სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგი დაიწყო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგის განხორციელება დაიწყო.

მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს, განისაზღვროს კოოპერატივების საქმიანობა რამდენად შეესაბამება "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონს" და საინფორმაციო ბაზის შექმნა მათ მიერ წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით. "ეს შემდგომში სააგენტოს დაეხმარება, სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები და ეფექტურად დაგეგმოს პროგრამები", - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე განმარტებით, მონიტორინგი ასევე მოიცავს კოოპერატივის წევრებისთვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა მონიტორინგი უკვე განახორციელა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში (სულ 27 კოოპერატივი).

28 ოქტომბრის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 281 სუბიექტს მიენიჭა. მათ შორის: კახეთი-25; ქვემო ქართლი-46; მცხეთა მთიანეთი-11; შიდა ქართლი-32; სამეგრელო -ზემო სვანეთი-23; გურია-31; აჭარა-30; სამცხე-ჯავახეთი-29; იმერეთი-31; რაჭა-ლეჩხუმი-11; თბილის-12.

შედეგად მეპაიეთა (წევრთა) რაოდენობამ 2105 შეადგინა, კოოპერატივებში მობილიზებული კაპიტალის მოცულობა კი 5 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა.