გვალვა კახეთში: მზესუმზირები მზეს ვეღარ უმზერენ

დედოფლისწყაროსა და სიღნაღში მოსავლის დიდი ნაწილი სიცხემ გაანადგურა.

სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგს ორივე რაიონში გვალვამ პრობლემა შეუქმნა. შირაქში რამდენიმე თვეა წვიმა არ მოსულა. განსაკუთრებით დაზარალდნენ მეურნეები, ვისი ნაკვეთებიც არ ირწყვება.

ვაჟა ბეგიაშვილი: "ორი წლის ჩაყრილი ვაზი გამიხმა. რომ ვუყურებ, ვაზი მიწად როგორ იქცა, სიკვდილს ვნატრობ. თავსხმა წვიმაც რომ მოვიდეს, ისიც აღარ უშველის, მკვდარს რაღა გააცოცხლებს... ზაფხული ისე ილევა, წვეთი არ ჩამოვარდნილა. მთავრობა თუ არ წამოგვეშველა, წლები დაგვჭირდება წელში გასამართად. არადა, რომ არაფერს გვეუბნებიან?!"

გიგა ცაბუტაშვილი: "მთელი წელი ვენახს შვილივით ვუვლით, რაც კი რამე გვაბადია, ყველაფერს მის მოვლაში ვხარჯავთ. ჩასაბარებელი კი არა, საჭმელი ყურძენიც აღარ გვექნება...

მთელი წელი რითი უნდა ვიარსებოთ?! შვილიშვილი მყავს სტუდენტი, გულს ისიც მიკლავს, სწავლის საფასურს რომ ვერ გადავიხდით".

ელიკო გელაშვილი:

"რა გვეშველება, არ ვიცით. ორი ჰექტარი ვაზი სულ გადაგვიხმა. მთელი წელი, რაც მის მოვლაში ფული დავხარჯეთ, იმას ვინღა ჩივის... ამ ხნის ქალი ვარ და ჯერ არ მინახავს, ვაზი ასე გამხმარიყო. ახლა ყურძენს აღარ ვტირით, ვაზი გვიკლავს გულს, რომელიც ჩვენი ხელით უნდა ამოვყაროთ... გაშენებას შევძლებთ თუ არა, ეს უკვე ღმერთმა იცის. ისეთ დღეში ვართ, რომ სიკვდილს ვნატრობთ".

შოთა მნათობიშვილი პროფესიით აგრონომია, დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოდან გახლავთ და, როგორც ამბობენ, რაიონში ყველაზე კარგი ქერის, ხორბლისა და, მზესუმზირის მოსავალიც მას მოჰყავს. ამიტომ რჩევისთვის ბევრი აკითხავს და ისიც გამოცდილებას ყველას უზიარებს. ამჯერად ბატონ შოთას მზესუმზირის კულტურაზე, მის მოვლა-მოყვანაზე ვესაუბრეთ, თუმცა, ხელთ გულგატეხილი ფერმერი შეგვრჩა, რომელსაც წლეულს გვალვამ მოსავალი გაუნადგურა.

- 1995 წლიდან ფერმერი გახლავართ. მეურნეობა 4 ჰექტარიდან დავიწყე, ახლა 300-დან 400 ჰექტარზე სამ მარცვლეულ კულტურას (ხორბალი, ქერი, მზესუმზირა) ვთესავ...

წელს დედოფლისწყაროში მზესუმზირის მოსავალი ათასობით ჰექტარზე გადახმა და განადგურდა. სამი თვეა, ციდან წვეთი არ ჩამოვარდნილა... არადა, მზესუმზირა უპრობლემო კულტურაა, ნიადაგიდან დიდი კვება და სასუქები არ სჭირდება. მისი მოსავლიანობა ძირითადად, ამინდსა და ნიადაგის დამუშავებაზეა დამოკიდებული. პირველ რიგში ნიადაგი უნდა დამუშავდეს. შემდეგ დათესვისთანავე ვფარცხავთ, რომ მიწა კარგად მოსწორდეს. როგორც კი ყლორტი ამოიწვერება, ისევ დავფარცხავთ, რადგან მზესუმზირასთან ერთად შეიძლება წვრილი ბალახი და სარეველა წამოვიდეს და ძირითადი კულტურა დაჩაგროს. ამასთან, დაფარცხვა ნიადაგის გასაფხვიერებლად არის საჭირო და მზესუმზირასაც ტენიანობას უნარჩუნებს. ზემოდან მიწაწაყრილი ნედლი ყლორტები მესამე დღეს მიწიდან თავს ისევ წამოყოფს.

- რამდენ ხანში იზრდება მზესუმზირა და რომელ თვეშია ხელსაყრელი მისი დათესვა?

- წინა წლებში აპრილში ვთესავდი და კარგი შედეგი არ მქონდა - კელაპტარა ანადგურებდა. კელაპტარა მავნე პარაზიტია, რომელიც სარეველებსაც კი ვნებს. პირდაპირ მცენარის ფესვზე სახლდება და მისგან საკვებ ნივთიერებებსა და წყალს იწოვს, მზესუმზირას კი მთლიანად სპობს, არაფერი შველის. ამ პარაზიტთან ბრძოლა ძნელია, ამიტომ მას მცენარის "კიბოსაც" კი უწოდებენ. დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ აპრილში დათესილ მზესუმზირას მეტად უჩნდებოდა ეს საშინელება და თესვა მაისის ბოლოსთვის გადავიტანე. ამ დროისთვის თუ მაინც გაუჩნდებოდა, მაშინვე ქრებოდა და მცენარეს ვერაფერს უშავებდა. ამ მეთოდმა გაამართლა.

- მოსავალს დათესვიდან რამდენ ხანში იღებთ?

- დათესვიდან 110-120 დღე სჭირდება. მოსავალს სექტემბრის შუა რიცხვებში ვიღებთ. როდესაც მზესუმზირა ასაღებად მზად არის, თავი მთლიანად უხმება, გარშემო გვირგვინის ფურცლები სცვივა. ამას მარცვლობის პერიოდი ჰქვია. მარცვლები მსხვილდება და თავიც იზრდება. ამის შემდეგ უნდა ავიღოთ, თორემ ხმობას დაიწყებს. ნაკვეთს რომ გახედავ და 70% გადამხმარია, 30% კი მწვანედ იყურება, მოსავალი მაშინ უნდა აიღოთ.

- როგორ იღებთ მას?

- რადგან ასობით ჰექტარია, კომბაინი გვჭირდება. ხელით აღებას მთელი სოფლის მოსახლეობაც არ ეყოფა. ჩემს ბრიგადაში 12 კაცია, რომლებიც ტრაქტორზეც მუშაობენ, კომბაინზეც, თესავენ, ფარცხავენ, კულტივაციას უკეთებენ ნიადაგს და სხვ.

- წლეულს მზესუმზირა გვალვამ გაახმო. სარწყავი სისტემა არ გაქვთ?

- სარწყავი სისტემა არ გვაქვს და ჩვენი უბედურებაც სწორედ ეს არის...

- მდინარე ხომ გაქვთ?

- ალაზანი ჩვენგან 7 კილომეტრშია, მაგრამ ისე მაღლა ვართ, რომ იქ სარწყავი წყლის აყვანას დიდი თანხა სჭირდება. ამას მარტო ვერ შევძლებთ. დიდძალი ფულია საჭირო, რომ ეს საკითხი მთელ შირაქში მოწესრიგდეს. წლეულს დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში მზესუმზირის მოსავალი ჩავარდა. გვალვამ ყველაფერი გადაახმო და მოსავლის 90% განადგურდა. მათ შორის, ქერისა და ხორბლის მოსავალიც...

- კარგი მოსავლიანობისას მზესუმზირას უხვად იღებთ?

- კარგი მოსავლიანობისას, დაახლოებით 2 ტონამდე გამოდის.

- ზეთს თუ ხდით?

- ჩვენ მზესუმზირას ზეთად არ ვამუშავებთ, უბრალოდ, კულტურა მოგვყავს. ამის სპეციალისტები ცალკე არიან. ზეთსახდელები ბოდბესა და მაღაროშია.

- მოსავალს სად და როგორ ყიდით?

- ადგილზე, ჩვენსავე ნაკვეთში. გვაქვს საწყობებიც.

- 1 კილოგრამში რას გიხდიან?

- 80 თეთრიდან 1 ლარამდე. საზეთე მზესუმზირა ნაკლები ღირს - 70-80 თეთრი.

რით დაეხმარება სახელმწიფო უმოსავლოდ დარჩენილ კახეთის რეგიონს? როგორც სახელმწიფო კანცელარიაში გვითხრეს, მას შემდეგ, რაც კახეთში ზარალს დაითვლიან, სახელმწიფო შეიმუშავებს დაზარალებულების დახმარების გეგმას.

ჩვენ დავუკავშირდით კახეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ირაკლი შიოლაშვილსაც:

- ყველაზე მეტად სიღნაღის რაიონი დაზარალდა. სახელმწიფომ უკვე დაიწყო ათეული წლების წინ მოშლილი სარწყავი სისტემის აღდგენა. გვალვამ და სეტყვამ ეს რეგიონი განსაკუთრებით დააზარალა. მთავრობამ უკვე გამოყო 20 მილიონ ლარზე მეტი და შევიძინეთ სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე დანადგარები. ახლა სარადარო სისტემები კეთდება. დაიწყება გასარწყავიანება და მთლიანად დავფარავთ იმ ტერიტორიებს, სადაც ამის მოთხოვნილებაა.

კომპლექსურად უნდა მოვახდინოთ იმ პრევენციების გატარება, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს რისკებს. შემოგვაქვს სახელმწიფო დაზღვევის სისტემა. დაზღვევით, სეტყვის საწინააღმდეგო სარადარო სისტემებითა და გასარწყავიანებით მინიმუმადე შემცირდება ფერმერის რისკი.

ლალი ფაცია, თორნიკე ყაჯრიშვილი

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”