”ქვეყნის ბიუჯეტი ვალებით იზრდება”

გაიმეორებს თუ არა 2014 წლის ბიუჯეტი გასული წლის ბიუჯეტის პარადოქსებს?

”სულ ცოტა ხანში საბიუჯეტო ცხოვრების ათი თვე იწურება. ძალაუნებურად ჩნდება კითხვები - შეძლებს კი მთავრობა დარჩენილ ორ თვეში ხარჯებში წარმოქმნილი ჩამორჩენის აღმოფხვრას? იქნებ მართლა ჯობია, ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში ჩავარდეს და ერთბაშად დიდი ოდენობის ფულის მასის მიწოდება თავიდან ავიცილოთ? მგონი, შარშანდელი გამოცდილება ყველას კარგად გვახსოვს, როცა ლარმა გაუფასურება დაიწყო და საკმაოდ გვანერვიულა...” - ამ საკითხებზე  bpn.ge-ს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე - რომან გოცირიძე ესაუბრა.

- მთავრობა აცხადებს, რომ ბოლო ორ წელიწადში ბიუჯეტი იზრდება. რით არის ეს განპირობებული და რამდენად სტაბილურია ზრდის წყარო?

-ბიუჯეტის ხარჯები მართლაც გაიზარდა, მაგრამ ეს მოხერხდა ძირითადად საგარეო და საშინაო ვალის ზრდის ხარჯზე. ბიუჯეტის ხარისხს და მზარდი სოციალური ვალდებულებების შესრულების გარანტს საგადასახადო შემოსავლები წარმოადგენს. ჯერჯერობით ამ მხრივ არსებითი ხასიათის ზრდა არ შეიმჩნევა: 2012 წელს საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 6,671 მილიონი ლარი, 2013 წელს - 6,659 მილიონი ლარი, ანუ 12 მილიონი ლარით ნაკლები, ხოლო მიმდინარე წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით, მობილიზებულია 5,503 მილიონი ლარი. შემოსავლების სხვა წყაროები, როგორიცაა პრივატიზაცია, დივიდენდები, ჯარიმები, სახელმწიფო მომსახურებიდან მიღებული თანხები და სხვა, არ არის სტაბილური და არც მისი მოცულობაა დიდი. რაც შეეხება სესხებს, მათ ზრდასაც აქვს ზღვარი, თანაც, მათი მომსახურება საკმაოდ ძვირი ჯდება. განსაკუთრებით საყურადღებოა შიდა ვალის ზრდა ბოლო ორი წლისა და მომავალი, 2015 წლის განმავლობაში.

- წლევანდელ ანუ 2014 წლის ბიუჯეტზე რას იტყვით?

-2014 წლის ბიუჯეტი აგრძელებს გასული წლის ბიუჯეტის პარადოქსულ ტრადიციებს: ფული არის და ვერ იხარჯება, ხარჯვა მიმდინარეობს არარიტმულად და არათანაბარზომიერად, ძირითადი დატვირთვა მოდის ბოლო, მეოთხე კვარტალზე, რაც თავის მხრივ იწვევს ფულის მასის ზრდას, ძლიერ ზეწოლას ლარზე და ქმნის მისი დევალვაციის საფრთხეს. რაც შეეხება 9 თვის გეგმას, რომლის სტატისტიკა უკვე არის: 2014 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის 101% შეადგინა. მისი ოდენობა 6,504 მილიონი ლარი იყო. ამით აღმოიფხვრა ის გარღვევა, რომელიც შემოსავლების მობილიზების კუთხით არსებობდა მთელი რვა თვის განმავლობაში. ჩამორჩენა ძირითადად განპირობებული იყო უცხოური გრანტებისა და კრედიტების დაგვიანებით, რაც მთავრობის მიერ დაგეგმილი პროგრამების შეუსრულებლობით იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, წინა თვეებში წარმოქმნილმა დისბალანსმა ბიუჯეტის შესრულებას დაღი დაამჩნია. კერძოდ, კვლავ მძიმე მდგომარეობაა თანხების დროულად ათვისებისა და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების მხრივ. ეს კი, მრავალი მნიშვნელოვანი პროგრამის ჩავარდნას ნიშნავს. 2014 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა შეადგინა 6,183 მილიონი ლარი, რაც 9 თვის გეგმიური მაჩვენებელის (6,748 მილიონი ლარი) მხოლოდ 91.6%-ია. დანაკლისი - 565 მილიონი ლარია. ასიგნებების ათვისება ვერ ხერხდება სახელმწიფო და მუნიციპალური დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განუხორციელებლობის გამო. ბიუჯეტში ნაშთის სახით არსებული თანხა თითქმის უტოლდება მთავრობის მიერ 2014 წლის სექტემბრამდე აღებულ საშინაო ვალს. აქაც პარადოქსული ვითარება იკვეთება: მიმდინარეობს ვალის წინმსწრებად აღება საკმაოდ მაღალი პროცენტით და შემდეგ მისი გაყინვა ხაზინის ანგარიშებზე. 2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლები დაგეგმილი იყო 9,105 მილიარდი ლარის ოდენობით, აქედან 1,636 მილიარდი ანუ მთელი შემოსავლების 18 პროცენტი არის სესხი. 600 მილიონ ლარს იღებენ ვალად სახაზინო ვალდებულებების განთავსების გზით ქართული კომერციული ბანკებიდან, ერთ მილიარდ ლარზე მეტს კი- უცხოეთიდან- საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად და სხვა საჭიროებებისათვის. ცალკე თემაა ბიუჯეტის შიდა ვალის აღების გზით დაფინანსების საკითხი. მისი ოდენობა წლითიწლობით იზრდება. სახაზინო ვალდებულებების ემისიით აღებული სესხები მიმდინარე წლის ბოლოსათვის 1,3 მილიარდი ლარს გადააჭარბებს. ეს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების დაახლოებით 11 პროცენტია. დამაფიქრებელია ის ფაქტიც, რომ მომავალი, 2015 წლის ბიუჯეტში შიდა ვალის ზრდა გათვალისწინებულია 400 მილიონი ლარის ოდენობით. კიდევ ერთი პარადოქსი: მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოხერხდა თანხების დროული ათვისება, ფინანსთა სამინისტრომ 9 თვეში 14 მილიონი ლარით მეტი ფასიანი ქაღალდები გაყიდა და გეგმას 2 პროცენტით გადააჭარბა (ნაცვლად 490 მილიონი ლარისა, ისესხა 504 მილიონი ლარი). 2014 წელს მთავრობა აპირებს 910 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების ემისიას. აქედან 310 მილიონი ლარით მოხდება ძველი ვალდებულებების გასტუმრება, ხოლო 600 მილიონი ლარით შიდა ვალის მოცულობა გაიზრდება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2015 წლისათვის მხოლოდ საპროცენტო ხარჯები დაგეგმილია 68 მილიონი ლარის ოდენობით. სახაზინო ვალდებულებებით ფინანსთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 1998 წელს დაიწყო ბიუჯეტის დეფიციტის შევსება, რასაც თან ახლდა კორუფციული სკანდალები, რაც ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიერ ამ პროცესის საკუთარი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებაში გამოიხატა. ამ ინსტრუმენტებით ვაჭრობა 2006 წელს შეწყდა და მხოლოდ 2009 წლის აგვისტოში აღდგა. თავდაპირველად მისი განთავსება ფრთხილად და ზომიერ ფარგლებში წარმოებდა, მაგრამ ბოლო დროს ექსპანსიური ხასიათი შეიძინა.

-ალბათ შიდა ვალის ზრდის დინამიკაც საკმაოდ საინტერესოა...

-სახაზინო ვალდებულებების ემისიის მეშვეობით შიდა ვალის ზრდის დინამიკა ბოლო წლებში ასე გამოიხატება: 2009 წელს იყო 270 მლნ. ლარი ანუ მშპ-ის 1,5 პროცენტი, 2010 წელს - 456 მლნ. ლარი ანუ მშპ-ის 2.2 პროცენტი, 2011 წელს - 543 მლნ.ლარი- მშპ-ის 2 პროცენტი, 2012 წელს - 587 მლნ. ლარი ანუ მშპ-ის 2,25 პროცენტი, 2013 წელს - 737 მილიონი ლარი, ანუ მშპ-ის 2,8 პროცენტი, 2014 წლის ბოლოსათვის იქნება 1 337 მლნ. ლარი, ანუ მშპ-ის 4,55 პროცენტი, ხოლო 2015 წელს - 1 737 მლნ. ლარი, რაც საპროგნოზო მშპ-ის 5,46 პროცენტია. როგორც ვხედავთ, საშინაო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაშიც სწრაფად იზრდება.

- ბუნებრივია, მსგავსი პროცესები უარყოფითად აისახება ეროვნულ ვალუტაზე და ჩვენს საფინანსო სექტორზეც.

- დიახ, ლარის დევალვაციამ და მისმა გამომწვევმა მიზეზებმა დაღი დაამჩნია მთელი 2014 წლის საფინანსო ცხოვრებას. მისი გამოძახილი იყო ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ძალიან მყიფე წონასწორობა იყო სავალუტო ბაზარზე. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ეროვნული ბანკი უცხოური რეზერვების გაზრდას მრავალი თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა. ზოგადად, ბოლო წლებში ლარის მკვეთრი გამყარების ტენდენცია შეიმჩნეოდა უცხოური ვალუტის დიდი ოდენობით მიწოდების გამო. შარშან, მას შემდეგ, რაც ლარის დევალვაცია დაიწყო, მისი მკვეთრი დაცემის თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს მხოლოდ დეკემბერ-იანვარში 470 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუხდა. თუ ეროვნული ბანკის რეზერვები 2013 წლის ზაფხულში იყო 3,1 მილიარდი დოლარის ოდენობით, მისი მოცულობა 2014 წლის ანალოგიური პერიოდისათვის 2,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ნოემბერ-დეკემბერში ბიუჯეტიდან ხარჯების დიდი რაოდენობით გაწევამ და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში 632 მილიონი ლარის დანაკლისით შესრულებამ, რომელიც წინა პერიოდში დაგროვილი ნაშთებიდან გადაიფარა, გამოიწვია ფულის მასის სწრაფი ზრდა და მისი სტერილიზაციის აუცილებლობა ეროვნული ბანკის მხრიდან. ცნობილი ფაქტია, რომ მთავრობამ წინა წლის ბიუჯეტი დაგროვილი ნაშთებით დააბალანსა, მიმდინარე წელს კი, ამას შიდა ვალის მკვეთრი ზრდის ხარჯზე ახერხებს. მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში ხარჯების ფრთხილად გაწევა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ შემოსავლების საკმაოდ დიდი ნაწილი - 1,2 მილიარდი ლარი უცხოური ვალუტით არის მოზიდული, საგარეო კრედიტებისა და გრანტების სახით, მათი ეროვნულ ვალუტაში კონვერტაცია და მიმოქცევაში ერთბაშად გაშვება ფულის მასის ზრდას გამოიწვევს, რაც თავისთავად წარმოშობს ინფლაციისა და ლარის დევალვაციის რისკს. ამ ყველაფრის გათვალისწინება ნამდვილად ღირს.

ხათუნა ჩიგოგიძე