იმპორტირებული კვერცხი საზღვარზე მხოლოდ ვარგისიანობაზე მოწმდება

ადგილობრივი მეფრინველეობა იმპორტის გამო იჩაგრება

მეფრინველეობის განვითარება საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ცნობილია, რომ 1880-იანი წლებიდან მეფრინველეობის პროდუქტები საექსპორტოდ გაჰქონდათ პარიზში, ვენაში, ჰამბურგში, ბერლინსა და სხვა დიდ ქალაქებში, ხოლო 1898-99 წლებში ლონდონის ბაზარზე ქუთაისის გუბერნიიდან გაგზავნილ კვერცხს ხარისხით მეორე ადგილი ეკავა. მეფრინველეობა კიდევ უფრო განვითარდა საბჭოთა პერიოდში, განსაკუთღებით, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, თუმცა 1990-იან წლებში ეს დარგიც დაინგრა და ჩვენი მაღაზიები საზღვარგარეთიდან შემოტანილი უხარისხო ხორცითა და ვადაგასული კვერცხით აივსო.

”მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის” თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამტკიცებს, რომ ქართველ მეწარმეებს შეუძლიათ სრულად დააკმაყოფილონ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნილება ამ უმნიშვნელოვანეს პროდუქციაზე, მაგრამ ამისათვის ადგილობირივი წარმოების მხარდაჭერაა საჭირო. ”მოსაწონია, რომ ახლო მომავალში ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესებს კანონი დაიცავს. ”საზღვრის დაცვის ღონისძიებების შესახებ კანონი" ჩვენი ასოციაციის უშუალო ჩარევით შემუშავდა. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ საქონლისაგან თავის დაცვას, რომელიც საქართველოში ჭარბი ოდენობით იწარმოება”, - განაცხადა bpn.ge-სთან საუბრისას ზურაბ უჩუმბეგაშვილმა, რომელსაც ამ დარგში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ.

ზურაბ უჩუმბეგაშვილი: სასიხარულოა, რომ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა. როგორც ვიცი, ის ამ კვირაში მთავრობამ უნდა განიხილოს, ხოლო შემდეგ პარლამენტში შევა განსახილველად და დასამტკიცებლად. იმედია, ეს კანონი ოდნავ მაინც შეგვიმსუბუქებს მდგომარეობას, რადგან მეფრინველეობის დარგში უამრავი პრობლემაა დაგროვილი. წლების განმავლობაში, კერძოდ, 2009-დან 2012 წლის ჩათვლით, საქართველო ექსპორტიორი ქვეყანა იყო. მართალია, პროდუქცია შემოგვქონდა, მაგრამ კიდეც გაგვქონდა - ერაყში, სირიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, დღეს კი, მხოლოდ იმპორტიორები ვართ. ობიექტურად რომ ვთქვათ, უკან წავედით, რადგან ექსპორტის მაჩვენებელი ნულის ტოლია, ხოლო იმპორტი ჩვეულებრივად ხორციელდება. ხშირად გვეკითხებიან - შეძლებთ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებასო? - მე ვაცხადებ: ნაწილობრივ კი არა, სრულად შევძლებთ. ამის დასტურად ციფრებს მოვიყვან: საბჭოთა პერიოდში 5-6 დიდი ფაბრიკა მოქმედებდა, რომელსაც წარმადობა ჰქონდა ძალიან მაღალი, ხოლო დღეს 23 ბრენდირებული ფაბრიკა გვაქვს, რომელიც კვერცხს აწარმოებს. საქართველოში წელიწადში 500 მილიონ კვერცხს ვაწარმოებთ, რაც ჩვენი მოსახლეობისათვის საკმარისია. თანაც, ეს ოფიციალური საწარმოების მონაცემებია. აქ არ შედის სოფლის კვერცხი, რომელსაც ”ბებიების კვერცხსაც” ვეძახით და ამ ბაზრის 10-15% უკავია, ხოლო სადღაც 7-8% არაბრენდირებულ ფერმერულ მეურნეობებსა და მოსახლეობის კუთვნილ ნაწარმზე მოდის. დღესაც ადგილობრივი ბაზრის 85-87 პროცენტი ქართულ კვერცხს უკავია. არანაირი საშიშროება, რომ საქართველოს მოსახლეობას პროდუქციით ვერ მოვამარაგებთ, არ არსებობს.

- ამბობთ, რომ ადგილობრივ წარმოებას ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი ეღობება წინ. რომელს გამოყოფდით ამ ფაქტორებიდან?

- ყველაზე რთული ჩვენთვის ის არის, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ იმპორტი იყო წახალისებული. ამის გამო იძულებული გავხდით 2013 წელს ჩვენი წარმოება მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა. ძალზე რთულია, როდესაც პროდუქციას აწარმოებ და ვერ ყიდი, ვერსად გაგაქვს. თუ ეს კანონი ძალაში შევა, პირობას ვდებთ, რომ 4-5 თვის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნებს სრულად დავაკმაყოფილებთ. ბოლო წლებში მთავრობის პოლიტიკა იყო ისეთი, რომ ადგილობრივი წარმოება ითრგუნებოდა, სამწუხაროდ, ახლაც ასეა. ჩვენი ყველა ფაბრიკა 2-3 თვეში ერთხელ მოწმდება, სურსათის ეროვნული სამსახურისა და სხვა სამსახურების მიერ საკმაოდ მკაცრად კონტროლდება, თუ რამდენად შეესაბამება ჩვენი სანიტარულ-ჰიგიენური დონე დასაშვებ სტანდარტებს. ამ დროს იმპორტირებული საქონლის ხარისხს არავინ ამოწმებს და ყველაფერი მწარმოებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. იმპორტირებული კვერცხი საზღვარზე რომ შემოდის, მხოლოდ ვარგისიანობაზე მოწმდება, თორემ მისი ხარისხის დადგენა და ბოლომდე შემოწმება არ ხდება. არ კონტროლდება ფასი, რომელიც საკმაოდ დაბალია. არის თუ არა ეს დემპინგი - ამასაც არავინ ამოწმებს. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ჩვენი ვეტერინარული სამსახური ჩასული იყო უკრაინაში. 3 სექტემბერი იყო და იქ, ერთ-ერთი საწარმოს საწყობში აღმოაჩინეს 8 სექტემბრით დათარიღებული კვერცხი, ეს საწარმო კი დახურეს, მაგრამ სხვაგან რა ხდება, არავინ იცის. ჩვენ უფლება არა გვაქვს მოვითხოვოთ, რომ იმპორტირებული კვერცხი საზღვარზე საფუძვლიანად შეამოწმონ, ამ დროს, ქართველ მეწარმეებს ყველანაირად გვამოწმებენ და ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვიმყოფებით. საბოლოო ჯამში, იმპორტირებული პროდუქციის ხარისხი შეიძლება იყოს ძალიან დაბალი, მაგრამ იაფი და ამით უწევდეს კონკურენციას საქართველოში წარმოებულ მაღალი ხარისხის კვერცხს.

- სხვა ქვეყნებში როგორ აკონტროლებენ ამ სფეროს?

- ჩვენს მეზობელ თურქეთში, მაგალითად, კვერცხის შეტანაზე გადასახადი 108 პროცენტია, ჩვენთან კი - 12%, მარტო ეს 108 პროცენტი კი არა, 30-მდე სხვადასხვა სახის სერტიფიკატია საჭირო, რომ თურქულ ბაზარზე შეგიშვან. უმეტესობა ისეთია, რომ ვერც შეძლებ მის აღებას. სწორედ ამიტომაა, რომ თურქეთი ამ პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა და იქ ეს დარგი ფეხზე დგას. ეს ეხება არა მარტო კვერცხს, არამედ ყველა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმს. ბოლო 10 წელიწადში თურქეთმა ლამის ბრაზილიის დონეს მიაღწია, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა. ამას ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმიტომ, რომ უბრალო კანონის მიღებაც კი ძალიან იჭიმება დროში. ორი წლის განმავლობაში ერთი კანონპროექტის მიღება ვერ მოხერხდა, რომელიც ნამდვილი ხსნაა მეწარმეებისათვის. გატანით ვერსად გაგვაქვს იმიტომ, რომ წარმოება შემცირებულია, თუმცა სურვილიც რომ გვქონდეს, მაინც ვერსად შევიტანთ. ყველგან - რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, მეზობელ ქვეყნებში ისეთი ბარიერებია დაწესებული, რომ ჩვენი პროდუქცია ვერ შეგვაქვს. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქართული კვერცხი შედიოდა, იყო ერაყი, მაგრამ იქ იმდენად დაბალ ფასად უნდა შევიტანოთ, რომ აზრი არა აქვს. სიტყვიერად გვპირდებიან - დაგეხმარებითო, მაგრამ რანაირად დაგვეხმარებიან - 108 პროცენტს 50-მდე ხომ ვერ დაიყვანენ? რაც შეეხება იმპორტს, ვისაც არ ეზარება, თავისი ნაწარმი აქ ყველას შემოაქვს: მაგალითად, წელს დაფიქსირდა იმპორტი უკრაინიდან, მოლდოვადან, ბელორუსიდან, თურქეთიდან, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ დარგის დანგრევა მიზანმიმართულად მიმდინარეობს და არა მხოლოდ ამ დარგისა. ჩინოვნიკთა დაპირებები დაპირებებად რჩება, რეალობა კი - სულ სხვაა.

ხათუნა ჩიგოგიძე