პიერ რიშარი ქართული ღვინით მოხიბლულია

დაუვიწყარი მოგზაურობა შამპანურის სამშობლოში

5 ივლისს, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მსოფლიოს სომელიეთა ასოციაციის ნამდვილი წევრი გახდა. ეს საფრანგეთში, შამპანის დედაქალაქ რეიმსში მოხდა, რომელმაც მსოფლიოს სომელიეთა ასოციაციის გენერალურ ასამბლეას უმასპინძლა. ასამბლეის მუშაობაში საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი - შალვა ხეცურიანი მონაწილეობდა, რომელმაც შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ხეცურიანი ჩინეთის, იაპონიის, შვედეთის, ნორვეგიის, დანიის, კანადის, ფინეთის, ინგლისისა და პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტებს შეხვდა. BPN-თან საუბრისას როგორც აღნიშნა, ამ ადამიანებს თავიანთ ქვეყნებში დიდი გავალენა აქვთ და შეუძლიათ სერიოზული წვლილი შეიტანონ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში. საფრანგეთში გატარებული სამი კვირა უნაყოფო ნამდვილად არ იყო - ამბობს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი.

- საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია უკვე 50 წელია არსებობს და 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს - ეს ძირითადად, მეღვინეობის ქვეყნებია. ეს არის ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაცია ამ დარგში. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია რამდენიმე წელი იყო ამ ორგანიზაციის წევრობის კანდიდატი. გვაკვირდებოდნენ, აქაც ჩამოდიოდნენ და ჩვენც ჩავდიოდით მათ შეკრებებზე. ორგანიზაციის წევრები დღესაც ბევრ რამეში გვეხმარებიან და მხარს გვიჭერენ, ჩვენც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვა ქვეყნების სომელიეთა ასოციაციებთან და ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ქართული ღვინის პოპულარიზაციას, მისი ცნობადობის ამაღლებას უცხოეთში. ამჯერად ჩვენი შეხვედრა საფრანგეთში, შამპანის რეგიონში - შამპანურის სამშობლოში გაიმართა. სწორედ იქ გაიმართა სომელიეთა გენერალური ასამბლეის შეკრება, სადაც ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრები გავხდით. ამავე დროს, შეკრებაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

-თქვენი აზრით, რას მოუტანს ეს საქართველოს?

-საერთოდ, სომელიეთა ასოციაცია ყველა ქვეყანაში გავლენიანი ორგანიზაციაა. მასში ძირითადად ბიზნესის, მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ერთიანდებიან. ასე რომ, ასეთი პარტნიორის პოვნა ნიშნავს კარის შეღებას ამ ქვეყნებში, რადგან სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელები საკმაოდ პოპულარული ადამიანები არიან, მათ ძალიან დიდი გავლენა აქვთ თავიანთ ქვეყნებში და დიდი აუდიტორიაც ჰყავთ. მსოფლიოს სომელიეთა ასოციაციაში რამდენიმე საინტერესო ქვეყანაა გაერთიანებული, საინტერესო უპირველესად - ქართული ღვინის რეალიზაციის თვალსაზრისით. ამ ორგანიზაციის წევრობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრეები გავიჩინოთ მათ წრეში, ამ საქმეში ძალიან გვეხმარება ღვინის ეროვნული სააგენტოც.

- სამი კვირა გაატარეთ საფრანგეთის იმ ადგილებში, სადაც ღვინოს უძველესი დროიდან აწარმოებენ. იცნობენ თუ არა ფრანგები ქართულ ღვინოს?

- უნდა ვაღიარო, რომ საფრანგეთში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალია, ეს უფრო ნიშური პროდუქტია. საქართველოს, როგორც ქვეყანას, იცნობენ, განსაკუთრებით - აგვისტოს ომისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მაგრამ ქართულ ღვინოს - ნაკლებად. იციან, რომ ეს არის ვაზისა და ღვინის სამშობლო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ქართული ღვინის ბევრი ნიმუში აქვთ გასინჯული. ფრანგებს ისევე უყვართ თავიანთი ღვინო, როგორც იტალიელებს, მათ სხვა ღვინო ვერც კი წარმოუდგენიათ. თუმცა, ინტერესი არსებობს და ამ ინტერესის დაკმაყოფილებაზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი საზოგადოებაც უნდა დაეხმაროს საქართველოს სომელიეთა ასოციაციას, რომ ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ცნობადობა გაიზარდოს და დაიწყოს მისი დამკვიდრება ახალ ბაზრებზე. ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენს ღვინოს არც კი იცნობენ, დავუშვათ, ინგლისში, ან იაპონიაში. საფრანგეთში კი, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესო ბაზარია, რადგან იქ თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, თითქმის გამორიცხულიც კი. ჩვენთვის საინტერესო სულ სხვა ქვეყნებია: კერძოდ - ინგლისი, აშშ, კანადა, პოლონეთი, გერმანია, ავსტრია და ა.შ... საფრანგეთს კონკურენციას ვერ გავუწევთ, რატომ? - იმიტომ, რომ უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენ სულ სხვადასხვა წონითი კატეგორიის წარმომადგენლები ვართ. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ რამდენიმე ათეული მსხვილი მეღვინე გვყავს, ხოლო საფრანგეთს - ათასობით. ფრანგებს უზარმაზარი ინდუსტრია აქვთ, საქართველო კი - პატარა, ლამაზი ღვინის ქვეყანაა, რომელსაც დიდი მუშაობა სჭირდება საიმისოდ, რომ კონკურენტუნარიანი პროდუქცია გამოუშვას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რაც ჩამიტანია და გაუსინჯავთ, ჩვენი ღვინოც ძალიან მოსწონთ, მაგრამ ხუთი, ან ათი დასახელების ღვინო არ არის მთელი დარგი. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ კონკურენტი ყველა ქვეყანაში დაგვხვდება, უბრალოდ, ჩვენ ჩვენი ნიშა უნდა ვიპოვოთ.

- ქართველებს ვაზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, ფრანგებიც ასე არიან?

-ჩვენთან ვაზისადმი დამოკიდებულება ცოტა არ იყოს, საკრალურია, ქართველისათვის ვაზი გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე სხვა ხალხისთვის. ასეთი დამოკიდებულება საფრანგეთში არ იგრძნობა, იქ ვერც ერთ ეკლესიაში ვერ ნახავთ ვაზის ფრესკას, რადგან ვაზი და ღვინო მათთვის ყოველდღიური ცხოვრების ატრიბუტია, ეს მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი ღვინოს ყოველდღე მიირთმევენ, ოღონდ ორიოდე ჭიქას ისევე, როგორც ჩვენთან - საქართველოს სოფლებში იციან. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ბუნებრივი და სწორია. ისინი არასოდეს სვამენ სუფრასთან ორ-სამ ლიტრ ღვინოს ისევე, როგორც ჩვენთან არის მიღებული. სამწუხაროდ, ეს მანკიერი ტრადიცია საქართველოშიც საბჭოთა პერიოდიდან გავრცელდა. ყოველ ვახშამზე 2-3 ბოკალი ფრანგისთვის ნორმაა. ჩემი სამკვირიანი მოგზაურობის დროს ვიყავი ბურგუნდიაში და სხვა ადგილებში, სადაც ლეგენდარული შატოებია, გავიცანი ხალხი, რომელიც საუკეთესო ღვინოს ამზადებს და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ის, ვინც ღვინის ფასი იცის, ამ ღვთაებრივ სასმელს უზომოდ არასოდეს სვამს.

-როგორც ვიცი, პიერ რიშართანაც იყავით სტუმრად, რომელიც მეღვინეობით არის გატაცებული.

-დიახ, სტუმრად ვიყავი პიერ რიშართან. გატაცებული კი არა, რიშარი საუკეთესო მეღვინეა. ცხოვრობს ნიცადან 150 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ლანგედოკში - თავის შატოში. ცნობილ მსახიობს ძალიან ბევრი ტურისტი აკითხავს, ის არაჩვეულებრივ ღვინოს ამზადებს და საქართველოც უყვარს. მე მას ქართული ღვინო ვაჩუქე, რომელიც ძალიან მოეწონა. ბოლოს კი გეტყვით, რომ პიერ რიშართან ვრცელი ინტერვიუ სექტემბერში, ჩვენი ასოციაციის ჟურნალში დაიბეჭდება, რომელსაც სახელად ”ღვინო” ჰქვია.

ხათუნა ჩიგოგიძე

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: Pierre Richard is fascinated with Georgian wine