტელი (15 ათასამდე აბონენტი) და ახალი ქსელები (13 ათასამდე გამომწერი), აქვე აღსანიშნავია, რომ დანარჩენი 15 კომპანია თბილისის აბონენტთა მხოლოდ 1%-ს უზრუნველყოფენ სადენიანი ინტერნეტით.

GNCC-ის მონაცემები. წყარო - IDFI.

იმერეთის რაიონშიც, რომელიც სადენიანი ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობით მეორეა, ქსელის მთავარ მიმწოდებლებად "სილქნეტი" (51%) და "ახალი ქსელები" (47%) გვევლინებიან. ქვემო ქართლში აბონენტთა 67%-ისთვის (22 597 აბონენტი) მთავარი მიმწოდებელი საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციაა. აქ მასთან შედარებით, მოკრძალებულია "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" კომპანიების მონაცემები: 19% (6 538 აბონენტი) და 11% (3 668 აბონენტი).

IDFI-ის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სადენიენი ინტერნეტ აბონენტთა უდიდეს ნაწილს (სულ 27 034 აბონენტი) შესაბამისი სერვისით უზრუნველყოფს კომპანია "სილქნეტი". მსგავსი სურათია სამეგრელო-ზემო სვანეთშიც, სადენიანი ინტერნეტის მთავარი პროვაიდერია "სილქნეტი" 77%-ით (11 693 აბონენტი). სხვა დანარჩენი სამი კომპანია, რომელიც ამ რეგიონის ინტერნეტ ბაზარზე მოქმედებენ არიან: "ახალი ქსელები" (16%), "კავკასუს ონლაინი" (11%) და "ივერია ქსელი" (7%). სადენიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მასშტაბით, 14 653 მომხმარებლით, სამეგრელო-ზემო სვანეთს მოსდევს შიდა ქართლი, სადაც სადენიანი ინტერნეტის უმთავრეს მიმწოდებელს კვლავ "სილქნეტი" წარმოადგენს (93%). მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

GNCC-ის მონაცემებით, სადენიანი ინტერნეტის შემთხვევაში, ოპტიკურ ბოჭკოვანი ტექნოლოგიის მომხმარებელთა ოდენობა (51% – 221 170) მცირედით აღემატება DSL ტექნოლოგიის აბონენტებს (49% – 212 968).

რაც შეეხება უსადენო ინტერნეტს, რომელიც საქართველოში ყველაზე დინამიურად განვითარებად ტექნოლოგიად არის აღიარებული, GNCC-ის 2012 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ეს ტექნოლოგია „ძირითადად რეგიონებში ვითარდება, იქ, სადაც სადენიანი ინტერნეტი ნაკლებად არის ხელმისაწვდომი.“

2013 წლის ოქტომბრის მონაცემები ცხადყოფს, რომ დედაქალაქი, სადაც სადენიანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა ყველაზე მაღალია, უსადენო ინტერნეტ მომხმარებელთა მოცულობით მეექვსე ადგილზეა სხვა რეგიონებთან შედარებით. უსადენო ინტერნეტის მომხმარებელთა სიმრავლით გამოირჩევა ქვემო ქართლი და იმერეთი. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით, უსადენო ინტერნეტი 87 882 აბონენტისთვის არის ხელმისაწვდომი.

უსადენო ინტერნეტის მომხმარებელთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია CDMA ტექნოლოგია (აქედან HSPA/EVDO-ზე მოდის აბონენტების 30% (25 958), EVDO-ზე 19% (16 576) და უშუალოდ CDMA-ზე (9% – 7 766)) და Wi-Fi-ის (33% – 28 942) ტექნოლოგიები. მათ მოჰყვება WiMAX ტექნოლოგია 9%-იანი (8 140 აბონენტი) მაჩვენებლით.

GNCC-ის მონაცემები. წყარო - IDFI.

IDFI წერს, რომ როგორც სადენიანი, ასევე მობილური ტელეფონის ინტერნეტის შემთხვევაში, ბაზარზე ორი კომპანია დომინირებს. სადენიანი ინტერნეტის შემთხვევაში ეს კომპანიები "კავკასუს ონლაინი" და "სილქნეტია", ხოლო მობილური ინტერნეტის შემთხვევაში კი - "ჯეოსელი" და "მაგთიკომი";

აბონენტების რაოდენობით, თბილისში სადენიანი ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელი კომპანიებიდან უპირატესობას ფლობს "კავკასუს ონლაინი", მაშინ როცა "სილქნეტი", რიგით მეორე კომპანია აბონენტების ოდენობით დედაქალაქში, უფრო მყარ პოზიციებს იკავებს რეგიონებში, სადაც მთავარ პროვაიდერს წარმოადგენს ინტერნეტ აბონენტებისთვის.

IDFI მიიჩნევს, რომ ინტერნეტის გავრცელება ყველაზე დიდი გამოწვევაა საქართველოს რეგიონებისთვის.

”მართალია ბოლო პერიოდში უსადენო ინტერნეტი სწორედ ამგვარ ტერიტორიებზე ვითარდება, თუმცა საჭიროა ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის პროგრამის შემუშავების გზით,” - წერს ორგანიზაცია.