რით ჰგავს საქართველო სომხეთს, აზერბაიჯანსა და მონტენეგროს?

საარსებო მინიმუმი იზრდება, ”მაგიური” პროპორცია 70/30 კი - უცვლელი რჩება

საარსებო მინიმუმი მუდმივი ინტერესის ობიექტია ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის, ხელისუფლებისა და მედიისთვის. ამ მაჩვენებლისადმი დამოკიდებულება ხშირად განსაზღვარავს ხალხის სიმპათია-ანტიპათიას ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ. ალბათ ამიტომ, ხელისუფლებაში მოსვლამდე თითქმის ყველა მთავრობა იძლევა დაპირებას, რომ საარსებო მინიმუმს გაზრდის. გამონაკლისი ამ მხრივ არც ”ქართული ოცნება” ყოფილა.

ბოლო თვეებში საქართველოში ამ მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია მართლაც შეინიშნება - ის უკვე მეორე თვეა მატულობს: "საქსტატის” მონაცემებით, 2014 წლის სექტემბერში საარსებო მინიმუმი 155,8 ლარი გახდა, რაც 5,2 ლარით მეტია აგვისტოსთან შედარებით და 8,1 ლარით მეტი - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შეგახსენებთ, რომ ამა წლის ივლისში საარსებო მინიმუმი უფრო მცირე - 144,7 ლარი იყო. მიუხედავად ამისა, საზოგადოება კვლავ მოითხოვს, რომ სააარსებო მინიმუმის მაჩვენებელი რეალობას უფრო ზუსტად უნდა ასახავდეს.

ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძის აზრით, უკვე მოვიდა დრო, რომ საარსებო მინიმუმის ანგარიშისას სურსათის წილი შევამციროთ, რაც ნიშნავს, რომ არასასურსათო საქონლის შესაძენად განკუთვნილი თანხის რაოდენობა გაიზრდება.

სოსო არჩვაძე: ”საარსებო მინიმუმს ყველა ქვეყანაში განსხვავებულად ანგარიშობენ. მაგალითად: მოწინავე ქვეყნებში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობას ითვლიან. არსებობს სხვა კრიტერიუმებიც - მაგალითად, მსოფლიო ბანკი იყენებს ისეთ კრიტერიუმს, როგორიცაა საშუალო სულადობრივი შემოსავალი დღე-ღამეში 2 დოლარის ოდენობით, ანუ ადამიანი, რომელსაც თვეში 60 დოლარის შემოსავალი აქვს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფად არ უნდა ჩაითვალოს. არსებობს კიდევ ერთი მეთოდი - როდესაც საარსებო მინიმუმს მოსახლეობის თვითშეფასების მიხედვით განსაზღვრავენ: გააჩნია, რომელ ფენას მიაკუთვნებს ადამიანი თავის თავს - ღარიბს, მდიდარ, თუ საშუალო ფენას. საქართველოში კი, ე.წ. ნორმატიულ სტატისტიკურ მეთოდს იყენებენ: აქ აღებულია პროპორცია 70:30-ზე ანუ 70 პროცენტი მოდის სურსათზე, ხოლო დანარჩენ მომსახურებაზე – 30 პროცენტი, რაც არასწორია. მე ვფიქრობ, რომ ეს ”მაგიური” რიცხვები უნდა შეიცვალოს”.

სოსო არჩვაძის თქმით, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, რაც ჩვენთან, თუმცა სოციალური უთანაბრობა ჩვენთან გაცილებით მწვავედ იგრძნობა: ”ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვედით და მეზობელ ქვეყნებს თუ გადავხედავთ, დაახლოებით ერთნაირი მდგომარეობა გვაქვს, თუმცა სოციალური დიფერენციაცია ჩვენთან გაცილებით მაღალია, ვიდრე ამ ქვეყნებში, შესაბამისად, სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში უფრო ”შთამბეჭდავად” გამოიყურება. ოფიციალური სტატისტიკით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების რაოდენობა საქართველოში სადღაც 10 პროცენტამდეა, თუმცა რეალურად, სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახების 40-45 პროცენტი იმყოფება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საკმაოდ რთული მდგომარეობაა ტაჯიკეთში, სადაც ღარიბი ოჯახების რაოდენობა 47%, ყირგიზეთში - 35, უკეთესად აქვს საქმე ბალტიისპირეთს, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობა 6 %-ია, ყაზახეთში - 8, ხოლო რუსეთის ფედერაციაში - 11 %. ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა აქვს აზერბაიჯანს. რაც შეეხება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს, მათ ვერც კი შევედრებით - ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, შვეიცარიაში, ღარიბად მიიჩნევენ ადამიანს, რომელსაც თვეში 2800 ფრანკზე ნაკლები შემოსავალი აქვს, რაც შეეხება ამერიკას, იქ ეს ზღვარი თვეში ათას დოლარამდეა”.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი - ქეთევან კრიალაშვილი

მიიჩნევს, რომ მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობა და შეფარდება - 70/30 შესაცვლელია: ”საქსტატი" საარსებო მინიმუმს სასურსათო და არასასურსათო კალათების 70/30 პროპორციის მიხედვით ადგენს, სასურსათო კალათის ფულად ღირებულებას კი - 40 დასახელების პროდუქტის ჯგუფის მიხედვით ანგარიშობს. ამ პროდუქტების დღიური კვებითი ღირებულება ერთ შრომისუნარიან მამაკაცზე 2 300 კილოკალორიაა. რა ხდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში? - სომხეთში მინიმალურ სასურსათო კალათაში შედის: საკონდიტრო ნაწარმი, ხორცი, თევზი, რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, ზეთი, შაქარი, ბოსტნეული, ხილი, უალკოჰოლო სასმელი და სხვა საკვები პროდუქტები, რომელთა დღიური ენერგეტიკული ღირებულება 2 232 კკალორიას შეადგენს, ხოლო მინიმალური სასურსათო და მინიმალური არასასურსათო კალათების პროპორცია იქაც 70/30-ია. ამავე პროპორციით ანუ 70/30-ით განისაზღვრება საქართველოს კიდევ ერთი მეზობლის- აზერბაიჯანის მინიმალური სამომხმარებლო კალათა, სადაც საკვები პროდუქტების დღიური მოხმარების ენერგეტიკული ღირებულება 2 200 კკალორიაა. საარსებო მინიმუმი კი - 264,2 ლარი, რუსეთში საარსებო მინიმუმი 346,3 ლარი იყო ჯერ კიდევ 2012 წელს, მეზობელ უკრაინაში 1176,00 გრივნა ანუ დაახლოებით 158 ლარი - 2013 წლის მონაცემებით. სხვათა შორის, მსგავსი მდგომარეობაა მონტენეგროში ანუ ჩერნოგორიაში, სადაც მინიმალური დღიური ენერგეტიკული ღირებულება 2 211 კკალორიას შეადგენს, ხოლო მინიმალური სასურსათო კალათის წილი სამომხმარებლო კალათაში 31,1%-ია.

ქეთი კრიალაშვილის აზრით, საინტერესო პრაქტიკის მქონეა ყაზახეთი, სადაც მინიმალური სასურსათო და არასასურსათო კალათების პროპორციები 70/30-ზე შეადგენდა 2006 წლამდე, ხოლო 2006 წლის შემდეგ ყაზახებმა საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეცვალეს და სასურსათო და არასასურსათო კალათების წილი მინიმალურ სამომხმარებლო კალათაში 60/40-ზე შეადგენს. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ სასურსათო კალათის შემადგენლობასთან ერთად განიხილავენ ფსევდო-არასასურსათო კალათას, რომელიც აერთიანებს: ტანსაცმელს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, საბინაო ხარჯებს (მათ შორის კომუნალურსაც), განათლების, ჯანდაცვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს. ამ მეთოდოლოგიას იყენებენ აშშ-სა და კანადაში, სადაც საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას ფსევდო-არასასურსათო კალათის ღირებულებას ყოველთვის ითვალისწინებენ.

ხათუნა ჩიგოგიძე