სურსათით მოვაჭრე მაღაზიებს ახალი ვალდებულებები დაეკისრებათ

თუ მაღაზია ვერ წარმოადგენს მიღებული პროდუქციის მიკვლევადობის დოკუმენტაციას, ის შესაბამისი სანქციებით დაჯარიმდება.

პირველი სექტემბრიდან, ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებას. ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ჩნდება ახალი, 28 ქვეყნის პოტენციური საბაზრო სივრცე, რომელში მოსახვედრადაც ქართულ პროდუქტს უამრავი კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევს.

ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ევროკავშირის დირექტივების მიხედვით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, სურსათის უსაფრთხოებაა. ქართული სურსათის კონტროლის მექანიზმები ჯერ სუსტია. მაგალითად, ფიზიკური პირებისა და კერძო მეურნეობების წარმოების პროცესის კონტროლი 2020 წლამდე შეჩერებულია. ეს კონტროლი უშუალოდ, ოჯახურ გარემოში წარმოებულ პროდუქციას ეხება. ასეთი პროდუქციის რეალიზაცია აქტიურად ხდება სხვადსახვა სავაჭრო ქსელების თუ გარემოვაჭრეების საშუალებით. Bpn.ge დაინტერესდა, რა ეტაპზე კონტროლდება კერძო მეურნეობებში წარმოებული პროდუქცია და არის თუ არა მომხმარებელი დაცული, როცა ის გლეხური წარმოების პროდუქტს იძენს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების" მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი, ლია თოდუა აღნიშნავს, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს უვნებელი სურსათი და გლეხური მეურნეობების კონტროლის ამდენი ხნით გადადება არ არის გამართლებული. ”მაგალითად, ადგილობრივ ბაზარზე წარმოადგენილი ყველის ფაქტობრივად 90 % გლეხურ მეურნეობებშია წარმოებული. თუნდაც ამ კონკრეტული პროდუქტის უვნებლობის უზრუნველყოფა გადადებულია 2020 წლამდე. იმის იმედად ყოფნა, რომ ყველა გლეხური მეურნეობა დარეგისტრირდება, როგორც იურიდიული პირი, და ეს პრობლემა თავისით ამოიწურება, რა თქმა უნდა, არარეალურია”,- ამბობს ლია თოდუა.

რესპონდენტის თქმით, ასევე პრობლემური თემაა მცენარეული პროდუქტების საკითხი, რადგან არ კონტროლდება ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მოყვანის პროცესი. მომხმარებელი იძენს ბოსტნეულს და არ იცის, რა შხამქიმიკატები იქნა გამოყენებული მათი მოყვანის დროს და რამდენად უსაფრთხოა ეს პროდუქცია.

სურსათის ეროვნული საგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი, კახა სოხაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით სურსათი არის ნაყოფი მოკრეფის შემდეგ. ანუ, წარმოების პროცესში ნაყოფის კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს მოვალეობებში არ შედის. ”სააგენტო ნაყოფს მოკრეფის შემდეგ აკონტროლებს. ვიღებთ ნიმუშებს სხვადსხვა სარეალიზაციო ქსელიდან და ვიკვლევთ სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების შემცველობას. მაგალითად, ამ ეტაპზე ნიტრატების შემცველობის კვლევას ვახორციელებთ. მალე დავიწყებთ პესციდიტების შემცველობაზე კვლევებსაც”,-აღნიშნავს კახა სოხაძე.

მისივე თქმით, სავაჭრო ქსელები აქტიურად კონტროლდება, რაც მომხმარებლის უსაფრთხოებას იცავს. ”მაღაზიებში კონტროლი ხდება, რადგან მათ პირდაპირი ვალდებულება აქვთ, რომ ჰქონდეთ უვნებელი სურსათი. ისინი ვალდებულები არიან შემუშავებული ჰქონდეთ კონტროლის მექანიზმები, რომელიც გამორიცხავს მავნე სურსათის რეალიზებას. მაღაზიებს უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეთ მიკვლევადობა (სურსათის, ცხოველის საკვების, მათში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების ან სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყოველ ეტაპზე). 2015 წლის 1 იანვრიდან უკვე ძალაში შედის საჯარიმო სანქციების ამოქმედდება. თუ მაღაზია ვერ წარმოადგენს მიღებული პროდუქციის მიკვლევადობის დოკუმენტაციას, ის შესაბამისი სანქციებით დაჯარიმდება”,-აღნიშნავს კახა სოხაძე.

რაც შეეხება ცხოველური წარმოშობის პროდუქციის კონტროლს, კახა სოხაძის თქმით, ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად ქართულ კანონმდებლობაში შემოდის ახალი ტერმინი - აღიარება. ის, ვინც ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის რეალიზებას ან გადამუშავებას, ვალდებულია გაიაროს პროცედურები, რომლის შემდეგაც მას მიენიჭება ინდივიდუალური ნომერი, ინდივიდუალური კოდი. ამის შემდე მიეცემა მას უფლება, ბაზარზე განათავსოს თავისი პროდუქცია. თუმცა აღნიშნული პროცედურა გრძელვადიანია და ერთი წლის ვადას გულისხმობს.

თუმცა მანამ, სანამ კონტროლის მექნიზმები დახვეწის პროცესშია, ლია თოდუა მომხმარებელს ურჩევს განსაკუთრებული სიფრთხილით შეიძინონ ნებისმიერი სურსათი. გამომდინარე იქიდან, რომ კერძო მეურნეობებში პროდუქტის წარმოების პროცესი ვერ კონტროლდება, მომხმარებელმა თავი უნდა აარიდოს არარეგისტრირებული მწარმოებლის მიერ წარმოებული პროდუქტის შეძენას. ”არ შეიძინოთ გაურკვეველი წარმოშობის სურსათი, შეიძინეთ რეგისტრირებული ფირმების პროდუქცია. ჩვენ მაღაზიებსაც ვაფრთხილებთ, პროდუქტი მიიღონ რეგისტრირებული ფირმებისგან. იქნება ეს იურიდიული პირი თუ ინდმეწარმე. როდესაც ვინმე მაღაზიაში პროდუქტს აბარებს, მას უნდა ჰქონდეს მიკვლევადობის დოკუმენტაცია,”-ამბობს ლია თოდუა.

თამარ კორკოტაშვილი