გირჩის რთველი დაიწყო

”გირჩის მოსავლის აღებაში რამდენიმე სოფელი ვმონაწილეობთ, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიან”

ამბროლაურის რაიონში გირჩების რთველი გრძელდება. სეზონი სექტემბრის ბოლოს დაიწყო და შუა ნოემბრამდე გასტანს. წლეულს მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, ნაკლებია, რაც სეზონურობითაა გამოწვეული. მიუხედავად ამისა, წლევანდელი სეზონი პრობლემების გარეშეა და დასაქმებულებიც მეტ-ნაკლებად კმაყოფილნი არიან. რაჭული სოჭის თესლის ექსპორტს უკვე ათ წელზე მეტია, რამდენიმე დანიური, გერმანული და სხვადასხვა ევროპული კომპანია ეწევა.

სოფელ თლუღში გირჩის უნიკალური თესლია. აქედან მიღებული თესლით უცხოური კომპანიები სეზონზე ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს იღებენ.

ყურძნის რთვლისგან განსხვავებით, გირჩის დიდი მოსავალი ჭარბწარმოებასთან არ არის დაკაშვირებული - ბაზარზე მუდმივად ერთი და იგივე მოთხოვნაა. ლიცენზიანტების განცხადებით, წელს გირჩის დაკრეფა გაცილებით იოლია და 1 კგ 1 ლარი ღირს. თითოეული თესლიდან გაზრდილი ნაძვის ხეები კი საახალწლოდ ევროპის ქვეყნებში, საშუალოდ, 30 ევროდ იყიდება.

აქაური სოჭების უნიკალობაზე რაჭველებიც ბევრს ჰყვებიან. გასული საუკუნის დასაწყისში თლუღის ტყეში ხანძარი გაჩენილა. ტყე თითქმის მთლიანად დამწვარა და ”ამ ადგილის ტოლ-სწორად წამოსული ამონაყარი”, დაახლოებით 50 წლის შემდეგ სოჭის ტყედ ქცეულა.

თლუღში ფიჭვისებრთა ოჯახის ქართული წარმომადგენელი - კავკასიური სოჭი ხარობს, რომელიც შეუფასებელია მათთვის, ვისაც საახალწლოდ ”ცოცხალი” ნაძვის ხის მორთვა უყვარს. რაჭაში მოყვანილ კავკასიურ სოჭს განსაკუთრებული, ვერცხლისფერი შეფერილობა და სიმეტრიული, იარუსებიანი ფორმა აქვს.

ეს ჯიში ნორდმანის სოჭის სახელითაცაა ცნობილი და ძირითადად, კავკასიაში ხარობს. ნორდმანის ჯიში, სოჭის სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, უფრო მალე იზრდება - 6-7 წელიწადში მათი საშობაო ნაძვის ხეებად გაყიდვა შეიძლება. სეზონზე მოპოვებულ, მომწიფებულ ერთ ჯანსაღ გირჩში დაახლოებით 25 ცალი თესლია. შარშანწინ მხოლოდ ამბროლაურში 700 ტონაზე მეტი გირჩის მოპოვება იყო შესაძლებელი. სოჭის თესლი, ძირითადად, დანიაში იგზავნება. ეს ქვეყანა კი წელიწადში მილიონობით საშობაო ნაძვის ხეს მთელ ევროპაში ყიდის. ათწლეულების განმავლობაში ნაძვის ხეების ინდუსტრია დანიის ეროვნულ ბიზნესად იქცა.

ბოლო 10 წელიწადში საქართველოდან აშშ-სა და ევროპის რვა ქვეყანაში ექსპორტის სახით სამ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების გირჩის თესლი გავიდა. მსოფლიოს 17 ქვეყნიდან კი საქართველოში 30 მილიონი ლარის საშობაო ნაძვის ხე შემოვიდა.

მეწარმე მურმან ქევანიშვილი ამბობს, რომ სეზონი 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. მისი თქმით, მოსავლის დიდი ნაწილი დაიკრიფა და დამზადების პროცესშია, სავარაუდო მოცულობას ის ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

”ჩვენი პრობლემა ის არის, რომ უცხოურ კომპანიებთან შედარებით, არასახარბიელო მდგომარეობაში ვართ. ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ლიცენზია აუქციონის წესით გაიყიდა და საუკეთესო ადგილები უცხოელების ხელში აღმოჩნდა. ისე გამოვიდა, რომ რაც ლიცენზიაში გადავიხადეთ, იმ თანხასაც ვერ ვიღებთ. სამაგიეროდ, გვაქვს სახელმწიფოს დიდი მხარდაჭერა, გუბერნატორმა ორჯერ ჩაატარა თათბირი, მაქსიმალურად გვიდგას მხარში, რაც ჩვენი საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება. წლევანდელი სეზონი პრობლემების გარეშეა, გირჩის რთველი ბევრ ადამიანს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. სხვადასხვა რეგიონიდანაც ჩამოდიან. მოსავალი ჯერ დამუშავების პროცესშია, რის გამოც მისი სავარაუდო რაოდენობა არ ვიცით. შარშანდელზე ნაკლებია და შარშანწინდელზე - მეტი, ასეა მეწლეობიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ვფიქროთ, რომ სეზონი კარგად დასრულდება, სარგებელს გლეხიც ნახავს, ბიზნესმენიც და სახელმწიფოც და ეს არის მნიშვნელოვანი”, - ამბობს მურმან ქევანიშვილი.

იმ ტერიტორიებზე, სადაც გირჩებს აგროვებენ, გარემოს დაცვის სამინისტრო კვოტებს ადგენს - თუ რომელ მონაკვეთზე, რომელ კომპანიას, რამდენი ტონა გირჩის მოკრეფა შეუძლია. ეკონომიკის სამინისტრო კი ამ კვოტების მიხედვით, აუქციონს ატარებს და ლიცენზიებს გასცემს. გირჩები ქვემოთაც ყრია, მაგრამ თუ 30-40 მეტრის სიმაღლის ნაძვის კენწეროზე ახვალ, მეტ მოსავალს მოაგროვებ.

გირჩის თესლის შეგროვება აქაურებისთვის უკვე დიდი ხანია, შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გირჩის რთველის მიმართ მოსახლეობაში განსაკუთრებული მოლოდინია, ეს სეზონური დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობაა, რითაც რეგიონი განებივრებული არ არის.

”გირჩის მოსავლის აღებაში რამდენიმე სოფელი ვმონაწილეობთ, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიან. ეს დასაქმების საუკეთესო საშუალებაა. ვცდილობთ, ერთმანეთს არ ჩამოვრჩეთ და ოჯახს შემოსავალი შევმატოთ. ადრე ამ პროცესში მთელი სოფელი მონაწილეობდა, ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. სიცოცხლისთვის საშიში სამუშაოა და ამის გამო ასაკოვანი ადამიანებისთვის აქ დასაქმება დიდ რისკს უკავშირდება. ფაქტობრივად, 40 მ სიმაღლეზე გვიწევს ასვლა და გირჩის კრეფა, მარტივი არ არის. მთავარია, სამუშაო გვქონდეს და ამ რისკს უფრო გაბედულად გავწევთ.

წლების წინათ ჩვენი სოფლიდან ათობით ადამიანი ჩადიოდა თლუღში გირჩის საკრეფად, ახლა სულ 2 კაცი ვართ, ვინც იქ დასაქმება შეძლო, თუმცა ახლომახლო სოფლების მოსახლეობისთვის ეს გაცილებით ადვილია”, - ამბობს ლაშა მდივნიშვილი, სოფელ გორისუბნის მკვიდრი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”