საკვების ნაკლებობა მეცხვარეობას პრობლემებს უქმნის

"ხალხს დასათესიც არაფერი აქვს, რომ პირუტყვისათვის საკვები მომავალ წელს მაინც გვქონდეს"

მეცხვარეობა ჩვენი ქვეყნის მთიანეთში ოდითგანვე გავრცელებული საქმიანობა იყო, ხოლო მეცხვარე - ყველასაგან დაფასებული, პატივსაცემი ადამიანი. სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოში ასე არ არის: ქართველ მეცხვარეებს უამრავი პრობლემა და სატკივარი აქვთ, თუმცა, ეს ის ხალხია, რომელსაც პრობლემებზე წუწუნი არ უყვარს. bpn.ge დაინტერესდა, რა მდგომარეობაა დღესდღეობით ამ სფეროში და ”საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის” თავმჯდომარეს, ბექა გონაშვილს ესაუბრა:

- მეცხვარეების უმთავრესი სატკივარი და საფიქრალი საკვების ნაკლებობაა, გვალვიანმა ზაფხულმა ბალახი სულ გაახმო და პირუტყვისათვის საკმარისი საკვები არ გვექნება. ასევე არ არის საფურაჟე ხორბალი და ქერი. ზოგიერთ ნაკვეთში ფერმერებმა კომბაინიც კი ვერ შეიყვანეს რადგან ასაღები მოსავალი იმდენად მცირე იყო, რომ კომბაინის ხარჯსაც ვერ დაფარავდა. ამ მხრივ, ძალიან რთული მდგომარეობაა, რასაც საკვების ფასიც ადასტურებს: შარშან, მოსავლის აღებისას ხორბალი და ქერი 30-40 თეთრი ღირდა, წელს კი უკვე 50 თეთრი და მეტი ღირს. ძალიან ძვირია თივაც. ველაპარაკე დმანისელ ფერმერებს და მათ მითხრეს, რომ თივის ერთი შეკვრა, რომელიც საშუალოდ 15 კილოგრამს იწონის 5 ლარი ღირს, ამას ტრანსპორტირების ხარჯიც ემატება და მისი ფასი 7 ლარამდე ადის. მთავარი უბედურება კი ის არის, რომ ხალხს დასათესიც არაფერი აქვთ, რომ პირუტყვისათვის საკვები მომავალ წელს მაინც გვქონდეს. საბედნიეროდ, ახლა ცხვარი მთაშია და პრობლემა ასე მწვავედ არ დგას, მაგრამ დრო მალე გადის, ბარში რომ ჩამოვლენ, ბალახი არ დახვდებათ და მომავალი ზამთარი ძალიან მძიმე, უფრო მეტიც - კატასტროფული იქნება. როდესაც ბალახი არ არის, ცხვარსაც და სხვა ოთხფეხსაც დამატებითი საკვები უნდა მისცე - ქერი და ხორბალი, რომ ცხვარმა საკვების ნაკლებობა გადაიტანოს. საკვებზე მოთხოვნა უკვე ძალიან გაიზარდა, ფასიც მოიმატებს და შესაბამისად, ბევრ მეცხვარეს მოუწევს ცხვრის გაყიდვა, რომ ფარის ნაწილი მაინც დაიტოვოს და მათი გამოკვება შეძლოს.

- რა შეიძლება გააკეთოს ამ სიტუაციაში სახელმწიფომ, ან ადგილობრივმა ხელისუფლებამ?

-იმ რაიონებს, კერძოდ, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და სიღნაღის რაიონებს, სადაც ასეთი მდგომარეობაა, სახელმწიფო გადასახადების შემცირებით, ან გადავადებით უნდა მიეშველოს. ასევე კარგი იქნება სათესლე მასალის მიწოდება, ან პირობით მიცემა. გასულ წელს ბევრმა ფერმერმა აიღო ბანკის სესხი, ალბათ ისინი ვეღარ შეძლებენ ამ ვალების გასტუმრებას. ძალიან რთული მდგომარეობაა და მიკვირს, რატომ დუმს ამაზე ან მედია, ან საზოგადოება?! სახელმწიფო, კონკრეტული მინისტრი ან მოადგილე ერთბაშად ვერაფერს შეცვლის, რადგან ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში გაუდაბნოების პროცესი მიმდინარეობს. რა შეღავათებს დააწესებს სახელმწიფო, ეს ჩემი ან თქვენი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დარგში უფრო კომპლექსური მიდგომაა საჭირო. გათვლა არ უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რა მოხდება წელს, ან მომავალ წელს. გათვლა უნდა კეთდებოდეს 5-10-წლიან პერიოდზე. ქვეყანაში პირუტყვის საკვების წარმოება უნდა აღდგეს და გაძლიერდეს. როცა ქვეყანაში საკვები დიდი რაოდენობით გაქვს, ის შეიძლება ექსპორტზეც გაიტანო, მაგრამ როცა ცოტა გაქვს, ამის გამოსწორება საკმაოდ რთულია. კერძო ბიზნესი უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ სახელმწიფოს ჩარევა არ დასჭირდეს, მაგრამ ეს მხოლოდ კომპლექსური მიდგომის შედეგად მიიღწევა. ამგვარი მიდგომა საჭირო და აუცილებელია ნებისმიერი დარგის განვითარებისათვის. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის, რაც ქვეყანას და დარგს სჭირდება. გვალვა მომავალ წელსაც რომ იყოს, რა გვეშველება? რით უნდა ვებრძოლოთ მას?

- სულ რამდენი ადამიანია დღეს თქვენს დარგში დასაქმებული?

- საქართველოში მეცხვარეობის დარგში დასაქმებულია საშუალოდ 50 ათასამდე კაცი. წარმოიდგინეთ, თუნდაც მათი ნახევარიც რომ გაკოტრდეს, საქონელი დაეხოცოს და ყველაფერი დაკარგოს, სად უნდა დავასაქმოთ ეს ხალხი? რომელიმე მომიჯნავე დარგი მაინც დამისახელეთ, სადაც ისინი დასაქმდებიან. ამიტომ, სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს ფუნქცია, რომ მეცხვარეს თავის ურთულეს საქმეში ხელი შეუწყოს. ამ ხელშეწყობაში იგულისხმება ყველაფერი: ცოდნა, განათლება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ა.შ... იმდენად ცუდი მდგომარეობაა, რომ ცხვარს გაუჭირდა მთაში ასვლა, ისე იყვნენ დასუსტებული, რომ სიარულის თავიც აღარ ჰქონდათ და გზაში იხოცებოდნენ. ეს საკვების ნაკლებობამ გამოიწვია! ცხვარი ზამთარშიც დაგვეხოცა და მაისის თვეშიც, გადარეკვის დროს. სხვათა შორის, ვეტერინარული თვალსაზრისით წელს სახელმწიფო სერიოზულად დაგვეხმარა: ჯერ თურქულზე აცრეს ცხვარი, ახლა კი - ჯილეხზე ცრიან, რაც ძალიან კარგია.

-როგორც ვიცი, შარშან ქართულ ცხვარზე მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო, ეს მდგომარეობა წელს თუ გამოსწორდება?

-შარშან ჩვენი ცხვარი ძირითადად აზერბაიჯანში გავიდა, არაბებმა არ გაიყვანეს იმიტომ, რომ ფასები იყო საკმაოდ მაღალი. შარშან ჩვენს ქვეყანაში ცხვრის ფასი 100, 180 და 200 ლარი იყო - წონის მიხედვით. საერთოდ, ქართულ ცხვარს არაბებიც და აზერბაიჯანელებიც დღესასწაულებისა და ქორწილებისათვის ყიდულობენ, მაგრამ შარშან არაბებმა იმ ქვეყნებში შეიძინეს, სადაც ცხვარი შედარებით იაფი ღირდა. სამწუხაროდ, აზერბაიჯანელებთან ერთი პრობლემა გვაქვს - ჩვენს მეცხვარეებს თანხას დროულად არ უხდიან. ძალიან ბევრი მეცხვარე ვიცი, ვისაც აზერბაიჯანელი მყიდველისაგან დღემდე ფული არ აუღია, არაბები კი მაშინვე იხდიან საფასურს.

- როგორც ამბობთ, საკვების ნაკლებობა მარტო მეცხვარეების კი არა, მთელი ამ დარგის პრობლემაა...

- საკვების ნაკლებობა მთელ მესაქონლეობას შეეხება. ბალახი არ არის, შესაბამისად, არც დამატებითი საკვების მარაგი გვექნება. ადვილი მისახვედრია, რომ საკვების ნაკლებობის გამო მთლიანად დარგში შეიქმნება პრობლემები.

ხათუნა ჩიგოგიძე