მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე: "ცხვარი რომ გავამრავლოთ, სად უნდა წავიყვანოთ?"

საქართველოს მთავრობა მეცხვარეობის განვითარების პროგრამაზე მუშაობას იწყებს. ცოტა ხნის წინ დარგის სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების მინისტრებმა.

მეცხვარეობის ასაღორძინებლად მთის მოსახლეობას ფინანსური და სხვა სახის დახმარება სჭირდება. მოსაგვარებელია ზამთრის საძოვრებისა და ცხვრის გადასარეკი ტრასების პრობლემა. მათ მოსაწყობად მიწა შეიძლება სახელმწიფო ფონდიდან გამოიყოს.

ბექა გონაშვილი, მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე: - ქართველები ორი უნიკალური ჯიშის - თუშური და იმერული ცხვრის - პატრონი ვართ. სელექციის ამოცანა, კონსერვაციასა და დაცვასთან ერთად, არის ჯიშების უცხოეთიდან შემოყვანა, რათა ცხვრის მოშენება ეკონომიკურად იყოს გამართლებული. პირველი, რასაც სახელმწიფოსგან მოვითხოვთ, არის ცხვრის გადასარეკი ტრასების მოწყობა, საძოვრებზე დაწესებული მაღალი გადასახადების შემცირება (ჰექტარზე 15-16 ლარი) და საკანონმდებლო ხარვეზების გასწორება, რათა კოოპერატივები მეცხვარეობაშიც შეიქმნას. დღევანდელი კანონით, პირუტყვი თუ დაეცა, საწარმო მის ჩამოწერას ოფიციალურად ვერ მოახერხებს, ასეთ პირობებში კი კოოპერატივს არავინ შექმნის.

დარგის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობა ჩვენი საექსპორტო ბაზრების საიმედობაა. ბოლო წლებში საქართველოდან ცხვარი 10-12 ქვეყანაში გადიოდა, შარშან კი მხოლოდ 3-4 ქვეყანაში გავიდა. არადა, რამდენიმე ბაზარი აუცილებელია, რადგან ცხვრის გაყიდვის სეზონი ივნის-ივლისიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ეს სისტემა აწყობილია და ემთხვევა რელიგიურ დღესასწაულებს არაბულ ქვეყნებში. თუ ამ პერიოდში საქართველოდან ცხვარი ვერ გავიდა, შემდეგ გაყიდვა შემცირდება და ფასებიც დაეცემა. ეს საშიშროება რეალურია, რადგან არ არსებობს შესაბამისი ლოგისტიკა - საქართველოში არ არის გემი ან თვითმფრინავი, რომელიც ცხვარს გადაიყვანს. მოუგვარებელია მატყლის გადამუშავების საკითხიც, რომლისთვისაც შემდეგ ბაზრებია მოსაძებნი.

- საექსპორტო ბაზრები რატომ დაიკარგა?

- მიზეზთა შორის იყო პირუტყვის დაავადებათა კონტროლის პრობლემა, აგრეთვე, ლოგისტიკის არარსებობაც. მაგალითად, ქართულმა ავიაკომპანიამ ცხვრის გასაყვანად სომხური ავიაკომპანიის თვითმფრინავი დაიქირავა და აზერბაიჯანულმა კომპანია "სოკარმა" ამ თვითმფრინავს საწვავი არ მიაწოდა. ცხვრის გაყვანა ვეღარ მოხერხდა და კატარის ხორცისა და ხორცპროდუქტების სახელმწიფო კომპანიასთან გარიგება ჩაიშალა.

- ზოგჯერ სომხეთიდან შემოჰყავთ ცხვარი და აქედან სხვა ბაზრებზე გაჰყავთ, როგორც ქართული.

- სომხებს ცხვარი საქართველოში ჩამოჰყავთ, რამდენიმე დღე აქ აჩერებენ და შემდეგ იორდანიაში გზავნიან, როგორც ქართულს. მიზეზი ის არის, რომ სომხეთში დაავადებები აღირიცხა და იქიდან ცოცხალი საქონლის შეყვანა ბევრ ქვეყანაში აკრძალულია.

- ადგილობრივ მეცხვარეობას დავუბრუნდეთ - მთავრობის დაპირებული ფინანსები როგორ უნდა დაიხარჯოს?

- ფინანსების გამოყოფამდე პრობლემის შესწავლაა საჭირო. ძველებური მეთოდები აღარ გამოგვადგება. დღეს საქართველოში გვაქვს დაახლოებით 1,5 მლნ ჰექტრამდე მთის საძოვარი და 250 ათასი ჰექტარი ბარის, ანუ ზამთრის საძოვარი. მთის საძოვრებზე შეგვიძლია 3-3,5 მლნ ცხვარი ვიყოლიოთ, მაგრამ სამაგიეროდ, მწვავეა ბარის საძოვრების პრობლემა. ახლა ქვეყანაში 800 ათასამდე სული ცხვარია. თუ მათ ბარის საძოვრებზე გავანაწილებთ, ერთ ჰექტარზე დაახლოებით სამი სული მოდის, მაგრამ ბალახის საფარი ერთ ჰექტარზე ერთ ცხვარზე მეტს ვერ იტანს. საძოვრების სიმცირის გამო 200-300 ჰექტარზე 1000-1500 ცხვარს აძოვებენ. ეს იწვევს მიწის ეროზიას, ბალახის საფრის განადგურებას და ვერც პირუტყვი იმატებს წონაში. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ცხვარი რომ გავამრავლოთ, სად უნდა წავიყვანოთ? აუთვისებელი ტერიტორია, სადაც შეიძლება საძოვარი მოეწყოს, ფაქტობრივად, არ არსებობს.

- მაშ, რა პერსპექტივა აქვს ამ დარგს?

- თუ გვექნება სტაციონარული მეურნეობები, მხოლოდ მაშინ შეიძლება ცხვრის სულადობის ზრდა და მაღალპროდუქტიული ჯიშების გამოყვანა. ქართული ცხვრის სარგებლიანობა და უნიკალურობა ის არის, რომ ის წელიწადში 4 ათას კილომეტრზე გადაადგილდება და საკვებს თავად მოიპოვებს. ქართული ცხვარი სტაციონარულად რომ იზრდებოდეს, მომგებიანი ვერ იქნება, რადგან ერთ ბატკანს იგებს და წელიწადში მხოლოდ 30-40 ლიტრ რძეს გვაძლევს. უცხოურ ჯიშებს ამდენს ვერ ვატარებთ, თუ მოვაშენებთ, სტაციონარულად უნდა გვყავდეს და მეტ ბატკანსა და რძეს მოგვცემს, შესაძლებელი გახდება ცხვრის რძის წარმოებაც.

- სტაციონარული ბაგების მოწყობას რა უშლის ხელს, მით უფრო, თუ მთის მოსახლეობისთვის ცხვრის მოსაშენებლად მინიგრანტები გამოიყოფა?

- სამწუხაროდ, ჩვენთან სტაციონარული ბაგების პრაქტიკა არ არსებობს.

ხელისუფლებამ, შესაძლოა, არასამთავრობო სექტორთან, დარგის სპეციალისტებთან ერთად, საცდელად უნდა შემოიყვანოს უცხოური ჯიშები. უნდა გამოვცადოთ, ვნახოთ, რა შედეგს მოგვცემს ერთი-ორი წლის შემდეგ. მხოლოდ ასე შეიძლება, დაფინანსება ეფექტურად დაიხარჯოს და არა ისე, როგორც წინა ხელისუფლების დროს მოხდა, როცა ჰოლანდიური ჯიშის ძროხები ჩამოიყვანეს და ხალხი დღემდე იხდის ვალს, რომელიც სახელმწიფომ იმ პირუტყვის შესაძენად გამოუყო.

- თუ ტრადიციულ მეცხვარეობასაც შეეწყობა ხელი და სტაციონარულსაც განვავითარებთ, შეიძლება ცხვრის ექსპორტით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გავხდეთ?

- სულადობით ამის შანსი არ გვაქვს, მაგრამ ხარისხით შესაძლებელია. წელიწადში საქართველოდან ექსპორტზე დაახლოებით 170 ათასი სული ცხვარი გადის, ხოლო ავსტრალია, მაგალითად, 1 მილიონ სულს ყიდის. ბულგარეთს დაახლოებით იმდენივე ცხვარი ჰყავს, რამდენიც ჩვენ, მაგრამ შობადობა მეტი აქვთ და წელიწადში 300 ათასამდე ცხვარს ყიდიან. ძალიან კარგი შანსია ჩვენთვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რითაც გვეხსნება უნიკალური შესაძლებლობა, გავიდეთ ევროპულ ბაზრებზე. იქ პოპულარულია ორგანული ბიომეურნეობის პროდუქცია, ჩვენთან კი საძოვრებს არ ანაყოფიერებენ სხვადასხვა სასუქით, არ არის დაბინძურებული ნიტრატებით და პირუტყვი ბიოლოგიურად სუფთა ბალახით იზრდება. ასეთი პროდუქციით ევროპაში უთუოდ დაინტერესდებიან. სხვა მხრივ კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგალითად, ისრაელს, სადაც ერთ ცხვარს თვეში 15 კილოგრამს ამატებინებენ.

- კონკურენტულია თუ არა ქართული ცხვრის ფასები?

- ჩვენთან ცხვარი ძალიან ძვირია. ცოცხალი წონა დაახლოებით 3,5-4 დოლარამდე ჯდება, მაშინ, როცა რუმინეთსა და ბულგარეთში შეგიძლიათ მაქსიმუმ 3 დოლარად იყიდოთ. სომხეთში ცოცხალი წონა შარშან 2 დოლარი ღირდა. ჩვენ ხარჯი გვაქვს ძალიან დიდი. მეცხვარეების ხელფასიც გაიზარდა - ადრე თვეში 150-200 ლარი იყო, ახლა კი 500-600 ლარზე ნაკლებად ცხვარში არავინ მოდის, შესაბამისად, ერთი სული ცხვრის თვითღირებულება დაახლოებით 120 ლარია. ვისაც საკუთარი საძოვრები არ აქვს და ქირაობს - ასეთი კი მეცხვარეთა 70%-ია - ერთი ცხვრის გაზრდა 140 ლარამდე უჯდება.

ემა ტუხიაშვილი