აფხაზეთის რკინიგზა – ხიდი კონფლიქტის მოგვარების გზაზე?

”ეს სარკინიგზო დერეფანი წამგებიანიც რომ იყოს, ეს იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის გადადგმული ნაბიჯი”

აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი ჩვენს ქვეყანაში დღემდე საკამათოდ რჩება: არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი სიკეთეს არ მოგვიტანს, მაგრამ საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, რკინიგზის ამ მონაკვეთის აღდგენის თემას უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. შეგახსენებთ: ამ საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა და სიმწვავე გასული წლის იანვარში შეიძინა, როცა სომხეთში ვიზიტის დროს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა შესაძლებელია, თუკი ეს ყველა მხარის ნება იქნება. ბიზნესისა და საგადასახადო სამართლის ექსპერტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აკაკი ჩარგეიშვილი იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც რკინიგზის ამ მონაკვეთის აღდგენა მნიშვნელოვან ნაბიჯად მიაჩნია.

-ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ ეს საკითხი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება. გადავხედოთ თანამედროვე მსოფლიოს, სადაც ტერიტორიული კონფლიქტები ეკონომიკური ურთიერთობების დახმარებით გვარდება. ამის ნათელი მაგალითია კვიპროსი, ბალკანეთის ქვეყნები, ჩინეთისა და ტაილანდის ურთიერთობა - ყველგან არსებობს ხელშეკრულება ეკონომიკური ურთიერთობების თაობაზე. ეს არის სერიოზული ბერკეტი, რომლის გამოყენებაც კონფლიქტის მოსაგვარებლად კარგად შეიძლება. მე მიმაჩნია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზა უნდა აღდგეს. მით უმეტეს, რკინიგზის ამ მონაკვეთის თაობაზე არსებობს კვლევები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის ჩატარებული.

- ბატონო აკაკი, ეკონომიკური თვალსაზრისით რამდენად მომგებიანი იქნება რკინიგზის ამ მონაკვეთის ამოქმედება საქართველოსთვის?

-ეკონომიკური ეფექტიც რომ არ ჰქონდეს და ეს სარკინიგზო დერეფანი წამგებიანიც რომ იყოს, ეს იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე გადადგმული სერიოზული ნაბიჯი, თუმცა აქვე უნდა ვთქვა: შეიძლება აფხაზეთის რკინიგზა ეკომონომიკური თვალსაზრისითაც არ იყოს წამგებიანი, ეს ტვირთბრუნვაზეა დამოკიდებული. თუ გავითვალისწინებთ, რა ტვირთები მიედინება აზიიდან რუსეთის გავლით, ან ევროპის მიმართულებით, მაშინ სულ სხვა პერსპექტივა ჩნდება. თანაც, აქვეა ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი... თუ საკმარისი ტვირთბრუნვა არ იქნება, თავისთავად ცხადია, მოგებაც არ გვექნება, მაგრამ კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ჩვენს სახელმწიფოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენით არანაირი დიდი დანახარჯი არ ექნება იმიტომ, რომ სოხუმში მატარებლები ჩვეულებრივად შემოდიან. ჩვენ აღსადგენი გვრჩება ტერიტორია ინგირის გადასასვლელიდან სოხუმამდე - მხოლოდ ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაა საჭირო. ჩვენ კი, წინასწარ ვამბობთ უარს იმაზე, რაც ჯერ კიდევ არ განხილულა. მე ვამბობ, რომ უნდა ვიმუშაოთ, დავარწმუნოთ აფხაზები, დავარწმუნოთ ერთმანეთი, კომპეტენტურმა ხალხმა იმსჯელოს, ისაუბროს ამ საკითხზე და ყველაფერი გონივრულად, დაფიქრებულად გადავწყვიტოთ. თავის დროზე ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით სამაჩაბლოშიც: იმის მაგივრად, რომ იურიდიული რეგულაციები დაგვეწესებინა, ერგნეთის ბაზრობა საერთოდ გავაუქმეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, მსჯელობაც კი არ ყოფილა ამ საკითხზე. მოვა ერთი პოლიტიკური ძალა და გააუქმებს რაღაცას, მოვა მეორე -აღადგენს, ასეთი მიდგომა დაუშვებელია!

- არსებობს მოსაზრება, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა ჩვენ არაფერს შეგვმატებს, რომ მისი ამოქმედება მხოლოდ სომხეთისა და რუსეთის ინტერესებშია.

- თავისთავად ცხადია. ეს რეგიონული მასშტაბის საკითხია და ამ რკინიგზის ამოქმედება პირველ რიგში სჭირდება სომხეთს, რომელიც ამჟამად ჩიხში იმყოფება და გასასვლელი არა აქვს. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ეს რესურსიც ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული საკითხია ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენის გზაზე. თუ ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე გვინდა, ეს რკინიგზა აუცილებლად უნდა გაიხსნას, რამდენად მომგებიანი, ან წამგებიანი იქნება, ეს უკვე მეორე რიგის ამოცანაა.

-თუ არსებობს რეალური სქემა ამ მონაკვეთის აღდგენისა?

-”საქართველოს რკინიგზაში” ჯერ კიდევ ინახება ნახაზები და სტატისტიკური მონაცემები, სადაც წერია, თუ რამდენი კაცი მუშაობდა სოხუმის სადგურში, ან ოჩამჩირისა და გაგრის სადგურებში. 2003 წელს, ქართული და რუსული მხარის მონაწილეობით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც დაიწყო მუშაობა წინასარეაბილიტაციო, მოსამზადებელ სამუშაოებზე: უნდა მომხდარიყო მთლიანი სარკინიგზო ხაზის დათვალიერება და იმის შესწავლა, თუ სად რა სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ რკინიგზას საშუალება მისცემოდა და ამუშავებულიყო. ამ ყველაფრის გაცოცხლება შეიძლება და ეს იქნება უზარზმაზარი გარღვევა კონფლიქტის მოგვარების გზაზე. თუკი ჩვენ მოვახერხებთ უსაფრთხოების დაცვას და ამავე დროს, შევძლებთ, რომ ეს დერეფანი ამუშავდეს, ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ. მე სოხუმიდან ვარ და ეს ოცი წელი შურისძიებაზე კი არ მიფიქრია, ვფიქრობ იმაზე, რა დაგვემართა, რატომ დაგვემართა, როგორ შეიძლება ამის გამოსწორება და ყოველთვის ერთ დასკვნამდე მივდივარ.

-რა დასკვნამდე?

- რომ საბოლოოდ ყველაფერს მაინც ეკონომიკურ და სოციალური ურთიერთობები განსაზღვრავს. ყველამ ვიცით, რომ ადმინისტრაციული საზღვარი ენგურთან გადის, მაგრამ ადამიანები ყოველდღე, ორ-ორი ჩანთით, ან ცხენის ურიკით გადადიან ენგურის ხიდზე, გადააქვთ სურსათი, ავეჯი, ათასგვარი პროდუქტი. ანუ გვინდა თუ არა, ეკონომიკური ურთიერთობა ენგურს გაღმა და გამოღმა მხარეებს შორის არ გაწყვეტილა. რკინიგზის ამოქმედებით უზარმაზარ პრობლემას მოვუხსნით ენგურს გაღმა და გამოღმა მცხოვრებ აფხაზებსაც და ქართველებსაც. თუ ამ პროცესების რეგულაციას მოვახერხებთ და ყველაფერი გამჭვირვალე გახდება, მაშინ იქ ჩრდილოვანი ეკონომიკაც აღარ იქნება საჭირო. თუ აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზა გაივლის და სომხეთიდან ამ მიმართულებით ტვირთები წავა, სატრანზიტო ღირებულების ნაწილი ხომ ჩვენთან დარჩება? - როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ამ დერეფნის აღდგენა მარტო სომხეთს აძლევს ხელს? ეს არის კიდევ ერთი გზა, რომ ეკონომიკური ურთიერთობა გამოვიყენოთ პოლიტიკური და უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობების აღსადგენად. ფაქტია, რომ ეს სატრანსპორტო დერეფანი არსებობს, პროცესში ჩართულია ნეიტრალური მხარე, კერძოდ შვეიცარია და ჩვენც უნდა გამოვიყენოთ ეს რესურსი. მით უმეტეს, რკინიგზა უფრო ადვილი გასაკონტროლებელია, ვიდრე ჩვეულებრივი, საგზაო მონაკვეთი.

აფხაზები დიალოგისთვის ყოველთვის მზად არიან. მთავარია, სწორად მიუდგე და ურთიერთობა მოახერხო. როგორ ახერხებდა ამას ირაკლი ალასანია, როდესაც მინისტრი იყო? ერთხანს გოგა ხაინდრავა იყო მინისტრი და მაშინაც შედგა სპეციალური პროტოკოლი, რომლის ძალითაც სოხუმსა და თბილისს შორის ეკონომიკური ურთიერთობები უნდა დაწყებულიყო. სამწუხაროა, რომ ქართული სახელმწიფო ეკონომიკურ ბერკეტებს ისე ვერ იყენებს, როგორც საჭიროა. აფხაზეთი დღეს ფინანსდება რუსული ფულით, მათ აქვთ რუსული პასპორტები და სერიოზულ საპენსიო თანხას იღებენ რუსეთიდან, ასე რომ, აფხაზები თავიდან ბოლომდე მიბმულნი არიან რუსეთზე. ცუდი იქნება ამ დერეფნიდან სატრანზიტო შემოსავალი რაც იქნება, აფხაზეთს დარჩეს და მოხმარდეს? მათ რუსული ფულის გარდა დამატებით თავისი შემოსავალიც გაუჩნდებათ, რატომ არ უნდა წავიდნენ ამაზე აფხაზები? თუ ეკონომიკური ურთიერთოებები არ აღდგა და ადამიანებს შორის ყინული არ გალღვა, ისე არაფერი გამოვა და კვლავ იმ წრეზე ვიტრიალებთ, რომელზეც ამდენი წელია ვტრიალებთ. ჩემი თვალთახედვა ასეთია: თუკი აფხაზეთის რკინიგზა არ აღდგება, ჩვენ ხელოვნურად ჩავკეტავთ ადმინისტრაციულ საზღვარს და გავწყვეტთ აფხაზებთან ურთიერთობას. ახლა მკითხველმა განსაჯოს, რა უფრო მნიშვნელოვანია - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, თუ წამგებიანი იქნება ჩვენთვის რკინიგზის ეს მონაკვეთი თუ - მომგებიანი?

ხათუნა ჩიგოგიძე