საქართველო - ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის დახურული ქვეყანა

მალე საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით (გმო) შექმნილი თესლის გამოყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილებები „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში შედის.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, რომელთა შესახებ ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები არსებობს. თუმცა, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებისას არსებობს ადამიანზე, ბუნებრივ გარემოსა და ბიომრავალფეროვნებაზე მათი უარყოფითი ზემოქმედების პოტენციური რისკი.

დღეისათვის გენმოდიფიცირების ერთ-ერთი გავრცელებული მაგალითი სხვადსახვა კულტურების შეცვლილი გენით დამზადებული თესლებია, რომლებიც გამიზნულია მათგან აღმოცენებული მცენარეების დაავადებების მიმართ მდგრადობისა და შხამ-ქიმიკატების მიმართ ტოლერანტობის გაზრდაზე. ასევე მათი დარგვით მიღებული მოსავლის გაუმჯობესებაზე.

გენური ინჟინერიის გამოყენებით ყველაზე ხშირად შემდეგი მცენარეების თესლები მზადდება: სოიო, სიმინდი, ბამბა, იატროფა (რძიანასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარე, რომლისგანაც მზადდება ბიოდიზელი), ე.წ. ”ოქროს ბრინჯი”, შაქრის ჭარხალი, პაპაია, კასავა (მარადმწვანე ბუჩქი, რომლის ფესვისაგან მზადდება ფქვილი და ბურღული ტაპიოკა), აბუსალათინი.

რაც შეეხება გმო შემცველ საკვებს, ასეთ პროდუქტებში შემავალი ნივთიერებების გენეტიკური მასალა (DNA) შეცვლილია გენეტიკური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებით. მაგალითად, გენმოდიფიცირებული საკვებია, რომლის გენეტიკურ მასალას დამატებული აქვს სხვა, განსხვავებული ორგანიზმის გენი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ ამჟამად, ძირითადად მხოლოდ მცენარეების გენისაგან ნაწარმოები გენმოდიფიცირებული საკვებია ხელმისაწვდომი, თუმცა მომავალში, სავარაუდოა, რომ გაჩნდება საკვები, რომელსაც მიკროორგანიზმებსა და ცხოველების მოდიფიცირებული გენის შემცველობა ექნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ მომავალში, გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით პროდუქტების დამზადება შესაძლოა, გამიზნული იყოს მათი ალერგენული პოტენციალის შემცირებაზე ან საკვები ღირებულების გაზრდაზე. თუმცა, ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა ასეთი პროდუქტი უნდა შემოწმდეს სანამ რეალიზაციისთვის ბაზარზე განთავსდება.

რაც შეეხება შემოწმებას, გმო შემცველი პროდუქტის უსაფრთხოების შემოწმება ძირითადად შემდეგ ეტაპებს მოიცავს: 1. პირდაპირი ეფექტი ჯანმრთელობაზე (ტოქსიკურობა); 2. ალერგიული ფონის წარმოქმნის ტენდენცია (ალერგიულობა); 3. სპეციფიკური კომპონენტები, რომლებიც შეიძლება ატარებდნენ მომწამვლელ ან ალერგიის წარმომქმნელ თვისებებს; 4. ხელოვნურად დამატებული გენის სტაბილურობა; 5. კვებითი ეფექტები ასოცირებული გენმოდიფიკაციასთან; 5. ნებისმიერი გვერდითი (მოულოდნელი) ეფექტი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს გენის ხელოვნურად დამატებამ.

WHO-ს თანახმად, გმო შემცველი პროდუქტების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველობის თვალსაზრისით, დავა სამ ტენდენციაზე მიმდინარეობს: ალერგიულ რეაქციაზე, გენების ტრანსფერსა და გენების აღრევაზე.

პირველ შემთხვევაში, ორგანიზაცია გენმოდიფიცირებისას ალერგიულად აღიარებული საკვები პროდუქტების გენის გამოყენებას სასურველად არ მიიჩნევს გარდა იმ შემთხვევისა, როცა მტკიცდება, რომ ასეთი გენის დამატებით დამზადებული პროდუქტი ალერგიული არ არის. აქვე ორგანიზაცია აცხადებს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიერ გამოწვეული ალერგიული ეფექტი ბაზარზე დღემდე არ გამოვლენილა.

მეორე შესაძლო საფრთხე, რომელზეც დავა მიმდინარეობს გენების ტრანსფერს შეეხება. WHO -ს თანახმად, გენების ტრანსფერი გმო შემცველი საკვებიდან ორგანიზმის უჯრედებში ან გასტრო-ენტესტინულ ტრაქტში შესაძლოა, შეშფოთების საფუძველი იყოს იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერირებული გენეტიკური მასალა ზეგავლენას იქონიებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს განსაკუთრებით ეხება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ გენებს, რომლებიც გამოიყენება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შექმნისას. მიუხედავად იმისა, რომ WHO-ს ინფორმაციით, ამგვარი ტრანსფერის ალბათობა დაბალია, ორგანიზაცია რეკომენდაციაა, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული გენების გამოყენების გარეშე შეიქმნას.

დაბოლოს, გენების აღრევა გულისხმობს გენების გადასვლას გენმოდიფიცირებული მცენარეებიდან ბუნებრივად აღმოცენებულ ნარგავებზე მათი შეჯვარებისას/დამტვერვისას. ორგანიზაცია განმარტავს, რომ ისევე როგორც ბუნებრივად აღმოცენებული მცენარეების სხვადასხვა ჯიშების აღრევას, გენმოდიფიცირებული მცენარისა და ჩვეულებრივი მცენარის აღრევასაც შეიძლება ჰქონდეს არაპირდაპირი ეფექტი პროდუქტის უვნებლობაზე და ეს რისკი რეალურია. ეს დაადასტურა აშშ-ში მომხდარმა შემთხვევამ, როდესც სიმინდის იმ სახეობის გენეტიკური კვალი, რომელიც დაშვებული იყო მხოლოდ ცხოველების გამოსაკვებად, აღმოჩნდა ადამიანების მოხმარებისათვის განკუთვნილ სიმინდის პროდუქტებში.

არაერთმა ქვეყანამ მიიღო სტრატეგია გენების აღრევის საფრთხის შესამცირებლად, მათ შორის გენმოდიფიცირებული და ნატურალური მცენარეების ნაკვეთების მკაცრი განცალკევებით. თუმცა, მეთოდები გენმოდიფიცირებული პროდუქტების პოსტ-მარკეტინგული მონიტორინგისათვის კვლავაც განხილვის საგნად რჩება.

მიუხედავად ამისა, ბიოტექნოლოგიის მეთოდების გამოყენებით მიღებული ორგანიზმების უსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველყოფის მიზნით, რიგ ქვეყნებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები შემუშავდა. მალე ამ ქვეყნების რიცხვს საქართველოც შეუერთდება, რამდენადაც ის, როგორც „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარდენახის ოქმს“ მიერთებული ქვეყანა, ვალდებულია, შეასრულოს ოქმში გათვალისწინებული ვალდებულება, რაც გენმოდიფიცირებული ორგანიზმებთან მიმართებაში სათანადო სამათლებრივი მექნიზმების შექმნას გულისხმობს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. ცვლილებების თანახმად, გენმოდიფიცირებული თესლის დათესვა, მისი გამრავლება და პროდუქტის მოყვანა აიკრძალება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. კერძოდ, გენმოდიფიცირებული პროდუქტის დათესვა მხოლოდ დახურულ სივრცეში იქნება ნებადართული, სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის. ასევე, შესაბამისი მითითებით გაიყიდება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველი მზა პროდუქტებიც.

როგორც საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე გიგლა აგულაშვილი ამბობს, ამ პროექტის მთავარი მიზანი მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდა და მისი დაცვაა.

რაც შეეხება კანონის აღსრულებისა და კონტროლის მექნიზმებს, აგულაშვილის თქმით, ამისთვის შესაბამისი სამსახურები არსებობენ - ფინანასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, რომელიც საბაჟოზე აღნიშნული პროდუქტის შემოტანის კონტროლს უზრუნველყოფს; ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც ლაბორატორიული კვლევების საშუალებით ბაზარზე არსებულ პროდუქტებს გააკონტროლებს.

კანონპროექტს თან ახლავს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომლებიც ცოცხალი გენომოდიფიცირებული ორგანიზმებით საქმიანობის წესებისა და ტრანსპორტირების პირობების დარღვევაზე პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს.

ცვლილებებს დადებითად აფასებს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე. მისი თქმით, რადგან გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების კვლევა არ არის დასრულებული და დაუდგენელია, რა ზეგავლენას ახდენს ასეთი პროდუქტები მომხმარებელზე, უმჯობესია რისკი თავიდან იქნეს აცილებული და ასეთი პროდუქტები მოსახლეობამ არ გამოიყენოს.

„მსოფლიოში ცალსახა აზრი არ არსებობს ამ პროდუქციის მავნებლობასთან დაკავშირებით. მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ის აზიანებს ჯანმრთელობას, ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ამ პროდუქციას მსოფლიოს შიმშილისგან გადარჩენა შეუძლია. ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ გენმოდიფიცირებული პროდუქციის და თესლის გამოყენებაზე უარი თქვა. რამდენიმე ქვეყანამ გარკვეული ზღვარი დააწესა და მარკირება სავალდებულო გახადა. ასევე, არის ქვეყნები სადაც თავისუფლად შედის, როგორც პროდუქცია, ისე სათესლე მასალა. ამიტომ, ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორ მიმართულებას აირჩევს ქვეყანა,“ - ამბობს მადონა კოიძე.

ლისის ტბის სასათბურე მეურნეობის მფლობელი, ნინა პეტროვა-ძნელაძე, რომელსაც ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოჰყავს, ამბობს, რომ მიესალმება მთავრობის ინიციატივას, გამკაცრდეს კონტროლი გმო შემცველ პროდუქციაზე.

”რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა დღესდღეობით ბაზარზე უარყოფითად აისახება, მაგრამ ჯანმრთელი მოსახლეობა უნდა იყოს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი,” - ამბობს პეტროვა-ძნელაძე.

მაინც, რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს გმო ორგანიზმების შემცველ პროდუქციაზე კონტროლის გამკაცრებამ სასურსათო ბაზარზე და პროდუქციის ფასებზე?

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილი ამ კანონის მიღების შედეგად ფასების მკვეთრ ცვლილებას არ ვარაუდობს.

„საკვები პროდუქტის შემოტანა ნებადრთულია მარკირების გამოყენებით. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება იყიდოს პროდუქცია, რომელიც მას მიაჩნია მისთვის უფრო სასურველად. ასე რომ, ფასების მკვეთრ ცვლილებას მე არ ველოდები“, - განაცხადა აგულაშვილმა.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ფიქრობს, რომ კანონის მიღება ფასთა გარკვეულ ცვლილებას გამოიწვევს, მაგრამ მას უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია ყველა ტიპის უხარისხო და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი სასურსათო ბაზრიდან ნელ-ნელა განიდევნოს.

„გენმოდიფიცირებული პროდუქცია უხარისხოა და შესაძლოა გარკვეული ცვლილება მოხდეს ფასების, თუმცა სავარაუდოდ, შეიქმნება ჯგუფები, სადაც ანალიზს გააკეთებენ, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონმა და რა ბედი ეწვევათ ფერმერებს. თუმცა, ეს ცვლილებები ძირითადად მაინც უფრო იმპორტიორებზე იქონიებს გავლნას, ვიდრე ფერმერებზე“, - მიაჩნია ნინო ზამბახიძეს.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას„ იურისტი, ელენე შატბერაშვილი ამბობს, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროს რეგულირება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ის სხვა პრობლემურ საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირებას ეხება.

„პრობლემურ საკითხად რჩება კვლევის ჩატარება და იმის დადგენა რამდენად შეიცავს პროდუქტი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. აქედან გამომდინარე, კონტროლის სისტემა უნდა იყოს კარგად აწყობილი, რათა იმპორტის დროს დადგინდეს, არის თუ არა სათესლე მასალა გენმოდიფიცირებული. ასევე მნიშვნელოვანია ეტიკეტირება უკვე მზა პროდუქციაზე. ეტიკეტირების წესი დიდი ხანია მიღებულია, მაგრამ რეალობაში ვერ ხორციელდება. ეტიკეტირების წესის ამოქმედება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიო წარმოების განვითარებისთვისაც,“ - ამბობს შატბერაშვილი.

ეტიკეტირების საკითხზე ყურადღებას ამახვილებს, მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძეც.

”მხოლოდ ის მინახავს, რომ მარკეტინგული და რეკლამის მიზნით ყოფილა დაწერილი - არ შეიცავს გმო ორაგანიზმებს. მითითება, რომ კონკრეტული პროდუქტი შეიცავს გმო ორგანიზმებს, საქართველოში არ მინახავს. არადა, მსოფლიოში ცნობილი ფაქტია, რომ 90%-ზე მეტი სოიო და სოიოსგან მიღებული ნაწარმი შეიცავს გმო ორგანიზმებს,” - ამბობს კოიძე.

გენმოდიფიცირებული პროდუქციის ეტიკეტირების წესი 2009 წელს სოფლის მეურნეობის მინისტრის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა, თუმცა მისი აღსრულების მექანიზმი დღემდე არ არსებობს. ამის მიზეზად, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე საქართველოში შესაბამისი დონის ლაბორატორიის არ არსებობას ასახელებს.

„არც იმის თქმა შემიძლია, რომ მაინცდამაინც საქართველოს ბაზარზე არის გენმოდიფიცირებული პროდუქცია და არც იმის - რომ არ არის. თუმცა, არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს დატანილი ეტიკეტზე. ამის გაკონტროლება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ლაბოლატორიულად და სურსათის ეროვნული სააგენტო წელს პირველად დაიწყებს გმო შემცველი პროდუქტის ლაბოლატორიულ კვლევას“, - ამბობს სოხაძე.

2014 წლის 12 თებერვალს საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემსწავლელი პირველი ლაბორატორია "Quality Lab - ხარისხის ლაბორატორია" გაიხსნა. ლაბორატორიას აკრედიტაციის ეროვნული ცენტრისგან შესაბამისი 17.025 ISO სერთიფიკატი გადაეცა. ხარისხის ლაბორატორია ქვეყნის ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები პროდუქტის აღმოჩნასა და კვლევაზე იქნება ორიენტირებული.

კახა სოხაძე ამბობს, რომ როგორც კი სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ლაბორატორიას შორის ურთიერთობის ტექნიკური საკითხები მოგვარდება, რაც ორ-სამ თვეს საჭიროებს, სააგენტო ფუნქციონირებას დაიწყებს.