სად მიდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები?

ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელზე არსებით გავლენას ვერ ახდენს

2009 წლიდან 2014 წლის პირველი ორი კვარტლის ჩათვლით, საქართველოში ჯამში დაახლოებით 4,859 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. 2009 წელს მისმა მოცულობამ 658 მილიონი დოლარი შეადგინა, 2013 წლის მონაცემებით კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 942 მილიონ დოლარს უტოლდება და წლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 6-8 %-ს შეადგენს.

ამ პერიოდში საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციები, განსაკუთრებულ კონცენტრაციას ეკონომიკის რამდენიმე სექტორზე ახდენდა. კერძოდ, მთლიანად განხორციელებული ინვესტიციების 16%-ზე მეტი დამამუშავებელ მრეწველობაში ჩაიდო. დაახლოებით ამ მოცულობით ინვესტიციები ხორციელდება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორშიც. ინვესტიციების 15% ენერგეტიკის სექტორის, 13% კი საფინანსო სექტორშია მიმართული.

საინტერესოა ისიც, თუ რამდენად ხდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მოწინავე დარგების განვითარება. 2009 წლიდან დღემდე, ფაქტობრივად, უცვლელია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის წილი ქვეყნის წარმოების სტრუქტურაში და ის საშუალოდ მთლიანი წარმოების 9-10%-ს შეადგენს. მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2,5% სტაბილურად ენერგეტიკის სექტორზე მოდის. ინვესტიციების მიმზიდველობის თვალსაზრისით, ერთადერთი სექტორი, რომელშიც ზრდა შეინიშნება დამამუშავებელი მრეწველობაა, რომლის წილიც მთლიან წარმოებაში 2009 წლიდან 2014 წლამდე 7%-დან 9,24%-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელზე არსებით გავლენას ვერ ახდენს და უმუშევრობის დონე ოფიციალური სტატისტიკით უკვე წლებია 14-16%-ის ფარგლებში მერყეობს.

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე Bpn-თან საუბრისას განმარტავს, რომ ამის მთავარი მიზეზი ინვესტიციების არასაკმარისი მოცულობაა: „თუ გადავხედავთ ბოლო წლების სტატისტიკას, საქართველოში წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოდის, თუმცა ეს განვითრების იმ დონისთვის, როგორშიც საქართველოს ეკონომიკა იმყოფება, არასაკმარისია და რეალურად ქვეყანაში ინვესტიციების დეფიციტია. ბოლო წლებია საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 5-6 %-ის დონეზე იგეგმება, უცხოური ინვესტიციებიც მხოლოდ ამის საშუალებას იძლევა და ასეთი დონის ეკონომიკური ზრდით, რთულია უმუშევრობის ან თუნდაც სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება. რეალური შედეგების მისაღებად წელიწადში საშუალოდ 1,8-2 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა საჭირო.

ინვესტიციების დეფიციტი თავის მხრივ სხვადასხვა ფაქტორებით არის განპირობებული, ერთი მხრივ, ეს თავად ინვესტორთა კონსერვატიულობის შედეგია, რომლებიც უფრო და უფრო დიდ სიფრთხილეს იჩენენ. მეორე მხრივ კი, ეს ქვეყნის შიდა ფაქტორებით არის განპირობებული - ფული იქ მიედინება, სადაც კომფორტულად გრძნობს თავს, საქართველო კი ამ მხრივ არსებული ბიზნესგარემოთი და საინვესტიციო პოლიტიკით მიმზიდველ ქვეყანას არ წარმოადგენს,“-აცხადებს კალანდაძე.

ინვესტიციების დეფიციტზე მიუთითებს მსოფლიო ბანკის ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვით 2009-2013 წლებში საქართველოში წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ მოსახლეობის ერთ სულზე 148-227 დოლარის ფარგლებში მერყეობს. დაახლოებით მსგავსი მაჩვენებელი აქვს სომხეთს. ალბანეთში ეს მაჩვენებელი 400 დოლარზე მეტია, ლიტვასა და ლატვიაში 200-700 დოლარის ფარგლებშია მოქცეული, ესტონეთისთვის კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1000 დოლარზე მეტს შეადგენს.

უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ნაკლებად მიმზიდველ სექტორებს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და თევზჭერა, ასევე სამთომომპოვებელი მრეწველობა.

ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, რომ ამ სექტორებში შემოსული ინვესტიციების სიმცირე თავად დარგების სპეციფიკით არის განპირობებული: “უცხოელებს არ აინტერესებთ საქართველოს სოფლის მეურნეობა, რადგან ის მომგებიანი სექტორი არ არის, მაღალია სამეწარმეო რისკები და მათი დაზღვევის პრაქტიკა მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს. რაც შეეხება სამთომომპოვებელ მრეწველობას, ამ სექტორში წლების წინ უკვე განხორციელდა ინვესტიციები, მაგალითად, ოქროს რუსული კომანიები მოიპოვებენ, ფეროშენადნობი კი უკრაინელების ხელშია, შესაბამისად ხელმეორედ ინვესტირება ამ სფეროში ვერ მოხერხდება, რადგან ერთ საბადოზე ორი კომპანია ვერ იმუშავებს, პრობლემას კი ის წარმოადგენს, რომ აქ დასაქმებული კომპანიები თავის საქმიანობას ბარბაროსული მეთოდებით ახორციელებენ და არანაირ ნოუჰაუს ან ტექნოლოგიურ განვითარებას ადგილი არ აქვს. სახელმწიფო პოლიტიკა კი ამ კუთხით საკმაოდ ლიბერალურია.“

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკომისიის დაკვეთით სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით განსაკუთრებით დიდი პოტენციალი სწორედ სოფლის მეურნეობისა და სამთომომპოვებელი მრეწველობის განვითარების კუთხით აქვს, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით გაუმჯობესება არ შეინიშნება.

ლაშა კელიხაშვილი