"ახლა მე ვარ ჩვენი მეურნეობის თავკაცი"

"ბავშვობიდან მიჩვეული ვართ შრომას. ვიცი შრომის ფასი, რისთვისაც ჩემი მშობლების უსაზღვროდ მადლიერი ვარ"

21 წლის ფერმერი ქალის სახელი, რომელიც დარჩელში დიდ მეურნეობას უძღვება, უკვე გასცდა სამეგრელოს. ზოგი არჩევანს უწონებს, ზოგს მისი შემართება აკვირვებს, ზოგიც მხრებს იჩეჩს: ამისთანა ოჯახის შვილს რა გასაჭირი აქვს, სოფელში მიწას რომ ამუშავებსო. მარი კოდუა კი ამბობს, რომ სოფლისა და მიწის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და მეურნეობის კიდევ უფრო გაფართოებას აპირებს.

მარი კოდუა, ფერმერი: "სპეციალობით ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯერი ვარ. ჩემი ოჯახი 1985 წლიდან ფერმერულ საქმიანობას მისდევს, მათ შორის, მეფუტკრეობას, მემცენარეობას, მეცხოველეობასა და მეთხილეობას. შემდეგ ქვეყანაში სახელმწიფო მოწყობა რომ შეიცვალა, ჩემმა მშობლებმა შპს დააარსეს და 17 ჰექტარ ფართობზე თხილის პლანტაცია გააშენეს. 2001 წელს თხილის გადამმუშავებელი ქარხანაც ავაშენეთ და მოწეული მოსავალი, ძირითადად, ექსპორტით გაგვაქვს ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში. ყოველწლიურად 300 ტონაზე მეტი გარჩეული თხილის ექსპორტს ვახდენთ. ექსპორტირებული პროდუქციის ნაწილი ჩვენს პლანტაციაში მოწეული მოსავალია, ნაწილს კი მოსახლეობისგან ვიბარებთ.

ბავშვობიდან ყოველთვის ჩართული ვიყავი ამ საქმეში და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, მშობლების დაწყებული საქმე გამეგრძელებინა. იჯარით ავიღეთ 273 ჰექტარი მიწა, სადაც ნაწილზე ისევ თხილი გავაშენეთ, ნაწილს სახნავ-სათესად ვიყენებთ, ნაწილზე კი ტყის საფარია. სახნავ-სათეს ფართობზე დავთესეთ სიმინდი და სილოსის წარმოებას ვაპირებთ.

bpn

სიმინდის სილოსი საქართველოსთვის, ფაქტობრივად, ინოვაციური პროდუქტია, რადგან აქ მისი ვაკუუმური შეფუთვა არ ხდება. არადა, დღეს მეცხოველეობის განვითარება ამ პროდუქტის გარეშე ძნელად წარმოსადგენია. ვაკუუმურად შეფუთული სიმინდის სილოსი ხანგრძლივად შენახვის დროსაც ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. მარტივად რომ ვთქვათ, ნედლ სიმინდს დავაქუცმაცებთ და ვაკუუმურად შევფუთავთ.

- მეთხილეობისა და მიწათმოქმედების გარდა, მეურნეობაში კიდევ რამდენიმე მიმართულება გაქვთ?

- მომთაბარე მეფუტკრეობასაც ვეწევით. მაშინ, როცა ბარში ფუტკრისთვის საკმარისი საკვები არ არის, ფუტკარი სვანეთში მიგვყავს. ყოველწლიურად დაახლოებით 2 ტონამდე თაფლს ვიღებთ. ადგილობრივ ბაზარზე თაფლის გაყიდვა ჭირს, საერთოდ კი წელიწადში 400-500 კილოგრამი თაფლის გაყიდვას ვახერხებთ. მართალია, ახლა ქართული თაფლისთვის ევროპული ბაზარი იხსნება, მაგრამ არსებულ პირობებში გაჭირდება ევროკავშირის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება.

- როგორია შენი ერთი სამუშაო დღე?

- აგვისტოში თხილის მოსავალს ვიღებთ და ბევრი საქმე გვაქვს. დილის 6 საათზე უკვე პლანტაციაში ვარ. მოსავლის შესაგროვებლად დაახლოებით 80-100 კაცი გვყავს დასაქმებული. დილით მუშების ნაწილი ჩემი მანქანით მიმყავს პლანტაციაში. B და ჩ კატეგორიის მართვის მოწმობა მაქვს და ვაპირებ, D კატეგორიაც ავიღო - 16-ადგილიანი ავტომობილით უფრო მეტი ადამიანის გადაყვანას შევძლებ. კარგად ვმართავ ტრაქტორსაც.

ტომრებში მოთავსებულ მოსავალს მუშებთან ერთად ვწონი. შემდეგ თხილი საწყობში გადაგვაქვს, საღამოს ჩენჩოსგან ვარჩევთ და საშრობებში მიგვაქვს. აგვისტოში დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათი მძინავს.

- სხვა საქმეებისთვისაც იცლი?

- სიმინდის ყანა და თხილის პლანტაციები ერთმანეთის გვერდით არის და ორივესთვის ვახერხებ ყურადღების მიქცევას. და-ძმაც ჩემ გვერდით არიან და საქმეს ვინაწილებთ.

bpn

მეცხოველეობასაც მივდევთ, 20 სული ძროხა გვყავს. ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს უფასოდ ვასადილებთ და რძის პროდუქციას ამისთვის ვიყენებთ.

დაახლოებით 1 ჰექტარზე გვაქვს თევზის სატბორე მეურნეობაც. მის ნაპირას გავაშენეთ ხილი, კენკროვანები და დეკორატიული მცენარეები და ტერასა მოვაწყვეთ. დაახლოებით 5 წელიწადში ძალიან ლამაზი ბაღი იქნება, სადაც მინდა, აგროტურიზმისთვის ხელსაყრელი ზონა მოვაწყო. იქვე მდინარე ენგური მოედინება, სადაც კოტეჯებსა და კაფეს ავაშენებ.

- არ უკვირთ, როცა გხედავენ, 21 წლის გოგონა რომ სოფლის მეურნეობით ხარ დაკავებული?

- ხშირად გამიგონია, ამისთანა ოჯახის შვილს რა გასაჭირი აქვს, ფიზიკურად რომ მუშაობსო. ჩვენ ბავშვობიდან მიჩვეული ვართ შრომას. ვიცი შრომის ფასი, რისთვისაც ჩემი მშობლების უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

- აგრარული განათლება არ მიგიღია და ამ დარგში ცოდნას როგორ იძენ?

- თხილის წარმოებაზე მშობლებისგან თითქმის ყველაფერი ვიცოდი. სიმინდის სილოსის წარმოებაზე კი ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიე, სხვადასხვა პროექტს გავეცანი და ფერმერებსაც დავუკავშირდი. ვაპირებ, უფრო საფუძვლიანი ცოდნა მივიღო აგროსექტორში და მაგისტრატურა დავამთავრო.

- გამოდის, ოჯახმა მეურნეობის გაძღოლა გადმოგაბარა?

- ახლა მე ვარ ჩვენი მეურნეობის თავკაცი.

ემა ტუხიაშვილი

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"