”მომავალი წლისთვის პენსიების გაზრდის არანაირი შანსი არ არსებობს”

"ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა მცირე და საშულაო ბიზნესისთვის, რომელსაც სერიოზული დახმარება სჭირდება"

ახალი ხელისუფლება უკვე ორი წელია ქვეყნის სათავეშია. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე სახელმწიფო პროექტისა და ინიციატივის ხორცშესხმა მოხერხდა, თუმცა შეუსრულებელიც ბევრი დარჩა. შეძლო თუ არა ხელისუფლებამ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა - bpn.ge-მ ეკონომისტებს მთავრობის მუშაობის შეფასება სთხოვა.

დემურ გიორხელიძე ხელისუფლების საქმიანობის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს და აღნიშნავს : ” კარგია, რომ დღეს ბიზნესი ”შეშინებული” არ არის, და ის საშინელება, რაც ხდებოდა - ქონების, ბიზნესის წართმევა, დატერორება, განუკითხავი დაპატიმრება - არ ხდება, რაც ცოტა ნამდვილად არ არის”.

მისი თქმით, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ჯანდაცვის სფეროში და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საგარეო პოლიტიკა აგრესიული არ არის და დღეს ხელისუფლება არ აღიზიანებს მოსახლეობას. ” ადრე აგრესიული პოლიტიკა ჰქონდა სახელმწიფოს და ამან ქვეყანას დააკარგინა როგორც ტერიტორიები, ისე გავლენა მთელ რეგიონში,” - აღნიშნავს დემურ გიორხელიძე.

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, მისი თქმით, მთავარი ამოცანა, რომელიც ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას გულისხომობს, ჯერ კიდევ შესასრულებელია. ” ამაზე დიდი ამოცანა დღეს ქვეყანაში არ არსებობს, რადგან თუ აქ შედეგები არ იქნება, ვერც ერთი დაპირება ვერ შესრულდება. ამიტომ ეს საკითხი რჩება სამთავრობო პოლიტიკის აქილევსის ქუსლად”, -აღნიშნავს დემურ გიორხელიძე.

ეკონომიკის ექსპერტის აზრით, მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეა ისიც, რომ ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა მცირე და საშულაო ბიზნესისთვის, რომელსაც სერიოზული დახმარება სჭირდება. გიორხელიძე ფიქრობს, რომ საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის, პროგრამების შექმა, ასევე მნიშვნელოვანია საბანკო სისტემის ალტერნატივების შემუშავება ბიზნესისთვის. ”მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება, რადგან სწორედ ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც დასაქმების მათავარი ტალღა უნდა იქნას მიმართული”,-აღნიშნავს დემურ გიორხელიძე.

ექსპერტი მცირე საპენსიო დანამატებსაც განიხილავს და დასძენს, რომ ეს დადებითი მოვლენა იყო, თუმცა, მისივე თქმით, იგივეს პროგნოზირება მომავალი წლისთვის შეუძლებელია: ”მომავალი წლისთვის პენსიების გაზრდის არანაირი შანსი არ არსებობს, იმიტომ, რომ ამისთვის არანაირი რესურსი არ აქვს სახელმწიფოს”.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია უარყოფით მხარეებზე საუბრისას ეკონომიკის ზრდის შეფერხებას და უმუშევრობის პრობლემას გამოყოფს: ”ვერ მოხდა გარღვევა ეკონომიკის ზრდაში, უმუშევრობაში... ბევრი რამ ვერ გაკეთდა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. შეფერხდა ტენდერების ჩატარება და პროექტების განხორციელება”,-აღნიშნავს ემზარ ჯგერენაია.

თუმცა ექსპერტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჯანდაცვის დაზღვევის კუთხით. როგორც ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხრიდან საფინანსო სფეროს მხარდასაჭერად განხორციელებული მიდგომებია.

ექსპერტები ფაქტობრივად თანხმდებიან პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისას და აღნიშნავენ, რომ კერძო სექტორისთვი კონკურენტული გარემოს შექმნას, ადამიანური რესურსების განვითარებას, ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი ფულადი რესურსების უზრუნველყოფას, ქვეყნის განვითარებისთვის ალტერნატივა არ მოეპოვება.

თამარ კორკოტაშვილი