თუში მეცხვარეები მუშტარს ამაოდ ელიან

თუში მეცხვარეები დახმარებას ითხოვენ.

მათი თქმით, ბოლო დროს ცხვარს ვერ ყიდიან და ათას სულზე მეტი გასაყიდი ჰყავთ. ამბობენ, რომ თუ უწინ არაბები მათგან თოხლს 100-120 დოლარად ყიდულობდნენ, ახლა მუშტარი საერთოდ არ ჩანს.

გელა ფილიძე, მეცხვარე: ”ალვანელი თუშები ცუდ დღეში ვართ. ათეულობით მწყემსი მყიდველს ამაოდ ელოდება. ლამის ერთი თვეა მყიდველი არ გამოჩენილა. ადრე არაბები ჩამოივლიდნენ და ძალიან კარგ ფასში მიჰყავდათ ცხვარი და ეს ჩვენთვისაც შეღავათი იყო, რადგან კლიენტის ძებნა არ გვიწევდა. რამდენიმე ხანია, სოფელ თელეთთან ახლოს ტერმინალი გაიხსნა, სადაც ჩვენგან ნაყიდ ცხვრებს კლავენ. ადრე, ყოველ შემოდგომაზე, თავად არაბები ჩამოივლიდნენ და 100-120 დოლარად მიჰყავდათ. შემდეგ ამ ბიზნესში ადგილობრივი აზერბაიჯანლები ჩაერთვნენ, - ისინი ჩვენგან ბატკანს გაცილებით დაბალ ფასში 100 ლარად ყიდულობდნენ და არაბებს ისევ ძველ ფასში- 100-120 დოლარად ჰყიდიდნენ. აზეირბაიჯანელებმა ბიზნესი აიწყვეს, ოღონდ ჩვენს ხარჯზე. არაბებსაც ხელს აძლევთ ასეთი ვაჭრობა - ისევ ძველ ფასში ყიდულობენ ცხვარს და ტრანსპორტის ხარჯიც არ აქვთ. აზერბაიჯანელები ჩვენამდე არ უშვებენ არაბებს, რათა თავად იხეირონ, ჩვენ კი წაგებაში ვართ”.

- ალტერნატიული მყიდველის პოვნა არ გიცდიათ?

-ჯერ აზერბაიჯანელებმა დაიკავეს ეს ნიშნა, როგორც გითხარით, ახლა კი მუშტარი საერთოდ არ ჩანს. ვერ გავარკვიეთ, რატომ. მისაღებ ფასზე ლაპარაკი არც არის უკვე. ათასობით ბატკანი გვყავს გასაყიდი. ბოლოს, ალბათ, თვენახევრის წინ, საუკეთესო, ნარჩევი ბატკანი 150 ლარად გაიყიდა, ადგილობრივმა აზერბაიჯანელებმა წაიყვანეს. ეს იყო და ეს. მას შემდეგ არავინ გამოჩენილა. მწყემსები ერთმანეთს ვუკავშირდებით და ვეკითხებით, მუშტარი ხომ არ გამოჩენილა, მაგრამ უშედეგოდ. რა ვუყოთ ამდენ ცხვარს, არ ვიცით.

ბექა გონაშვილი, მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე: ”ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ქართული ცხვარი 12 ბაზარზე გადიოდა, ახლა თითქმის ყველა დავკარგეთ. სომხური ცხვარი შემოდიოდა საქართველოში და აქედან, როგორც ქართული ცხვარი ისე გადიოდა ჩვენ მიერ ათვისებულ ბაზრებზე და თან ბევრად უფრო იაფად. თავის დროზე, ჩვენი მრავალი მცდელობის მიუხედავად, ამ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. დროთა განმავლობაში, დაგვრჩა ერთადერთი - აზერბაიჯანის ბაზარი”.

ლალი პაპასკირი