ჯანსაღი ცვლილებები თუ კოსმეტიკური შელამაზება?

ქართულ საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა სერიოზული კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

კანონპროექტი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა, უკვე რამდენიმე თვეა განხილვის საგნად იქცა.

როგორც  ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე აცხადებს,  კანონპროექტში შესული ზოგიერთი ცვლილება საკამათოა, რადგან მათი სისრულეში მოყვანა გადასახადების დამალვას გამოიწვევს. ”როგორც კი კანონში "საგადასახადო ხვრელები" გაჩნდება, შემოსავლების დამალვის შესაძლებლობაც გაიზრდება” -აცხადებს გოცირიძე, რომელიც დღგ-ს გადასახადზე დაწესებულ შეღავათებსაც უარყოფითად აფასებს, რადგან ”ყველა ჩარევა პრეფერენციების სახით ანგრევს საგადასახადო კოდექსს და ძირს უთხრის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას”.

სრულიად განსხვავებული შეფასება აქვს მოსალოდნელ ცვლილებებზე ”ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის” გენერალურ დირექტორს - ირაკლი ლექვინაძეს. მისი აზრით, ეს ცვლილებები სავსებით მისაღებია, რადგან ბიზნესის ინტერესებს ითვალისწინებს.

ირაკლი ლექვინაძე: ”ხარვეზი ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეიძლება მოვუძებნოთ, მათ შორის, იმ ნორმებსაც, რომლებიც დღევანდელ საგადასახადო კოდექსშია, თუმცა რა ცვლილებებიც შევიდა, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია: უსამართლობა იყო, როცა უცხოეთიდან მიღებული შეკვეთა და მისი უცხოეთში ექსპორტირება იბეგრებოდა დღგ-თი და მეორე - როდესაც უძრავი ქონების გაყიდვა ხდება ტურისტული მიზნებით, არ შეიძლება ის დაიბეგროს. ორივე ცვლილება ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დანაზოგის წყარო იქნება - მათი წყალობით ბიზნესი შეძლებს შემოსავლის დიდი ნაწილი განვითარებისათვის გადადოს. არანაკლებ საყურადღებოა ზოგიერთი კომპანიის საურავებისა და ჯარიმებისაგან გათავისუფლება, რაც ქართული ბიზნესისთვის ძალიან მძიმე ტვირთი იყო. კომპანიები, რომლებსაც წლების განმავლობაში დაგროვილი დავალიანება აწევთ და ვერ იხდიან, შვებით ამოისუნთქავენ. მით უმეტეს, ზოგიერთი მათგანი გაჩერებულია, ზოგს კი - საურავებისა და დარიცხული ჯარიმების გადახდის თავი არა აქვს. 2005 წლამდე გადაუხდელი დავალიანება ეპატიება კომპანიას, თუ ის აღარ არის მოქმედი, ხოლო 2009 წლამდე შეღავათი შეეხება მხოლოდ საურავებს და ესეც მოსაწონია იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში კომპანიებს საურავი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე დავალიანება. მე ვამართლებ ამ ცვლილებებს, რომლებიც საგადასახადო კოდექსში შედის, სხვათა შორის, შეხვედრებზე ბიზნესმენებიც ამბობენ, რომ ეს მათთვის მისაღები ცვლილებებია.

თუ ფინანსური დისციპლინა არ იქნება, ”საგადასახადო ხვრელები” ყოველთვის წარმოიქმნება, ამიტომ ამის შიშით უარს ვერ ვიტყვით შეღავათებზე, რომლებიც ბიზნესის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. კარგი იქნება, თუ მთავრობა ბიზნესწრეების ინტერესებს უფრო მეტად და უფრო ხშირად გაითვალისწინებს.”

”მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით ვერაფერს გავხდებით”- აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი, ლევან კალანდაძე, რომელმაც bpn.ge-სთან საუბრისას განმარტა: "საგადასახადო კოდექსში, რომელიც დღეს გვაქვს, ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მრავალი ათეული ცვლილება განხორციელდა, მაგრამ ის მაინც ვერ ჩამოყალიბდა კოდექსად, რომელიც სრულად გაითვალისწინებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ძალიან ბევრი საკითხი ქართულ საგადასახადო კოდექსში ჯერ კიდევ "აქილევსის ქუსლად" რჩება. ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ამ კოდექსში გვხვდება, არის ე.წ. სუბიექტივიზმის ფაქტორი, როცა კეთილშობილური მიზნების მიღმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დგას. მით უმეტეს, ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება გადასახადების ჩამოწერისა, პატიებისა და ზოგიერთი გადამხდელის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებისა. ამა თუ იმ გადასახადის ჩამოწერას, ან პატიებას რომელიმე თანამდებობის პირი კი არ უნდა წყვეტდეს, ყველაფერი კანონში უნდა იყოს დაწვრილებით განსაზღვრული.

დავალიანებებისა და საურავების ჩამოწერა ის საკითხია, რომელიც დიდი ხანია გადასაწყვეტი იყო და კომპანიებს, რომლებიც უკვე აღარ ფუნქციონირებენ, ამით ძალიან დიდი შეღავათი მიეცემათ. ამიტომ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ასევე მოსაწონია დღგ-საგან შიდა გადამუშავებაში მოქცეული საწარმოების გათავისუფლებაც. ჩემთვის საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი: ტურისტული მიზნით შესყიდული საწარმოების დაბეგვრის რეჟიმის შემსუბუქება, თუმცა, აქვე ვიტყოდი, რომ რომელიმე მუხლის შეცვლით, ან საგადასახადო კოდექსის კოსმეტიკური შელამაზებით სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. ჩვენ ისევ შეცდომას ვუშვებთ, როცა ასეთი მიდგომით ვცდილობთ საგადასახადო კოდექსის გაკეთილშობილებას. სასურველია, ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ისეთი კოდექსი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ შეიცვლება, თორემ ყოველ 2-3 თვეში ერთხელ კანონში ცვლილებების შეტანა სასურველ შედეგს ვერ მოგვიტანს. რატომ? - თუნდაც იმიტომ, რომ ხშირი ცვლილებები ბიზნესს არასტაბილურობის განცდას უქმნის და ძალიან დიდ უხერხულობას იწვევს. კოდექსი უნდა ჩამოყალიბდეს როგორც ორგანული კანონი და თუ ეს გახდება ორგანული კანონი, ამით მას ხშირი ცვლილებებისაგან დავიცავთ. საბოლოოდ კი, ბიზნესმენებს უფრო მეტ სტაბილურობის განცდას შევუქმნით".

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე, თემურ მაისურაძე ამბობს, რომ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მაშინვე დაიწყება, როგორც კი სასესიო მუშაობა განახლდება, ანუ - სექტემბერში.

თემურ მაისურაძე: "პარლამენტი იმსჯელებს და გაითვალისწინებს ყველა გონივრულ შენიშვნას, რომელიც ამ კანონპროექტის ირგვლივ გამოითქმება. განხილვის დროს განისაზღვრება ვადაც, თუ როდის შევა ცვლილებები ძალაში. ვერავინ უარყოფს, რომ ბოლო წლებში ჩვენს მეწარმეებს ბევრი უსამართლო და დაუსაბუთებელი ჯარიმა დააკისრეს, ამიტომ თუ მათ ამნისტია შეეხება, ეს ძალიან კარგი იქნება. ერთადერთი შეკითხვა, რომელიც მე მაქვს და ვაპირებ პირადად დავუსვა ბატონ ნოდარ ხადურს, ეს არის - რატომ მაინც და მაინც 2009 წლამდე? ასეთი რამ 2010-შიც ხდებოდა, 2011-შიც და 2012-შიც. ჩვენს ეკონომიკას სჭირდება რაც შეიძლება მეტი ცოცხალი და მოქმედი სუბიექტი, აქედან გამომდინარე, შეღავათებსა და ამნისტიას ყოველთვის მოვიწონებ. ამავე დროს, არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კანონის ხშირი ცვლა არ შეიძლება: თუ საგადასახადო კოდექსი უკეთესობისაკენ მიდის, ეს ცუდი არ არის. რა თქმა უნდა, უმჯობესია, გამართული და დახვეწილი საგადასახადო კოდექსი გვქონდეს, რომელსაც ხშირად არ ცვლიან, მაგრამ ასე არ არის. თანაც, ჩვენთან პროცესები ძალიან სწრაფად იცვლება, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ და თანდათან უნდა დავუახლოვოთ ჩვენი საგადასახადო სისტემა ევროპულ სტანდარტებს. რაც ყველაზე მთავარია, ეს ჯანმრთელი ცვლილებებია და იმედი მაქვს, რომ მათი წყალობით ჩვენი საგადასახადო კოდექსი უფრო სამართლიანი, უფრო ჰუმანური გახდება.

ხათუნა ჩიგოგიძე